LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სირთულის ოპერაციებს ჩაატარებს თავის, ზურგის ტვინსა და ხერხემალზე, გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული ნეიროქირურგი დავით შალამბერიძე

5072
დავით-შალამბერიძე

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორი, კლინიკის ღია გული – საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ნეიროქირურგიდავით შალამბერიძე სტუმრობდა, რომელმაც ნეიროქირურგიაზე, ამ მიმართულებით გავრცელებულ პათოლოგიებზე, მათი მკურნალობის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე, ექიმთან დროული ვიზიტის აუცილებლობაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ბატონო დავით, რა არის თქვენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი და როგორ დაიწყო თქვენი და კლინიკის ღია გული – საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თანამშრომლობა?

უკვე ორი კვირაა, რაც საქართველოს დავუბრუნდი. 2007 წლის დეკემბრიდან ვიყავი გერმანიაში და იქ ვეწეოდი ნეიროქირურგიულ საქმიანობას. ჩემი დაბრუნების მიზანი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ნეიროქირურგიული დაავადებების სამკურნალოდ, საზღვარგარეთ წასვლა აღარ დასჭირდეს და აქვე შეძლოს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. ასევე, სურვილი მაქვს, ჩამოყალიბდეს ნეიროქირურგიული სკოლა, რომ ახალგაზრდა, ინსტიტუტ დამთავრებულ ექიმებს, რომელთაც ნეიროქირურგობა სურთ, მიეცეთ საშუალება, სრულყოფილად მიიღონ ნეიროქირურგიული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა და საჭირო უნარ-ჩვევები. ძალიან მომწონს და მახარებს ჩვენი მომავალი თაობა და ჩემი ერთ-ერთი დიდი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ცოდნა გადავცე ახალგაზრდებს.

რაც შეეხება „ღია გულს“, ჩემი ჩამოსვლის მთავარი წინაპირობა იყო ის, რომ შესაბამისი აპარატურული თუ სხვა სტრუქტურული ერთეულებით გამართულიყო საავადმყოფო. მოგეხსენებათ, ნეიროქირურგია ძალიან ძვირადღირებული დარგია და მხოლოდ სკალპელით და პინცეტით ვერაფერს გავხდებით. კარგი შედეგი და თანამედროვე მედიცინა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი ცდილობს, რომ გაექცეს. ამ კლინიკამ კი ძალიან დიდი ფინანსური ხარჯი გასწია იმისთვის, რომ თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დონეზე გაემართა ნეიროქირურგიული კლინიკა, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ. დღესდღეობით, ეს კლინიკა ნამდვილად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ძირითადად რა ტიპის ოპერაციებით იქნებით დატვირთული?

მოგეხსენებათ, ნეიროქირურგია საკმაოდ მრავალფეროვანი დარგია. ნეიროქირურგია მოიცავს როგორც თავის ტვინს, ასევე ზურგის ტვინს, პერიფერიულ ნერვებს, ხერხემალს და მათთან დაკავშირებულ პათოლოგიებს. ეს შეიძლება იყოს დეგენერაციული დაავადება, სიმსივნური, ონკოლოგიური პათოლოგიები, ტრავმული პათოლოგიები, სისხლძარღვებიდან გამოწვეული შეძენილი ან თანდაყოლილი ანომალიები. ნეიროქირურგია მოიცავს ისეთ სფეროებსაც, როგორიცაა ტკივილის თერაპია, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა არ დასჭირდეს. „ღია გულში“ ყველა ამ პათოლოგიის მკურნალობაა შესაძლებელი.

გვესაუბრეთ ტკივილის თერაპიაზე, რას გულისხმობს აღნიშნული ტერმინი?

როდესაც ტკივილის თერაპიაზე ვსაუბრობთ, საუბარი ყოველთვის ქრონიკულ ტკივილებზე გვაქვს და არა მწვავე ტკივილებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ, ნეიროქირურგები მწვავე ტკივილებსაც ვშველით, მაგრამ ეს არ შედის ე.წ ტკივილის თერაპიაში.

როდესაც ქრონიკულ ტკივილთან გვაქვს საქმე, ეს შეიძლება იყოს ქრონიკული წელის ან ფეხის ტკივილი, ე.წ. ნეიროპათიული ტკივილი და ამის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალჯერადი, უშედეგო ოპერაცია ხერხემალზე ან დიაბეტური ნეიროპათიები, როცა სისხლძარღვოვანი დაზიანებების და მიკროცირკულაციის მოშლის გამო, პაციენტებს ქრონიკული ნეიროპათია აქვთ. უნდა ითქვას ისიც, რომ ტკივილის თერაპიაში ინტერვენცია, ქირურგიული ჩარევა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიაზრება, როდესაც კონსერვატიული, ე.წ. მედიკამენტური თერაპია და სხვა სახის მეთოდები უშედეგოა. იმის თქმა მინდა, რომ თუ პაციენტს ქრონიკული ტკივილები აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ოპერაციით უნდა მოვაგვაროთ პრობლემა. მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება ოპერაციის საჭიროება, თუ მედიკამენტური და სხვა კონსერვატიული თერაპიები ვერ იღებენ შედეგს. ნეიროქირურგიული თერაპია მხოლოდ ერთი ნაწილია ტკივილის თერაპიაში.

ზოგადად, ტკივილის თერაპია უფრო მრავალფეროვანია და გარდა ნეირო დაავადებებისა, სხვადასხვა, როგორც მუცლის ღრუს, ასევე ლიმფური ჯირკვლების და ა.შ. მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული ქრონიკული ტკივილი.

დღესდღეობით, საქართველოში ტკივილის თერაპია არც თუ ისე კარგად არის განვითარებული, ამიტომ ჩემს ძველ, გერმანელ კოლეგებთან, ნეირორადიოლოგებთან და ტკივილის ინტერვენციონალისტებთან მაქვს მოლაპარაკება, რომ პერიოდულად ჩამოვიდნენ და ისეთ პაციენტებს დაეხმარონ, რომელთაც შეიძლება არა ნეიროქირურგიული კუთხით, არამედ სულ სხვა კუთხით სჭირდებოდეთ დახმარება.

როდესაც საქმე თავის ტვინის პრობლემებს, სიმსივნეებს და ა.შ. ეხება, რა არის ის გზა, რასაც პაციენტი თქვენთან მოსვლამდე გადის? მოგვიყევით, რა სირთულის ოპერაციების ჩატარებას გეგმავთ საქართველოში ამ მიმართულებით?

პირდაპირ გეტყვით, რომ ყველანაირი სირთულის ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, მთლიანად შეგვიძლია დავფაროთ ნეიროქირურგიული მხარე.

რაც შეეხება პირველ შეკითხვას, ძირითადად, ნეიროქირურგიაში პაციენტი პირდაპირ არ მოდის ჩვენთან, თუ ეს მწვავე შემთხვევა არ არის. უფრო მეტად ემერჯენსიდან ამისამართებენ ხოლმე პაციენტს. ასევე, ხშირად პოლიკლინიკის ექიმთან, ნევროლოგთან ვიზიტის და გარკვეული აპარატურული გამოკვლევების შედეგად, ადგენენ ნეიროქირურგიულ პათოლოგიას და როდესაც ამ პრობლემას მედიკამენტური მკურნალობით ვერ შველიან, შემდეგ ნეიროქირურგთან ამისამართებენ ხოლმე. ზოგჯერ, სხვა მიზეზით გაკეთებულ გამოკვლევაში შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე ნეიროქირურგიული დარღვევა, რომელსაც რადიოლოგი ამჩნევს და დასკვნაში წერს, რომ პაციენტს ნეიროქირურგის კონსულტაცია ესაჭიროება.

ძირითადად ხერხემლის რა პათოლოგიებია გავრცელებული და რა დროს არის აუცილებელი ნეიროქირურგის ჩართვა?

დეგენერაციული დაავადებები, რომლის ერთ-ერთი სახეც არის ხერხემლის არხის სტენოზი, ანუ ხერხემლის არხის შევიწროება და ხერხემლის დისკის თიაქარი, არის ყველაზე ხშირი ხერხემლის დაავადება, თუმცა ხერხემალში არის ასევე ზურგის ტვინი, ნერვები და სისხლძარღვები და შეიძლება გვქონდეს სისხლძარღვოვანი პრობლემა ან ონკოლოგიური პრობლემა, რაც ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები.

ზოგადად, ტკივილი პირველი სიგნალი არის ხოლმე. ტკივილით ორგანიზმი ცდილობს გვამცნოს, რომ რაღაც წესრიგში არ არის. ტკივილით ყველაზე აქტიურად იპყრობს ხოლმე ორგანიზმი ჩვენს ყურადღებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომებია დაბუჟება და სისუსტე კიდურებში. ყველა სახის დაბუჟება ან შეგრძნების გაუკუღმართება იმის პირდაპირი ნიშანი არ არის, რომ ნეიროქირურგთან უნდა გავიქცეთ, საუბარია მხოლოდ იმ სიმპტომებზე, რომლებიც მოდის და თავისით არ გადის რამდენიმე წუთში ან ყველაზე გვიან, რამდენიმე საათში და მეორე დღეს პირიქით იმატებს ან იგივე დონეზე რჩება. ამ შემთხვევაში, სასწრაფოდ საჭიროა ექიმთან, ნეიროქირურგთან მისვლა, რადგან როდესაც დაბუჟების შეგრძნება გვაქვს, როდესაც შეგრძნება დაქვეითებული გვაქვს სხეულის ამა თუ იმ ნაწილში ან უფრო მეტიც, განვითარებული გვაქვს სისუსტე ან ტერფში ან მთლიან ფეხში ან კიდურის რომელიმე ნაწილში, ამ დროს უკვე ნერვის დაზიანებასთან, დაზიანების დასაწყისთან გვაქვს საქმე და ამ დროს, ყოველთვის უკეთესია დასაწყისშივე შველა. რაც უფრო მალე კეთდება ოპერაცია, მით უფრო კარგია შედეგი იმ მხრივ, რომ მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ეს ყველა სიმპტომი გაქრეს.

რაც შეეხება ტკივილს, მხოლოდ გაუსაძლისი და მედიკამენტურ თერაპიაზე დაუმორჩილებელი ტკივილები ან ხანგრძლივი პერიოდის ტკივილები, რომლებიც ადამიანს ნორმალური ცხოვრების საშუალებას აღარ აძლევს, არის ხოლმე ოპერაციის ჩვენება.

მართალია თუ არა, რომ ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ, ადამიანს 90%-ში პრაქტიკულად უქრება ყველა ის სიმპტომი, რომელიც მას აწუხებდა?

მართალია, ოღონდ უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის სწორი ჩვენება, სწორი ოპერაციის დაგეგმვა და პაციენტის როგორც ოპერაციამდელი, ასევე ოპერაციის შემდგომი მკურნალობა.

რას გულისხმობს პერიფერიული ნერვები, რა ტიპის პრობლემაა ის?

ძირითადად, როდესაც პერიფერიულ ნერვებზე ვსაუბრობთ, გვაქვს 2 სახის პრობლემა, ეს არის ონკოლოგიური პრობლემა, პერიფერიული ნერვის სიმსივნეები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანია და მეორე ეს არის – ე.წ. არხის სინდრომები. არხის სინდრომი გულისხმობს იმ ანატომიურ, ძვლოვან სტრუქტურებს, სადაც ნორმაში ნერვი მდებარეობს და როდესაც ხდება ამ ძვლოვანი სტრუქტურის შევიწროება, ხდება ნერვის გაღიზიანება, რა დროსაც პაციენტებს შეიძლება, ჰქონდეთ დაბუჟება ხელის ან ფეხის არეში. რაც შეეხება ხელს, არის ხოლმე ე.წ. კარპალური არხის სინდრომი და ულნარული ნერვის არხის სინდრომი, ხოლო რაც შეეხება ფეხს, აქ არის ხოლმე ტარსალური არხის სინდრომი. ამ შემთხვევაში, კეთდება ამბულატორიული, ძალიან პატარა ოპერაციები, ნერვს მიეცემა უფრო მეტი სივრცე, ხდება ამ არხის გაფართოება და პაციენტს ჩივილები უქრება, ოღონდ ეს არ არის ხოლმე წამიერი შედეგი, ამას კვირები და ზოგჯერ თვეებიც კი სჭირდება.

რატომღაც, ხალხი დაბუჟებას დიდ ყურადღებას არ აქცევს ხოლმე, არადა ეს საყურადღებოა. ძალიან ხშირად ისეთ მდგომარეობამდე მიდიან, რომ კუნთების ატროფია ხდება და ძალიან გამოხატულია სისუსტეები. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აღდგენითი პროცესიც ხანგრძლივია, შედეგიც ნაკლებად სასიხარულოა. ამ ადამიანებს ძალიან ხშირად ღამით აწუხებთ ხოლმე ტკივილები, ეღვიძებათ, რადგან ტკივილისმაგვარი დაბუჟების შეგრძნებები აქვთ. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართონ ნევროლოგს, რომელმაც შეიძლება, რომ აპარატურული გამოკვლევით ცალსახად დაადასტუროს აღნიშნული დიაგნოზი. მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული და თუ ეს არ იმოქმედებს, მაშინ ნეიროქირურგიული.

როგორია მიდგომა ზურგის ტვინის პათოლოგიებთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით რა პათოლოგიებია ხშირი და რას გულისხმობს ნეირონავიგაციით ჩატარებული ოპერაციები?

ნეირონავიგაცია თანამედროვე ნეიროქირურგიის განუყოფელი ნაწილია. ფაქტობრივად, არცერთი თავის ტვინზე არსებული ოპერაცია არ შეიძლება ჩატარდეს ნავიგაციის გარეშე. ნავიგაცია არის ზუსტად ის, რასაც ნავიგაციას ვუწოდებთ ავტომანქანაში, ის გვიჩვენებს გზას კონკრეტულ დანიშნულებამდე. შესაბამისად, იმავეს აკეთებს ჩვენი ნეირონავიგაციაც. თავისტვინში ოპერაციის დროს, ის კონკრეტულად მიგვითითებს, თუ რა ყველაზე კარგი, იდეალური მარშრუტი უნდა ავიღოთ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. ნეირონავიგაცია გვაძლევს იმ სიზუსტეს, რომელიც ნეიროქირურგიაში ძალიან აუცილებელია.

რაც შეეხება ზურგის ტვინს, ზურგის ტვინის პათოლოგიები ძირითადად ონკოლოგიური ან სისხლძარღვოვანი ხასიათისაა. ზოგადად, ზურგის ტვინი, ალბათ, ნერვული სისტემის ყველაზე ფაქიზი ორგანოა და ამავდროულად ყველაზე მცირე ზომისაც. შესაბამისად, ზურგის ტვინთან ურთიერთობისას არის საჭირო ნეიროქირურგის ფილიგრანული უნარ-ჩვევები, რადგან ზურგის ტვინი არაფერს გპატიობს. დროულად ნამკურნალევი ზურგის ტვინის პათოლოგია, ნამდვილად ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს. დღესდღეობით, „ღია გულში“ ზურგის ტვინზეც ყველანაირი პათოლოგიის მკურნალობაა შესაძლებელი.

ზურგის ტვინის პრობლემების დროს ოპერაციული ჩარევა დროულად არის საჭირო, რადგან თუ ზურგის ტვინი დაზიანდა, მისი აღდგენა ფაქტობრივად არ ხდება. შესაბამისად, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ ზურგის ტვინი საბოლოოდ დაზიანდება.

პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში პოსტოპერაციულ პერიოდს კარგად ვერ მართავენ, რომ შეიძლება ოპერაციამ კარგად ჩაიაროს, მაგრამ პოსტოპერაციულ პერიოდში დამძიმდეს პაციენტი და რომ უმეტესად სწორედ ეს არის მათი უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის მიზეზი. თქვენ რას გვეტყვით პოსტოპერაციულ პერიოდთან დაკავშირებით, როგორია თქვენი მიდგომა და რას სთავაზობთ პაციენტებს?

თქვენს კითხვას ორ ნაწილად გავყოფ… პირველი, რას ნიშნავს ის, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა?! ძალიან ხშირად ვაწყდები ისეთ შემთხვევას, რომ პაციენტი მოხარულია იმის გამო, რომ უბრალოდ ნარკოზის მერე გაიღვიძა, რომ ჭრილობა არ დაუჩირქდა და ამას ის წარმატებულ ოპერაციას ეძახის. შეიძლება, ეს ვინმესთვის ასეც იყოს, მაგრამ ეს წარმატებულ ოპერაციას ნამდვილად არ ნიშნავს. წარმატებული ოპერაცია ნიშნავს იმას, რომ მიღწეულია ოპერაციის წინ დასახული მიზნები, რაც შეიძლება იყოს, მაგალითად, ტკივილის გავლა, კიდურის სისუსტის გავლა, ონკოლოგიისგან განკურნება, სიცოცხლის გარკვეული პერიოდით გახანგრძლივება და ა.შ.

ზოგადად, ნეიროქირურგია მხოლოდ ოპერაციას არ მოიცავს, ის ძალიან კომპლექსური დარგია და აუცილებელია, ნეიროქირურგმა განსაზღვროს და მართოს როგორც პაციენტის საოპერაციოდ მოსამზადებელი პერიოდი, თავად ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდი. მან სწორი რჩევები უნდა მისცეს პაციენტს, უნდა დაარიგოს, რა დროს როგორ მოიქცეს.

საბედნიეროდ, დღესდღეობით, ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო ცენტრია. ზოგადად, რაც ჩვენ ნეიროქირურგიაში, რეაბილიტაციაში გვჭირდება ეს არის ე.წ. მეთოდისტი, რომ პაციენტი მიაჩვიოს გამართულად, სწორად სიარულს, დაეხმაროს დაზიანებული კუნთების გავარჯიშებაში და ძალის აღდგენაში. ასევე, საჭიროა ან ლოგოპედი ან ერგოთერაპევტი. ლოგოპედმა უნდა მოაწესრიგოს დაზიანებული მეტყველება, პაციენტს უნდა აღუდგინოს ყლაპვის რეფლექსი და ა.შ. ერგოთერაპევტი პაციენტს დაზიანებული ხელის, კიდურის ხმარებაში დაეხმარება და ასწავლის როგორ გაართვას თავი ყოველდღიურ საჭიროებებს. საბედნიეროდ, ორთოპედიულ ნაწილში უკვე დიდი გამოცდილება დაგროვდა. რასაც გადავხედე, საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრები ორთოპედიაზე, ხერხემალზე, კუნთების სისუსტის აღდგენაზე,  ფიზიოთერაპიულ მკურნალობაზე არიან ორიენტირებულნი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროფესორ ზაზა ქაცარავას, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ ინსულტის ცენტრების, ნევროლოგიის, ლიზისის და თრომბექტომიის სფერო განვითარებულიყო, რასაც ასევე თან მოაყოლა ლოგოპედის აუცილებლობა ინსულტის ცენტრში. 

პოსტოპერაციულ პერიოდში, რეაბილიტაციის კუთხით, თუ ნეიროქირურგის მიერ სწორად იქნება განსაზღვრული მკურნალობა და გაცემული იქნება მითითებები, დიდ წილად, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში, დღესდღეობით, უკვე შეიძლება რეაბილიტაციის პროცესის წარმატებულად მართვა.

არის თუ არა ერთხელ ჩატარებული ოპერაცია იმის წინაპირობა, რომ ჩვენ შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს განმეორებითი ოპერაცია, იმისთვის, რომ არ გართულდეს მდგომარეობა, როდის, რა შემთხვევაში უნდა მივიდეთ სასწრაფოდ ნეიროქირურგთან?

როდესაც ნეიროქირურგიული პათოლოგიის დიაგნოსტირება მოხდება, უკვე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ნეიროქირურგთან. ნეიროქირურგთან კონსულტაცია არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ოპერაციას, ნეიროქირურგს ძალიან ბევრი საშუალება აქვს, აქვს თეორიული ცოდნა მედიკამენტური მკურნალობის კუთხით, ნემსით, დენერვაციის კუთხით.

ნეიროქირურგთან კონსულტაცია იმიტომაც არის საჭირო, რომ არ გამოგვრჩეს პერიოდი, როცა უკვე დამაზარალებელია ცდა და კონსერვატიული მკურნალობის გაგრძელება.

ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ ნეიროქირურგიული პათოლოგია დაგიდგინდათ, აუცილებლად მიმართოთ ნეიროქირურგს. აღსანიშნავია, რომ ნეიროქირურგი პაციენტს მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს სთავაზობს, შესაბამისად, პაციენტს თავად შეუძლია აირჩიოს, რომელი მკურნალობის მეთოდია მისთვის უფრო მისაღები. ექიმის მოვალეობაა პაციენტს ურჩიოს, აუხსნას, თუ მკურნალობის რა შესაძლებელი მეთოდებია, რომელს რა დადებითი და უარყოფითი მოვლენები შეიძლება ახლდეს თან. ყველა ადამიანი თავისი თავის პატრონია, ჩვენ ექიმებს მხოლოდ და მხოლოდ რჩევის და ინფორმირების შესაძლებლობა გვაქვს, გადაწყვეტილება თვითონ პაციენტმა უნდა მიიღოს.

რაც შეეხება პირველად და მეორად ოპერაციებს, პირველადი ოპერაციისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოპერაციის სწორ ჩვენებას და სწორ ტაქტიკას. ამ შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს ის შედეგი, რომ 90% – ზე მეტ შემთხვევაში, პაციენტი ყოველგვარი გართულების გარეშე, სრულიად შეიძლება განიკურნოს.

თუ ოპერაციის ჩვენება მცდარია ან არჩეულია მცდარი ოპერაციული ტაქტიკა, აქ უკვე არც შეიძლება, რომ დამაკმაყოფილებელ შედეგს ველოდოთ. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ყოველ შემდგომ ოპერაციას უფრო მეტი გართულება ახლავს თან და უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ პაციენტი სრულად განიკურნოს. შესაბამისად, უმჯობესია, რომ თავიდანვე სწორ ექიმთან მოვხვდეთ და სწორი მკურნალობა მივიღოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, შედეგი თითქმის გარანტირებული გვაქვს.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 52 05 25 ან მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – ღია გული საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი.