რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ გია სურამელაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „რა ვქნა, ვერ გივიწყებ“ პრემიერა შედგა.
გია, პირველ რიგში, რა ხდება სიყვარულში?
თაკო, გეხვეწები, შეაჩერე კითხვები… ამ სიცხეში, 38 გრადუსში… სიყვარული ოქტომბრის 25-დან დაბრუნდეს, ახლა, არ მინდა.
ყველაზე დიდხანს რამდენი წელი გყვარებია?
მე ცოტა ერთგული ვარ, ახლა, რაც ჩვენმა სიყვარულმა დაითვალა 11 წელი იყო, თავისი გაბუტვა-შერიგებებით. ნაღდი სიყვარული არ მიდის.
ახლაც გიყვარს, ისევ ერთად ხართ?
როგორ შეიძლება, არ მიყვარდეს, როცა მიყვარდა. არა, ერთად არ ვართ. 100 %-ით ვიცი, რომ უნდა შერიგება და ძალიან იბრძვის, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვპატიობ. არ საპატიებელი არაფერი მომხდარა, მაგრამ მე ჩემი აზრები მაქვს.
მგონი, უბრალოდ, ცოტა ხანი მარტო გინდა ყოფნა…
ცოტა ხანი… ზოგადად, ვეცადე და ძალიან კარგია, რომ საკუთარი თავი შევიყვარე. არავინ აღარ მინდა, ყველაფერი გადასარევად მაქვს.
მომხდარა ისე, რომ შენს თავზე ძალიან სხვა გყვარებია?
ეს ადამიანი ძალიან, სიგიჟემდე მიყვარდა.
საერთოდ საყვარელ ადამიანს, მეგობრებს რას ვერ აპატიებ?
შეიძლება, საერთოდ აბსურდი იყოს სხვა ადამიანებისთვის, ისეთი პატარა წვრილმანის გამო, გაგიშვა ცხოვრებიდან სამუდამოდ.
ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „რა ვქნა, ვერ გივიწყებ“.
საერთოდ, ის მომღერალი ვარ, რომელსაც ძალიან ხშირად ანებივრებენ სხვადასხვა ავტორები საჩუქრებით. ძალიან მაგარმა ადამიანმა, მამუკა ერაძემ მომწერა, ბატონო გია, მე მუსიკოსი ვარ და ერთ ჩემს ნამღერ სიმღერას გადმოგიგზავნითო. ისეთი სიურპრიზი აღმოჩნდა, ძალიან მომეწონა… შენი რომ არის სიმღერა… ჩემებური ვერსია ცოტა უფრო სხვანაირად გავაკეთე. არ არსებობს, რომ ამ სიმღერამ რაღაც არ მოგაგონოს. იმედია, რომ ძალიან შეიყვარებთ, გემრიელი, გულიანი სიმღერაა.
შენ რა პერიოდი გაგახსენა ამ სიმღერამ?
ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი ძალიან დიდი სიყვარული. ამ სიმღერას რომ მოვუსმინე, ძალიან ბედნიერი გავხდი უცბად, ყველაფერი კარგი ამოტივტივდა.
პირველად როდის იგრძენი პოპულარობა?
რომ გითხრა, უცებ მოხდა-მეთქი, არა, ეტაპობრივად. მართალია, რომ ამბობენ, გავიღვიძე და ვარსკვლავი ვიყავიო… ერთ მშვენიერ დღეს, გავიღვიძე და უკვე, ჩემი ფეხით სიარული არ შეიძლებოდა. მაშინ, სამი გადაცემა იყო ტელევიზიაში და სამივეში მე ვტრიალებდი. ხალხმა ძალიან შეიყვარა ჩემი სიმღერა. მერე, ახალგაზრდა, ზედმიწევნით სიმპათიური ვიყავი, ლამაზად მეცვა.
მიხარია, მადლობა უფალს, რომ ამ წლოვანებამდე მოვედი, მართალია, ეკლიანი გზებით, მაგრამ მაინც. ყველაზე მეტად ვინც მიყვარდა ცხოვრებაში, დედა გარდამეცვალა. დედა ნებისმიერ ასაკში აუცილებელი და მთავარია. მეორე ცხოვრება იწყება, დედა რომ აღარ გყავს. მაგარი დედა მყავდა ძალიან.
გია სურამელაშვილი – რა ვქნა ვერ გივიწყებ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გია სურამელაშვილი – რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს
გია სურამელაშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან