სოციალური ქსელების მომხმარებელთა თითქმის მესამედი დღეს უფრო იშვიათად აქვეყნებს პოსტებს, ვიდრე ერთი წლის წინ, ამას ადასტურებს არაერთი კვლევა და ეს ტენდენცია განსაკუთრებით მკვეთრია Gen Z-ის წარმომადგენლებში.
ჟურნალ The New Yorker-ში გამოქვეყნებულ ბოლო ესეში მწერალმა კაილ ჩაიკამ გამოთქვა მოსაზრება, რომ საზოგადოება შესაძლოა მიუახლოვდეს იმას, რასაც ის „posting zero“-ს უწოდებს – მომენტს, როცა ჩვეულებრივი ადამიანები ჩათვლიან, რომ საკუთარი ცხოვრების ონლაინ გაზიარება აღარ ღირს.
ეს დაღმავალი ტენდენცია ადვილად შეიმჩნევა სოციალურ ქსელებში. მეგობრების დასვენების ფოტოებსა თუ კოლეგების შვილების სურათებს შორის ახლა ათეულობით, თუ არა ასეულობით პოსტია ბრენდებისა და ინფლუენსერებისგან, რომლებიც ახალ პროდუქტს ან ტრენდებს გვთავაზობენ.
ოდესღაც სოციალური მედია ჩვენი სოციალური ცხოვრების არასრულყოფილი ანარეკლი იყო – ახლა კი უფრო „კონტენტს“ ჰგავს.
ამის მიზეზი ნაწილობრივ თავად პლატფორმების ცვლილებაა. TikTok-მა და Instagram-მა შექმნეს უსასრულო ვერტიკალური ვიდეოების ნაკადები და ძალზე ძლიერი ალგორითმები, რომლებიც მომხმარებელს ამ კონტენტში გზას უჩვენებს.
მაგრამ რა ბედი ელის ჩვენს ციფრულ ცხოვრებას, როცა სოციალური მედია სულ უფრო ნაკლებად „სოციალური“ ხდება? ამ კითხვით კაილ ჩაიკას მიმართეს. ის The New Yorker-ის შტატიანი ავტორია, ხოლო მისი უახლესი წიგნია Filterworld: როგორ გააცამტვერეს ალგორითმებმა კულტურა.

როცა ჩემს სოციალურ ქსელებს ვუყურებ, ისინი სავსეა რეკლამებით და ლამაზი სახლების ფოტოებით – სახლების, რომელთაც ვერასდროს ვიყიდი და ადგილების, სადაც ალბათ ვერც მოვხვდები. ვცდილობ გავიხსენო, ბოლოს როდის ვნახე მეგობრის ნამდვილი პოსტი. რას ნიშნავს ეს პლატფორმების მომავლისთვის, თუ იქ შესვლის მიზეზი დღეს სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც რამდენიმე წლის წინ იყო?
კაილ ჩაიკა:
ვფიქრობ, სოციალური მედია ნაკლებად სოციალური გახდა. ახლა ის უფრო მეტად კომერციული კონტენტის მოხმარებას ემსახურება. აქ მთავარი გახდა ცხოვრების სტილის იდეალიზება და არა ის, რა ხდება შენს გარშემო ან როგორ ურთიერთობ მეგობრებსა და ოჯახთან. ჩემი აზრით, ეს სოციალური მედიის მთავარ დანიშნულებას აცლის მნიშვნელობას.
თუ პლატფორმები კარგავენ კავშირს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ჩვეულებრივ მომხმარებლებს აღარ აქვთ მოტივაცია პოსტვისთვის, მაშინ სოციალური მედია ტელევიზიას ემსგავსება. საბოლოოდ გვრჩება მხოლოდ ბრენდების რეკლამები, მოდა, სახლები და სასტუმროები – ეს კი სულ სხვა რამაა, ვიდრე ის ბუნებრივი და მრავალფეროვანი კონტენტი, რასაც ადრე ვხედავდით.
სოციალური ქსელების მფლობელებს აქვთ ყველაზე დახვეწილი ალგორითმები, რომ დაგვიჭირონ. როგორ რეაგირებენ ისინი ამ ცვლილებაზე? თუ უბრალოდ კმაყოფილები არიან იმით, რომ რეკლამა მეტია და შესაბამისად მეტი შემოსავალიც აქვთ?
მათი მთავარი კლიენტები რეკლამის დამკვეთები არიან. ამიტომ, სანამ მომხმარებლები არიან ჩართულნი, მათი ბიზნესმოდელი მუშაობს.
მგონია, ისინი ასევე იმაზე აკეთებენ ფსონს, რომ ადამიანების მიერ შექმნილი კონტენტი ნელ-ნელა შეიცვლება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტით. უკვე ვხედავთ, როგორ გადააქვს Meta-ს Facebook-ისა და Instagram-ის ფიდები ასეთ კომპიუტერულ კონტენტზე – უსასრულოზე, იაფზე, მაგრამ, ჩემი აზრით, შინაარსობრივად უაზროზე.

ფიქრობ, რომ შეიძლება ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში მეგობრების არდადეგებს ან საუზმის ფოტოებს ეძებდნენ, საერთოდ ჩამოშორდნენ ამ პლატფორმებს?
დიახ. ვფიქრობ, ეს ნელი, მაგრამ სტაბილური კლებაა. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ TikTok-ზე სულ უფრო ნაკლები ადამიანი პოსტავს. ამავე დროს, განსაკუთრებით Instagram-ზე, პირადი გაზიარება გადავიდა პირად შეტყობინებებსა და ერთი ერთზე კომუნიკაციაში.
ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ონლაინ სოციალური ქსელი, მაგრამ არსებული პლატფორმები ამ როლს აღარ ასრულებენ. ვფიქრობ, გაჩნდება ახალი სივრცეები ან აპლიკაციები, რომლებიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს – მაგალითად, უფრო განვითარებული WhatsApp ან მეგობრების ჯგუფური ჩათების უკეთ სამართავი სისტემები. ჩვენ უფრო კერძო და ინტიმურ ონლაინ ურთიერთობაზე გადავდივართ.
ჩემს თაობაში არსებობდა განცდა, რომ ახალგაზრდებს კონფიდენციალურობა არ აინტერესებთ და ყველაფერს საჯაროდ დებენ. იქნებ ვცდებოდით და ახალგაზრდებმა უბრალოდ ნახეს, რას ნიშნავს ყველაფრის საჯაროდ გაზიარება და ახლა უფრო დახურულ წრეებს ამჯობინებენ?
ვფიქრობ, 2010-იან წლებში ყველამ დავინახეთ საჯაროდ ცხოვრების უარყოფითი მხარეები – საჯარო შერცხვენა, ვირუსული უხერხული მომენტები.
სოციალური მედიის „სოციალური კონტრაქტი“ შეიცვალა. ადრე გარიგება ასეთი იყო: თუ პოსტავდი, დიდ აუდიტორიას იღებდი. მაგრამ ეს შეიძლება მახედ იქცეს. თუ ინფლუენსერობა არ გინდა, სარგებელი უკვე აღარ ამართლებს რისკებს. ამიტომ ადამიანებს ურჩევნიათ უბრალოდ მეგობრებს მიწერონ.
როგორ ფიქრობ, ხუთ წელიწადში რას ვნახავთ ჩვენს ტელეფონებში?
ალბათ ყველაფერი უფრო ტელევიზიას დაემსგავსება – პროფესიონალური მედია, პასიური ყურება, ალგორითმული აუდიო-ვიდეო ნაკადები. სოციალური კომუნიკაცია კი გადავა ტექსტურ შეტყობინებებსა და რეალურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ბევრს შეახსენა პირისპირ ურთიერთობის ღირებულება, რაც იმედს მაძლევს.
მივალთ თუ არა იმ ეტაპამდე, რასაც „posting zero“-ს უწოდებ?
ვფიქრობ, კი და უფრო მალე, ვიდრე გვგონია. აღარ არსებობს სტიმული, რატომ უნდა გამოაქვეყნო სელფი ან საუზმის ფოტო, როცა ყურადღებას ვერ იღებ და მეგობრებსაც ვერ მოიცავ. შესაძლოა, სოციალური მედია უბრალოდ დროებითი გადახვევა იყო და ახლა ამ იდეიდან ნელ-ნელა სწორ გზას ვუბრუნდებით.
