მსოფლიოში რაგბის ქომაგების რიცხვი იზრდება და ეს ზრდის ტენდენცია საკმაოდ სწრაფია.
ასეთი შედეგები აჩვენა „მსოფლიო რაგბის“ კვლევამ ბოლო ხუთი წლის მიხედვით.
ირკვევა, რომ რაგბის მსოფლიოში თითქმის 800 მილიონი ადამიანი უყურებს. მათგან 338 მილიონს მიაჩნია, რომ აქტიური გულშემატკივარია.
ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ყოველი მე-9 ადამიანი რაგბით ყოფილა დაინტერესებული.
საინტერესოა, რომ მსოფლიოში 9 მილიონზე მეტი მორაგბეა.
უფრო ზუსტად:
793 მილიონი მაყურებელი, 338 მილიონი აქტიური გულშემატკივარი, რომელთა ოდენობაც 2013 წლის შემდეგ 24%-ით გაიზარდა;
რაგბით ახალი ქვეყნები (ბრაზილია, ჩინეთ, ინდოეთი, მექსიკა) დაინტერესდნენ და ადგილობრივი ბაზრები 2013 წლის შემდეგ 50%-ით გაიზარდა;
ჩინეთსა და აშშ-ში 33 მილიონი გულშემატკივარია, ინდოეთში 25 მილიონი, საფრანგეთში 20 მილიონი, ხოლო იაპონიაში 14 მილიონი;
„მსოფლიო რაგბის“ განცხადებაში წერია, რომ 2016 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა რაგბიში ახალი მაყურებელი ჩართო – „ოლიმპიურ თამაშებზე რაგბის ჩართვამ სპორტის გულშემატკივრების რიცხვი გაზარდა. 2018 წლის შვიდკაცას მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც სან ფრანცისკოში გაიმართა, 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.“
კვლევის მიხედვით:
რაგბის გულშემატკივრის საშუალო ასაკი 36 წელია, ანუ ორი წლით ნაკლები ვიდრე 2013 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდა მაყურებელს იზიდავს;
რაგბის გულშემატკივრების 36% ქალი ან გოგონაა. მზარდ ქვეყნებში აღნიშნული ციფრი 34%-ია
2016 წლის შემდეგ შვიდკაცა რაგბით დაინტერესებამ 6%-ით იმატა.
გასაგები მიზეზების გამო, გულშემატკივრების ოდენობით ქვეყნების საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდნენ ისეთი სარაგბო ქვეყნები, როგორიც ახალი ზელანდია და ავსტრალიაა.