ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი – მაკა რუხაძე სტუმრობდა, რომელმაც პოსტვირუსულ ალერგიულ გართულებებზე, აღნიშნული პრობლემის სიმპტომებზე, დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გაგვიზიარა.
ქალბატონო მაკა, როგორ მივხვდეთ, გადატანილი ვირუსის შემდეგ, სიმპტომები, რომელიც დაგვრჩა, არის ალერგიული თუ რაიმე სხვა სახის, სხვა მიმართულების გართულებაა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც თუ ისე მარტივია, რადგან ვირუსული ინფექციების გართულებები ყოველთვის ალერგიული არ არის.
პირველ რიგში, შევთანხმდეთ, რომ აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, ბავშვის შემთხვევაში, პედიატრთან, მოზრდილის შემთხვევაში, ოჯახის ექიმთან, რომ მოხდეს გარკვეული სიმპტომების გამიჯვნა, გარკვეული მონაცემების შეკრება, რომ ვიცოდეთ, რაზე მივიტანოთ ეჭვი.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმპტომების ხანგრძლივობას.
ვირუსული ინფექცია ხშირად შეიძლება გართულდეს ბაქტერიული ინფექციებით. ამ დროს, დასაწყისში, ეს ყველაფერი შეიძლება წააგავდეს ალერგიას. პირველი დღეების განმავლობაში, ვირუსული ინფექციებისთვისაც დამახასიათებელია წყლისებრი, უხვი გამონადენი ცხვირიდან, რომელიც შემდგომ შეიძლება, ჩირქოვანი გამონადენით გართულდეს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ იქ ბაქტერიული ინფექციაა ჩართული.
აქ არის კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ ვიცით, რომ ვირუსის შემდგომი გართულების დროს ინიშნება მკურნალობა და ვიცით, რომ მნიშვნელოვანია, თუ როდის ვლინდება სიმპტომები, ვირუსული ინფექციის დასრულების შემდეგ მალევე, მკურნალობის შემდეგ თუ როდის… ასევე, მნიშვნელოვანია, თუ რა სიმპტომები გვაქვს სახეზე.
თუ ეს არის ვირუსული ინფექციის დასრულების შემდგომ, აქ აღარ იქნება წყლისებრი გამონადენი.
ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ალერგენთან ექსპოზიცია, შეხება, რომ მოხდეს ალერგიული სიმპტომების გამოვლენა, იქნება ცხვირის სიმპტომები, სპაზმური ხასიათის ხველა თუ კანის გამოვლინება. შესაბამისად, სიმპტომებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ალერგიულ ანამნეზს.
თუ პაციენტმა უკვე იცის, რომ მას აქვს ალერგიული ანამნეზი და მას თან დაერთო ვირუსული ინფექცია, თუ მას ყოველთვის აქვს თავის მკურნალ ექიმთან, ალერგოლოგთან კონტაქტი და აქვს სამოქმედო გეგმა, მან იცის, როგორ უნდა მოიქცეს. ცოტა რთულია საკითხი, როცა პაციენტს არ აქვს ეს ყველაფერი გარკვეული და პირველად აქვს სიმპტომებთან შეხება. თუ პაციენტმა იცის, რომ მაქვს აქვს, მაგალითად, ოთახის მტვრის მიმართ, სოკოვანი ალერგენის მიმართ მგრძნობელობა, მან იცის, რა იწვევს სიმპტომებს. ზამთრის პერიოდში, როცა ოთახში გათბობაა ჩართული, როცა სახლში იმატებს ოპტიმალური ტემპერატურა, შესაძლოა, აქ ვირუსს სწორედ ალერგიული პრობლემები დაერთოს და ამ დროს მოხდეს არსებული ალერგიული პრობლემების კიდევ უფრო გამწვავება. ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მან ზედმიწევნით შეასრულოს ალერგოლოგის რეკომენდაციები, არ შეწყვიტოს დანიშნული სამკურნალო საშუალებები, რომ ალერგიული პრობლემა არაკონტროლირებადი არ გახდეს.
თუ პაციენტს ანტიალერგიული საშუალების მიღების შემდეგ სიმპტომები უმსუბუქდება, უნდა იეჭვოს, რომ თანდართული ალერგიული პრობლემა აქვს.
ვირუსის შემდგომ, სიმპტომების გამოვლენისას, პაციენტმა მალევე უნდა მიმართოს ექიმს, რომ ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევები და გაიმიჯნოს ეს თანდართული ალერგიაა თუ სხვა გართულება.
თუ ადამიანს აქვს გამოხატული გახანგრძლივებული ხველა, ტემპერატურული რეაქცია და ა.შ. შეიძლება, მდგომარეობა სამომავლოდ პნევმონიით, ავტოიმუნური პროცესებით გართულდეს, შესაბამისად, აუცილებელია, სხვა გართულებების გამორიცხვაც.
აღსანიშნავია, რომ სახსრებში მტვრევა, კუნთების ტკივილი, ადინამია, ტემპერატურული რეაქციები, ცხელება ალერგიულ პრობლემებს არ ახასიათებს, ეს ყველაფერი ვირუსის შემდეგად, ინტოქსიკაციის შედეგად ვითარდება.
ისიც კარგად ცნობილია, რომ თუ ადამიანი ვირუსით დაავადდა, მისი გართულებებით, სადღაც, ათ დღეში, ორ კვირაში ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუ ეს პრობლემა ხანგრძლივდება და თვეზე მეტხანს გრძელდება, აქ, რა თქმა უნდა, სხვა შემდგომ გართულებებზე უნდა მივიტანოთ ეჭვი და აუცილებლად მივმართოთ სპეციალისტს, რომ მოხდეს სიმპტომების სრულყოფილად შეფასება.
რა არის პოსტვირუსული ალერგიის მთავარი სიმპტომები?
ამ დროს, შეიძლება იყოს ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ცხვირიდან გამონადენი, რომელიც თვეობით გრძელდება, მით უმეტეს, თუ ადამიანს ოთახის მტვერზე აქვს ალერგია, ეს ყველაფერი შეიძლება მთელი წელი გაგრძელდეს. ასევე, შეიძლება იყოს თვალის და ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ალერგიული რინო-კონიუქტივიტი, ხველა, ასთმური გამოვლინება. საყურადღებოა, ხველა, რომელიც ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება და რომლის მიზეზიც ყივანახველა არ არის, რადგან ამ უკანასკნელს, ვიცით, რომ ახასიათებს ხანგრძლივი ხველა. ასევე, არსებობს ასეთი ტერმინი ვირუსინდუცირებული ვიზინგი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში და ამ დროს მიზეზი ვირუსია. იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდანაც შეიძლება იყოს ჩართულობა. არ დაგვავიწყდეს კანის პრობლემებიც, როცა კანზე ვითარდება ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, ურტიკარია, ასევე შეიძლება იყოს ტუჩის, თვალის შეშუპება, კვინკეს შეშუპება. დიაგნოზის დასმისას დიდი მნიშვნელობა აქვს კარგად შეგროვებულ ანამნეზს. მწვავე ჭინჭრის ციების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სწორედ პოსტვირუსული მდგომარეობა იყოს და ის შეიძლება განვითარდეს როგორც ალერგიული, ისე არა ალერგიული ანამნეზის მქონე ადამიანების შემთხვევაში.
შესაძლოა თუ არა, რომ ის ალერგიები, რომელიც უკვე აქვს ადამიანს ანამნეზში, კიდე უფრო მძაფრად გამოვლინდეს პოსტვირუსული გართულების ფონზე?
რა თქმა უნდა. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ალერგიული რეაქცია, მტვერზე, სოკოზე, შინაურ ცხოველებზე, ვირუსისას, როდესაც მას უფრო დიდი დროის გატარება მოუწევს სახლში, რა თქმა უნდა, მოიმატებს ამ ალერგენებთან ექსპოზიცია და შეიძლება, რომ სიმპტომები უფრო გამძაფრდეს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ პაციენტს მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს ექიმთან, არ შეწყვიტოს ანტიალერგიული მედიკამენტები. სიტუაციის მართა ძალიან წარმატებით შეიძლება ანტიალერგიული მედიკამენტებით, ასევე საჭირო ანტივირუსული მედიკამენტებით, ისე რომ არ დამძიმდეს ალერგიული ფონი, რომ არ წარმოიქმნას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ასთმა, ალერგიული რინიტი, კანის გამოვლინებები და ა.შ.
რაიმე სახის პრევენცია თუ არსებობს ალერგიული გართულებების თავიდან ასაცილებლად?
კონტროლირებული უნდა იყოს ის დაავადებები, რაც პაციენტს აქვს, იქნება ეს რინიტი, ასთმა, ქრონიკული ჭინჭრის ციება თუ სხვა. ეს ეხება არა მარტო ალერგიულ დაავადებებს, არამედ სხვა ქრონიკულ პათოლოგიებსაც, უნდა ვაკონტროლოთ ყველა თანმხლები პათოლოგია. თუ ადამიანს დადგენილი აქვს თავისი პათოლოგიის სიმძიმე, თუ დიაგნოსტიკის საფუძველზე, სწორად, მიზანმიმართულად აქვს შერჩეული მკურნალობა, თუ აქვს მუდმივი კონტაქტი ექიმთან, შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი დალაგდეს.
ბევრი ადამიანისგან გვსმენია – „ვირუსული ინფექცია გადავიტანე და ალერგიაც იმიტომ მაქვს, რომ ჩემი იმუნური სისტემა დაქვეითებულია“, მაგრამ ეს ასე არ არის. იმუნურ სისტემას ყველაზე დიდი როლი აქვს ვირუსული ინფექციების განეიტრალებაში. როდესაც ორგანიზმში ხვდება ვირუსი, ამ დროს, ირთვება თავდაცვითი მექანიზმი და ჩვენი იმუნური სისტემა ცდილობს, გაანეიტრალოს ეს ვირუსი. ეს ძალიან სერიოზული, ძალიან შთამბეჭდავი სიტუაციაა. აი, ამ დროს, შეიძლება, რომ გვქონდეს იმუნური სისტემის ცოტა დაქვეითება და ამას მოჰყვეს შემდგომი ჰიპერმგრძნობელობა. ჩვენს იმუნურ სისტემას მთელი თავისი არსენალი აქვს. აღსანიშნავია ე.წ. ციტოკინები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ციტოკინების შტორმი კოვიდის დროს. ამ დროს, ხდება ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების ჭარბი გამომუშავება. ციტოკინები ეს არის სასიგნალო მოლეკულები, რომლებიც ჩვენი იმუნური სისტემის უჯრედების აქტივაციას უზრუნველყოფენ. თუ ჭარბი რაოდენობით ხდება ეს ყველაფერი, თუ არ არსებობს ბალანსი, რა თქმა უნდა, ეს შემდგომ სიმპტომებს განაპირობებს. შეიძლება, საკუთარი უჯრედების მიმართაც განვითარდეს ავტოიმუნური პროცესები. ავტოიმუნური დაავადებებიც სიმპტომით, რაღაცით შეიძლება, ალერგიულ დაავადებებსაც წააგავდეს, ამიტომ აქ ძალიან სერიოზული შეფასება არის საჭირო. ამ დროს, ხშირად იკეთებენ ხოლმე სისხლის ანალიზს, რადგან ხდება ეოზინოფილების მომატება. შეიძლება, იყოს ალერგიული რინიტი, ასთმის გამწვავება. ჩვენ ვიცით, რომ ჰისტამინის გამომუშავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიატორია, თუ დიდი რაოდენობით პოხიერი უჯრედები და ბაზოფილები გამოთავისუფლდა, შეიძლება, სახეზე იყოს ჭინჭრის ციება. არის ხოლმე, რომ თვითონ ვირუსიც, ის იმუნური ბალანსი, ვირუსის მოქმედების შედეგად, გადაიწევს ხოლმე ალერგიული პროფილისკენ და შესაბამისად, წინ იწევს ალერგიული პათოლოგიები. ამ შემთხვევაში, ჩვენ საუბარი გვაქვს არა იმუნური სისტემის დაქვეითებაზე, იმუნოდეფიციტზე, რაც აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა, არამედ ამ დროს, პირიქით, ხდება მოჭარბებული, გაუკუღმართებული რეაქცია. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ოთახის მტვერთან, მცენარის მტვერთან კონტაქტისას, არ უნდა გვქონდეს ეს გაუკუღმართებული რეაქცია. ეს მოჭარბებული რეაქცია, იმუნური დისბალანსის გამოა, იმ უჯრედს, იმ უცხო ცილას, ორგანიზმი მის მტრად აღიქვამს.
რა ძირითადი კვლევებით დასტურდება პოსტვირუსული ალერგიული გართულება?
არსებობს მთელი რიგი სპეციფიკური კვლევები, შეიძლება, შეფასდეს ცხვირის ლორწოვანი გარსი, ჩატარდეს ალერგიული სკრინინგული ტესტირება, ჩატარდეს ტესტი კონკრეტულ ალერგენებზე. სპაზმური ხასიათის ხველისას, შეიძლება, ჩატარდეს სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტიკა, სპირომეტრია, ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის განსაზღვრა, რაც ალერგიული ანთების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარკერს წარმოადგენს. ამ ყველაფრის საჭიროებას და შეფასებას, რა თქმა უნდა, ექიმი, სპეციალისტი ადგენს. შეიძლება, რამდენიმე პროფილის ექიმის, კონსულტაციაც გახდეს საჭირო, გამომდინარე სიმპტომებიდან, რადგან ალერგიის დროსაც გვაქვს ჩვენ კომორბიდული პათოლოგიები, რომლებიც აუცილებლად სპეციალისტმა უნდა შეაფასოს. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს.
შესაძლებელია, რომ პოსტვირუსული ალერგიული გართულება გარკვეული დროის შემდეგ თავისით ალაგდეს, ასევე გართულებების შემთხვევაში, რა პრობლემები შეიძლება წამოვიდეს?
როგორც უკვე აღვნიშნე, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, თუ როდის ვლინდება სიმპტომები, ვირუსის შემდგომ თუ მკურნალობის შემდგომ, რადგან ალერგიული სიმპტომები შეიძლება, გარკვეულ მედიკამენტზე რეაქციითაც იყოს განპირობებული. მაგალითისთვის, ხანგრძლივად ცხვირის გამხსნელის გამოყენებამ, შესაძლოა, რომ შემდგომ, მედიკამენტური რინიტი გამოიწვიოს.
თუ გადატანილი ვირუსის შემდეგ, ორი კვირა, ერთი თვე გრძელდება პრობლემები, თუნდაც ხველა, აქ პაციენტმა აუცილებლად უნდა დასვას კითხვა, სხვა რამესთან ხომ არ აქვს საქმე. მაგალითად, თუ ფიზიკური დატვირთვის დროს აქვს ქოშინი, სპაზმური ხასიათის ხველა, აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს პრობლემა, რადგან ვირუსის შემდეგ უკვე დიდი დრო არის გასული. პაციენტი ამ დროს აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, რომ მოხდეს დიფერენცირება. თუ 10 დღე, 2 კვირა გრძელდება სიმპტომები, გაუჩერებელი რინორეა, არის ცხვირიდან უკან გადანადენი, ხველა, აქ აუცილებელია სხვა სპეციალისტის ჩართვა, რადგან ეს სცილდება იმ მოცემულობას, იმ ვადას, რა ვადაშიც ის უნდა ალაგებულიყო. თუ პაციენტი დროულად არ მიაკითხავს სპეციალისტს, შეიძლება, სიმპტომები უფრო დამძიმდეს.
პოსტვირუსული გართულებები რამდენად ხშირია ბავშვებში და რამდენად საყურადღებოა აღნიშნული პრობლემა მათთან?
რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ხშირია ბავშვებშიც. ზოგადად, ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან, რესპირატორული სისტემის სიმწიფიდან და ა.შ. გამომდინარე, ბავშვები უფრო მოწყვლადები არიან, ისინი უფრო ხშირად ავადობენ ვირუსებით, მათთან უფრო ხშირია რესპირაციული სიმპტომები.
რა თქმა უნდა, ვირუსული ინფექციის შემდეგ, ხიხინი, ვიზინგი შეიძლება, თავად ვირუსით იყოს განპირობებული და ასაკობრივად დალაგდეს ეს პრობლემა, მაგრამ თუ მშობელს, ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ალერგიული ფონი, პირველ რიგში, ალერგიული ასთმა, რინიტი, ბავშვთან აუცილებლად უნდა მოხდეს პრობლემის დიფერენცირება. ამ ყველაფრის შეფასება კი ძალიან მარტივად ხდება ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი კვლევებით. მშობლებს ძალიან აშინებთ ხოლმე ასთმა, ეს დღემდე სტიგმა არის მოსახლეობაში, მაგრამ აუცილებელია ამ პრობლემის დროულად შეფასება და გამორიცხვა.
აღსანიშნავია, რომ ვირუსული ინფექციების შემდგომ, ბავშვებში ხშირად ვითარდება რეაქციები კანის მხრივ, მაგალითად, მწვავე ურტიკარია. უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება, ურტიკარიამ, როგორც ვირუსის შემდგომმა გართულებამ, მხოლოდ ერთხელ იჩინოს ბავშვთან თავი და სხვა დროს აღარც გამოვლინდეს.
ახლა, ქვეყანაში უფრო მეტად A და B ტიპის ვირუსები ცირკულირებს… აღნიშნულ ვირუსებს უფრო მეტად ახასიათებს ალერგიული გართულებები თუ შესაძლოა, რომ ბანალურმა ვირუსმაც გამოიწვიოს ალერგიული გართულება?
ნებისმიერმა ვირუსმა შეიძლება მოგვცეს ალერგიული გართულება, იქნება ეს რინოვირუსი, რომელიც პრაქტიკულად შემოდგომიდან ცირკულირებს და რომელსაც ჩვენ ე.წ. გაციებას ვეძახით, იქნება ეს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსები თუ გრიპის ვირუსი.
აღსანიშნავია, რომ მოწყვლად ჯგუფს არ მიეკუთვნებიან მხოლოდ ბავშვები, ესენი არიან ორსულებიც, ხანდაზმულებიც და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც.
საკმაოდ საყურადღებოა გრიპის ვირუსი, მას ბევრი გართულება ახლავს თან და ჩვენ ვიცით, რომ გრიპის საპროფილაქტიკოდ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღი ვაქცინაციაა. ეს განსაკუთრებით ეხებათ ქრონიკული დაავადებების, ფქოდის, ასთმის, დიაბეტის და ა.შ. მქონე პაციენტებს.
მნიშვნელოვანია, ვირუსის იდენტიფიცირება, განსაზღვრა, სწრაფი ტესტებით, რომ თუ არსებობს ეტიოტროპული მკურნალობა, მოხდეს პრობლემის დროულად და სწორად მკურნალობა.