ძილი მაინც საიდუმლოდ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
უმეტესობა ჩვენგანი ცხოვრების დაახლოებით მესამედს ძილში ატარებს, მაგრამ ზოგს შეიძლება მეტი დასჭირდეს, ზოგს კი რვა საათზე ნაკლები.
აი, რას ამბობენ მეცნიერები და ექიმები იმის შესახებ, თუ რამდენი დრო გჭირდებათ ძილისთვის.
„მიზეზები ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ ეს არის აუცილებელი რამ, რასაც ჩვენ ყველა ვაკეთებთ”, – ამბობს დოქტორი რაფაელ პელაიო, სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტი.
ადამიანების უმეტესობას შვიდიდან ცხრა საათამდე სძინავს და სწორედ ამ კატეგორიას აქვს ყველაზე ნაკლები კავშირი ჯანმრთელობის პრობლემებთან, ამბობს მოლი ეტვუდი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქცევითი ძილის მედიცინის დოქტორი.
თუ ადამიანებს საშუალოდ ექვს საათზე ნაკლები ან ცხრა საათზე მეტი სძინავთ, მათი ჯანმრთელობის პრობლემების რისკი იზრდება, მაგრამ ყველა განსხვავებულია.
როდესაც თქვენ ცდილობთ განსაზღვროთ რამდენი ძილი გჭირდებათ, მნიშვნელოვანია იფიქროთ ძილის ხარისხზე, თქვა პელაიომ და დასძინა, რომ ადამიანებს სურთ ჯანსაღი შეგრძნებით გაღვიძება.
ძილის რაოდენობა, რომელიც გვჭირდება, იცვლება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ახალშობილებს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ – სადღაც 14-დან 17 საათამდე.
ძილის ეროვნული ფონდი გვირჩევს, რომ 26-დან 64 წლამდე მოზრდილების უმეტესობას შვიდიდან ცხრა საათი ეძინოს.
ხანდაზმულებს შეიძლება დასჭირდეთ ოდნავ ნაკლები ძილი, ხოლო 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეიძლება მეტი.
ადამიანი ძილის ეტაპებს გადის დაახლოებით ყოველ 90 წუთში. ეტვუდის თქმით, ღამის პირველ ნახევარს ატარებენ ნელი ტალღის ძილში, ანუ ღრმა ძილში, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის აღდგენისთვის.
ღამის ბოლო საათებში ციკლის დიდი ნაწილი იხარჯება თვალის სწრაფი მოძრაობის ძილით, ან სიზმრების ძილით, რაც მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერების კონსოლიდაციისთვის, პროცესი, რომლის დროსაც მოკლევადიანი მეხსიერება გარდაიქმნება გრძელვადიან მეხსიერებაში.
ბავშვებს უფრო ღრმა ძილი აქვთ. ეტვუდის თქმით, ეს მაჩვენებელი მცირდება მოზარდობის პერიოდში, რადგან ჩვენს სხეულს არ სჭირდება იგივე რაოდენობის აღდგენა.
ქალებს მეტი ძილი სჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს?
კვლევა არ აჩვენებს, რომ ქალებს მეტი ძილი სჭირდებათ, მაგრამ საშუალოდ, ქალებს სძინავთ ოდნავ მეტი ვიდრე მამაკაცებს, ამბობს ეტვუდი.
როდესაც ქალები პირველად დედები ხდებიან, ისინი უფრო მეტად ზრუნავენ ახალშობილებზე ღამის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ნაკლებად სძინავთ, ამბობს ელისონ ჰარვი, ფსიქოლოგი და ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი.
ჰორმონებს ასევე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ძილის რაოდენობასა და ხარისხზე ორსულობისა და მენოპაუზის დროს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ქალებს შესაძლოა მეტი ძილი დასჭირდეთ მენსტრუალური ციკლის წინ.