როგორც იქნა ჩასხდომა დასრულდა, ხელბარგი თავის ადგილზე მოათავსეთ, კომფორტულად მოეწყვეთ, ყურსასმენი ადგილზეა და სულ მალე მოდუნებას დაიწყებთ. ყველაფერი იდეალურადაა… სანამ ბორტგამცილებელი არ მოვა, მხარზე ხელს დაგადებთ და გეტყვით, „სავარძელი საწყის პოზიციაში დააბრუნეთ.“ და ამ დროს ფიქრობთ, „რატომ ახლა? ამას მართლა აქვს მნიშვნელობა?“
ეს თითქოს ავიახაზების მორიგი შემაწუხებელი წესია, რომელსაც ყოველ ფრენაზე გვიმეორებენ. თუმცა, სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან ძალიან კარგი მიზეზი არსებობს. ავიაკომპანიების მიზანი თქვენი სიმშვიდის დარღვევა ნამდვილად არ არის, ამ წესს მარტივი ახსნა აქვს: „უსაფრთხოება, თქვენი და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანების!“
თვითმფრინავის აფრენის ან დაშვების დროს სავარძლის გადაწეულმა საზურგემ შეიძლება ტრავმის რისკი შექმნას, განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციაში. მგზავრებს ამის მნიშვნელობა The Times of India-მ აუხსნა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, აფრენა და დაფრენა მგზავრობის ყველაზე საპასუხისმგებლო და პოტენციურად საშიში ეტაპებია. თუ რამე გეგმის მიხედვით არ განვითარდა, მგზავრს სწრაფი რეაგირება და საკუთარი თავის დახმარება უნდა შეეძლოს. თუმცა, ნახევრად დაწოლილ პოზიციაში ამას ბევრად რთულად შეძლებს.
საზურგეს სწორი პოზიცია ზურგის უკეთეს მხარდაჭერას უზრუნველყოფს და დაშვებისას დაზიანების რისკს ამცირებს, თანაც არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი თანამგზავრისთვისაც.
მსგავსი წესი მოქმედებს გაშლილი მაგიდის შემთხვევაშიც – მან შეიძლება მგზავრების ევაკუაციას შეუშალოს ხელი.