რთულია 21-ე საუკუნეში ”სუსტ სქესს” სუსტი უწოდო. ბოლო 100 წელიწადში ქალები გაუთანაბრდნენ და გაასწრეს მამაკაცებს განათლებით, შემოსავლებით და კარიერული მიღწევებით. ქალებმა მოიპოვეს არჩევის და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ზოგერთ ქვეყანაში ქალები, მამაკცების გვერდით მსახურობენ ჯარში და პრაქტიკულად აღარ დარჩა პროფესია, რომელსაც ქალი ვერ მოერეოდა.
მითი 1: ძლიერი ქალი ანუ ”კაცი კაბაში”
პროგრესული გარდაქმნების ფონზე საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა – თანამედროვე ქალებს ეშინიათ იყვნენ ძლიერები. ტრენინგებისა და წიგნების რაოდენობა თემაზე ”როგორ დავიბრუნოთ ქალურობა, ვისწავლოთ ვიყოთ სუსტები, რათა არ დავაფრთხოთ მამაკაცები და არ მოგვიწიოს მთელი ცხოვრება მარტო ყოფნა”, დღეს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. განსაზღვრება ”ძლიერი ქალი” კი, არა კომპლიმენტი, არამედ დიაგნოზი გახდა, რომელიც მარტოობას და წარუმატებელ პირად ცხოვრებას ნიშნავს. საინტერესოა, რა ტიპის ქალი შეიძლება ჩაითვალოს მართლა ძლიერად და რა პრობლემების მოტანა შეუძლია მისთვის ზედმეტ განათლებას და წარმატებას. ასევე საინტერესოა, მართლა ეშინიათ თუ არა მამაკაცებს ძლიერი ქალების?
”რკინის ლედი”, რომელიც ყველაფერს დამოუკიდებლად აღწევს და ზევიდან უყურებს მამაკაცებს – სწორედ ასეთი, ნაკლებად მიმზიდველი პორტრეტი ჩნდება ნებისმიერის წარმოსახვაში ძლიერი ქალის ხსენებისას. თუმცა, ახლოს გაცნობისას მამაკაცები ხშირად პარადოქსს აწყდებიან – ძლევამოსილი მონსტრის ჯავშანში, როგორც წესი, უბედური ქალი იმალება, რომელიც ღამეებს მარტოობასა და ტირილში ათენებს. სინამდვილეში, მართლა სუსტი ქალები – სულელი, თავქარიანი, იმპულსური ე.წ. ”ქერათმიანი ქალბატონები” ანეკდოტებიდან, რომლებმაც არასდროს იციან რა უნდათ ცხოვრებისგან, არაპრაქტიკულები და ზედმეტად ემოციურები არიან, მამაკაცებს მხოლოდ ხანმოკლე რომანებისთვის აინტერესებთ. სერიოზული ურთიერთობისთვის და ცხოვრების თანამგზავრად კი, ისინი როგორც წესი ჭკვიან, კეთილ და ემიოციურად გაწონასწორებულ ანუ ძლიერ ქალებს ირჩევენ. დასკვნა: ქალის ძალა არა იმდენად მის სისუსტეშია, რამდენადაც მის სიბრძნეში და უნარში იყოს ძლიერიც და სუსტიც სიტუაციის შესაბამისად.
მითი 2: წარმატებული ქალები იშვიათად უყვარდებათ
ქალის შანსი დაიპყროს მამაკაცის გული, არავითარ შემთხვევაში არაა დამოკიდებული მის თანამდებობაზე ან შემოსავალზე. მართალია, დაშორების შემდეგ მამაკაცები ხშირად უსვამენ ხაზს ინტელექტუალურ უპირატესობას, შედარებით მაღალ სოციალურ სტატუსს და კარიერულ მიღწევებს, მაგრამ ეს მხოლოდ მიზეზია. ”შენ ჩემთვის ზედმეტად ჭკვიანი და წარმატებული ხარ” – ისეთივე ტყუილია, როგორც ”შენ არაფერ შუაში ხარ, პრობლემა ჩემშია”. სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია – მამაკაცს ქალი ან მოსწონს ან არა, ან იზიდავს ან არა! რა თქმა უნდა, საუბარი არაა უკიდურეს შემთხვევებზე – ე.წ. კონსერვატულ ტირანებზე, რომლებსაც საშინლად აღიზიანებთ წარმატებული ქალი და თვლიან, რომ მათი ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია. კომპლექსებისგან თავისუფალი მამაკაცები ჯანსაღი თვითშეფასებით, პირიქით პატივს სცემენ ქალის ინტელექტს, განათლებას და მის კარიერულ ამბიციებს. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბონუსია და არა ქალის მიმზიდველობის მთავარი განმსაზღვრელი ანუ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მამაკაცებს ქალებში დიპლომები, ენების ცოდნა და კომპიუტერის ვირტუოზული ფლობა უყვარდებათ. თუმცა, თუ მამაკაცს ქალი მართლა უყვარს, ის გულწრფელად ამაყობს მისი ნიჭით და მიღწევებით.
მითი 3: ქალი, რომელსაც მამაკცზე მეტი შემოსავალი აქვს, როგორც წესი უბედურია ქორწინებაში
ფსიქოლოგების მტკიცებით, 21-ე საუკუნეში მამაკაცები აბსოლუტურად არ განიცდიან, თუ მათ თანამგზავრს უფრო მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე თვითონ. არც თანამედროვე ქალებს აღელვებთ მატერიალური დიფერნციაცია და აღარ ცდილობენ კაცს ”მარჩენალის” სტატუსი მოახვიონ თავს. ფინანსურ საკითხზე მეტად ქალებს მამაკაცების ამბიციები აინტერესებთ. მათთვის არაა აუცილებელი როკფელერის გვერდით ცხოვრება, თუმცა აუცილებელია ჰყავდეთ გვერდით ის, ვისაც ექნება მიზანი, გატაცება და ოცნება.
მითი 4: ძლიერი ქალის გვერდით მამაკაცები თავს უსარგებლოდ გრძნობენ. მართალია, რომ მამაკაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
ერთის მხრივ, თანამედროვე მამაკაცს მართლაც ნაკლები შანსი აქვს იყოს ”მარჩენალი” და ”დამცველი”, რადგან ქალებმა უკვე დიდი ხანია ისწავლეს ლურსმის დაჭედებაც და ფულის კეთებაც. თუმცა, ამგვარი მოსაზრება მაინც მითია. როგორც წესი, მამაკაცი თავს უსარგებლოდ არა იმიტომ გრძნობს, რომ მის გვერდით ძლიერი ქალია, არამედ იმიტომ, რომ ქალი მუდმივად ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი დამოუკიდებლობა და მისი უსუსურობა. ყოველთვის, როცა ქალი ხაზს უსვამს საკუთარ კარიერულ მიღწევებს, მაღალ ხელფასს და ჩაქუჩის ფლობის ტექნიკას, ის მამაკაცურ თამოყვარეობას აყენებს დარტყმას და რაც მთავარია ძალიან მტკივნეულს. იმისთვის, რომ მამაკაცმა არ იგრძნოს თავი უსუსურად და ქალის უბრალო დამატებად, საჭიროა უარის თქმა პერფექციონისტულ ჩვევებზე და საყვარელ ადამიანთან მუდმივ შეჯიბრზე. პირიქით, კარგი იქნება თუ ქალი ხშირად მიმართავს მამაკაცს დახმარებისთვის ან რჩევისთვის.