LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი – მარიამ ღუღუნიშვილი ძირითად მიზეზებსა და გამოსავალზე

435
მარიამ-ღუღუნიშვილი

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, „გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის“ პედიატრი, გასტროენტეროლოგი, ევროპის პედიატრთა, გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრი – მარიამ ღუღუნიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ბავშვებში მუცლის ტკივილის გამომწვევ უხშირეს მიზეზებზე, ყაბზობაზე, ფაღარათზე, სხვადასხვა საკვების აუტანლობაზე, ღვიძლის პრობლემებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა და არაერთი საინტერესო და საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.

მარიამ, როდის არის საყურადღებო მუცლის ტკივილი ბავშვებში და როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?

თქვენს მიერ შერჩეული თემა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან პედიატრებთან მიმართვიანობის 47% თუ მუცლის ტკივილზე და გასტროინტესტინურ პრობლემებზე მოდის, პედიატრ-გასტროენტეროლოგთან ეს პროცენტი კიდევ უფრო იზრდება და დაახლოებით, 72-ს აღწევს. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია, ასე ცალსახად და მარტივად ვუპასუხო კითხვას, თუ როდის უნდა მიმართონ მშობლებმა ექიმს, მაგრამ შევეცდები მეტ-ნაკლებად გავუსვა ხაზი იმ მნიშვნელოვან ჩივილებს, რომლის დროსაც ნამდვილად საჭიროა ექიმთან ვიზიტი.

აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია ასაკი, რადგან ტკივილის აღქმა და ტკივილის გადმოცემა, რა თქმა უნდა, ასაკზეა დამოკიდებული. ჩვილ ბავშვს არ შეუძლია ლაპარაკი, პატარა ბავშვს არ შეუძლია გადმოცემა, მოზრდილ ასაკში კი მეტ-ნაკლებად იოლდება ტკივილის აღქმა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, მწვავეა თუ ქრონიკული ეს ტკივილი, როდის დაიწყო ის და რა ადგილას სტკივა ბავშვს მუცელი. უნდა განვასხვაოთ პრობლემა ქირურგიულია თუ თერაპიული. აღნიშნულის გარჩევას ხანდახან დროც სჭირდება, ეს არ ხდება ისე, რომ მივმართოთ ექიმს და მან ერთ წამში გვითხრას, არის თუ არა პრობლემა ქირურგიული. ეს ყველაფერი სხვადასხვა კვლევების ჩატარებას საჭიროებს. ეს პრობლემა იმდენად დიდია, რომ პედიატრთა, გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაციამ დაიწყო კამპანია ფუნქციური მუცლის ტკივილის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ტკივილი საგანგაშო არ არის. ტკივილი შეიძლება იყოს ფუნქციური სახის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ მოდის რაიმე ორგანოდან და რომ ის დამოკიდებულია სტრესზე, გარემოზე. ასევე შეიძლება, რომ ტკივილის ზღურბლი ჰქონდეს ბავშვს დაბალი და მინიმალურ, ელემენტარულს მეტეორიზმს, ანუ გაზების დაგროვებასაც ძალიან დიდ ტკივილად აღიქვამდეს.

მნიშვნელოვანია ისიც, მუცლის ტკივილს ახლავს თუ არა რაიმე სხვა სიმპტომი, მაგალითად, ღებინება, ცხელება, გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა ან პირიქით, ფაღარათი. ექიმი უკვე ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩაატარებს კვლევებს და გვეტყვის, თუ რამდენად საგანგაშოა სიტუაცია. 

მე მაინც ვიტყოდი, რომ თუ მშობლები თვლიან, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, თუ მუცლის ტკივილი აჭარბებს ბანალურ ტკივილს, ყველა ვარიანტში სჯობს, რომ ბავშვი ექიმმა შეაფასოს.

რა არის ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის უხშირესი მიზეზები?

პირველ რიგში, ეს არის ყაბზობა, ეს ნებისმიერ ასაკში, შემდგომ, მეტეორიზმი და ხანდახან კვებითი ინტოლერანტობა, მაგალითად, ლაქტოზის, ფრუქტოზის და ა.შ აუტანლობა, ჭარბად ნახშირწყლების მიღება, რაც ნაწლავში აირების დაგროვებას იწვევს.

რა ტიპის პრობლემაა ყაბზობა, საიდან ჩნდება ის და არის თუ არა გამოსავალი ამ დროს?

გამოსავალი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ყველა მშობელს და ექიმს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ყაბზობა ხშირ შემთხვევაში ქრონიკული პრობლემაა. ქრონიკულში იმას ვგულისხმობ, რომ ხანდახან, ყაბზობა დამოკიდებულია ჩვენს კვებით ქცევაზე. თუ ჩვენ კვებითი ქცევა არ მოვაწესრიგეთ, ყაბზობაც ვერ მოწესრიგდება. ყაბზობის მიზეზი შეიძლება იყოს, დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება, არასაკმარისად წყლის მიღება, არასაკმარისად ბოჭკოს მიღება… ეს არ არის, რა თქმა უნდა, აპრიორი და ერთადერთი მიზეზი შეკრულობის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, კვებითი ფაქტორი გასათვალისწინებელია.

ხშირ შემთხვევაში, ყაბზობა, ანუ შეკრულობა არ არის ორგანული მიზეზიდან გამომდინარე, ანუ ნაწლავს არ სჭირს არაფერი. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, განავლის საერთო თუ განავლის სხვა ანალიზები, ექოსკოპია დიდად ინფორმატიული არ არის. როდესაც ბავშვს კვებითი ან საპირფარეშოს ქცევა არ აქვს მოწესრიგებული, ასეთ შეკრულობას ჩვენ ფუნქციურს ვეძახით. საპირფარეშოს ქცევაში რეგულარულად საპირფარეშოში შესვლას ვგულისხმობთ. ხშირად არის, რომ ბავშვი თამაშობს ან მეცადინეობს და ითმენს და მერე უკვე ვეღარ გადის კუჭში. ასე რომ, საპირფარეშოს ქცევა მკურნალობის დროს ძალიან გასათვალისწინებელია.

როდესაც ბავშვთან ხშირია ფაღარათის პრობლემა, პირველ რიგში, რაზე მიგვაქვს ეჭვი და რას ვაკეთებთ?

პირველ რიგში, განვმარტოთ, თუ რა არის ფაღარათი. ჩვენ ფაღარათს ვეძახით, როცა ნაწლავთა მოქმედება 24 საათის განმავლობაში სამს აღემატება ან როდესაც არის ერთხელ, მაგრამ შეცვლილი განავლოვანი მასებით. აღნიშნულიც ფაღარათად მოიაზრება, არ არის აუცილებელი, რომ ბავშვს 3-ჯერ ან მეტჯერ ჰქონდეს კუჭის მოქმედება. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი სითხეს კარგავს, სითხის დაკარგვას კი სხვა პრობლემებამდე მივყავართ. შესაბამისად, დროულად უნდა მივაგნოთ მიზეზს, თუ რატომ აქვს ბავშვს ფაღარათი.

რა თქმა უნდა, ვირუსული ინფექციის დროს ფაღარათი ყველასთვის გასაგები და ყველასთვის გამოცდილი პრობლემაა.

ფაღარათის დროსაც მნიშვნელობა აქვს ასაკს. ფაღარათს, რომელიც 1,5 – 2 წლიდან 5 წლამდეა და რომლის დროსაც ბავშვს სხვა ჩივილები არ აქვს, ანუ ნორმალურია ზრდა-განვითარება, ნორმალურია წონაში ნამატი, ბავშვს არ აქვს ანემიები, თმის ცვენა და სხვა ჩივილები, ტოდლერების დიარეას ვეძახით და ეს დიარეა საგანგაშო არ არის, რადგან იმდენად, რამდენადაც ბავშვები არიან აქტიურები დღის მანძილზე, ნაწლავის პერისტალტიკა, ანუ მოძრაობაც აქტიურია ამ დროს. თუ ბავშვს, გარდა იმისა, რომ 3-ჯერ და მეტჯერ გადის კუჭში, სხვა ჩივილი არ აქვს, ამას ჩვენ დროებით ფაღარათს ვეძახით და მშობელს იმით ვამშვიდებთ, რომ დროის გასვლასთან ერთად, ეს ყველაფერი თავისით ალაგდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ უნდა იყოს დაკავშირებული რომელიმე საკვების მიღებასთან, მაგალითად, რძესთან, ხილთან…

რაც შეეხება შემდგომ ასაკს, თუ კვლავ გრძელდება ფაღარათი და ამას თან ემატება სხვა ჩივილებიც, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავაღრმაოთ კვლევები, რადგან გარდა ლაქტოზის და ფრუქტოზის აუტანლობისა, დღევანდელ დღეს მთელს მსოფლიოში ძალიან აქტიურია ცელიაკია, ანუ გლუტენის აუტანლობა, რასაც ხშირ შემთხვევაში მარტო გასტროინტესტინური პრობლემები არ ახლავს, შეიძლება, ის მიდიოდეს მხოლოდ ანემიით, ანუ დაბალი ჰემოგლობინით, რომელსაც ვერ აწესრიგებს ჰემატოლოგი და რომელიც ვერანაირ რკინის წამალს ვერ ემორჩილება. შესაბამისად, ფაღარათსაც არ უნდა ვუყუროთ მარტივად და ყოველთვის უნდა ვეცადოთ დიაგნოზამდე მისვლა, მით უმეტეს, თუ ამას ქრონიკული ხასიათი აქვს.

უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა კვებითი ინტოქსიკაციებიც. სხვადასხვა რესპირატორული, ანუ სასუნთქი გზების ინფექციაც შეიძლება მიდიოდეს ფაღარათით. არ არის აუცილებელი, რომ მარტო გასტროენტერიტი, ანუ კუჭ-ნაწლავის ანთება მიდიოდეს აღნიშნული ჩივილით.

მინდა, რომ საკვების აუტანლობაზე უფრო ვრცლად ვსაუბრობთ…  თუ, მაგალითად, ხილის ან რძის მიღებასთან ერთად,  კუჭის მოქმედების სიხშირეც იზრდება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ კონკრეტულ პროდუქტზე?

უარს არასდროს ვამბობთ, მით უმეტეს, ბავშვთა ასაკში, როცა მათ ყველა მიკრო თუ მაკრო ნუტრიენტი სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ჩვენ პაციენტებს კვლევის ჩატარებას ვურჩევთ, თუმცა სამწუხაროდ, ეს კვლევა 7 წლამდე არ კეთდება, რადგან ეს არის სუნთქვითი ტესტი, ბავშვმა უნდა ჩაბეროს და ამას, უბრალოდ, ტექნიკურად ვერ ახორციელებს ბავშვი 7 წლამდე.

თუ ფრუქტოზის აუტანლობა დადასტურდება, პაციენტებს ვეუბნებით, რომ შეამცირონ, ხილის მოხმარება, რომ დღის განმავლობაში არ მიიღონ ხილის ბევრი სახეობა და მიიღონ რაიმე ერთი სახეობის ხილი, ისიც შეზღუდული რაოდენობით. რაც შეეხება ლაქტოზის აუტანლობას, დღესდღეობით, მარკეტებში უკვე ბევრი ულაქტოზო რძის პროდუქტია და შეგიძლიათ მათზე შეაჩეროთ არჩევანი.

აქვს ცელიაკიას იმ ტიპის კლინიკური ნიშნები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს აღნიშნულ პრობლემაზე თუ აქაც სხვადასხვა კვლევები, ანამნეზის შეკრება და ექიმის ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო? უხეშად რომ ვთქვათ, ცელიაკიაც შეიძლება გაგვეპაროს?

რა თქმა უნდა, თავისუფლად შეიძლება, მით უმეტეს, თუ შენიღბული სახით მიდის. ცელიაკია ყოველთვის კლასიკური მიმდინარეობით არ მიდის. კლასიკური მიმდინარეობა – სიმაღლეში და წონაში მატების შეფერხება, დიდი გარშემოწერილობის მუცელი, ძლიერი მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ხშირი ღებინება, რაც ვერ გაეპარება ვერც პედიატრს და  მით უმეტეს, ვერც პედიატრ-გასტროენტეროლოგს, მაგრამ თუ მარტო ანემიით ან სპეციფიკური გამონაყარით ვლინდება, რა თქმა უნდა, შეიძლება, გაიპაროს ან ცოტა მეტი დრო დასჭირდეს დიაგნოსტირებას.

ადვილად ემორჩილება თუ არა ცელიაკია მკურნალობას?

კი, ნამდვილად ადვილად ემორჩილება მკურნალობას, ოღონდ მკურნალობაში მედიკამენტური მკურნალობა არ იგულისხმება. აქ საჭიროა მხოლოდ კვებითი ცვლილებები. საკვები რაციონიდან სრულად უნდა ამოვიღოთ გლუტენის შემცველი პროდუქტები. გლუტენი არის მარცვლეულში შემავალი ცილა. როგორც კი საკვები რაციონიდან მარცვლეულს ამოვიღებთ, სიმპტომებიც ალაგდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურად, ზოგს მეტი დრო სჭირდება, ზოგს ნაკლები. აღსანიშნავია, რომ წიწიბურა, ბრინჯი და სიმინდი ყველა შემთხვევაში რჩება საკვებ რაციონში.

არის თუ არა ჭიები იმ ტიპის პრობლემა, რომელიც მუცლის ტკივილის გამომწვევი უხშირესი მიზეზია? მოგეხსენებათ, მუცლის ტკივილისას, მშობლები პირველ რიგში ჭიებზე ამოწმებენ ბავშვებს, რამდენად სწორია ეს მიდგომა, ცოტა ძველებური ხომ არ არის?

სწორი ნამდვილად არ არის, მაგრამ მშობელს ვერ ავუკრძალავთ, რომ ბავშვს კვლევა ჩაუტაროს. მე ძველი დროის მიდგომებს დიდად ვერ გავკიცხავ, რადგან მაშინ სხვა დაავადებები დიდად ცნობილი არ იყო და ყველაფერი ჭიების ირგვლივ ტრიალებდა.

 ჩვენ შეგვიძლია, უამრავი ჩივილი მივაწეროთ ჭიას და პარაზიტებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა პარაზიტებზე ვსაუბრობთ, ასე კრებითი სახელით საუბარი, სწორი არ იქნება. ყველა პარაზიტს და ჰელმინთს მკურნალობა არ სჭირდება და არ ვმკურნალობთ, თუმცა, რა თქმა უნდა, არის გარკვეული პარაზიტებიც, რომელთაც აუცილებლად სჭირდებათ მკურნალობა, მაგალითად, ტოქსოკარა, ასკარიდა და ა.შ. შეიძლება, რომ ჟიარდიამ ძალიან ხშირად ფაღარათიც გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის მკურნალობა თვითნებური არ იყოს.

ცნობისთვის, არის თეორიები, რომ პარაზიტები შეიძლება გარკვეულწილად გვიცავდნენ ქრონიკული ანთებითი დაავადებების, წყლულოვანი კოლიტის და სხვა განვითარებისგან. შესაბამისად, პრევენციულად და ხელაღებით მკურნალობას ნამდვილად არ მივესალმები.

რამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება, რომელიც ხანდახან თან ახლავს მუცლის ტკივილსაც, ასევე რამ შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის შეგრძნება და დისკომფორტი კვების შემდეგ?

პირველ რიგში, გულისრევის შეგრძნება და ღებინება უნდა გავმიჯნოთ. ღებინება აქტია, გულისრევის შეგრძნება კი მხოლოდ შეგრძნების დონეზე რჩება.

აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს, რადგან ხშირ შემთხვევაში, ბავშვები პატარა ასაკში გულისრევის შეგრძნებას ვერ გადმოსცემენ და ამის აღქმა უფრო მშობლის მხრიდან უნდა მოხდეს.

გულისრევის შეგრძნება დაწყებული რეფლუქსიდან, ანუ კუჭის შიგთავსის მაღლა, საყლაპავში ამოსვლიდან, გასტრიტით დამთავრებული, ყველაფერს შეიძლება ახლდეს თან. ის შეიძლება ახლდეს გასტროენტერიტსაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს ჩივილი მწვავეა თუ ქრონიკული ხასიათის. თუ ჩივილი ქრონიკული ხასიათისაა, უკვე სხვა მიზეზების ძიებას ვიწყებთ.

გასტრიტს, ანუ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასაც თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. ქართულ პოპულაციაში მისი გამომწვევი უხშირესი მიზეზი მაინც ჰელიკობაქტერ პილორია. რაც ასევე იწვევს ხოლმე გულისრევის შეგრძნებას, წვას კუჭის მიდამოში, სიმძიმეს კვების შემდგომ ან მშიერზე, ოღონდ მშიერზე იმ შემთხვევაში, თუ უკვე წყლულია ჩამოყალიბებული. გააჩნია იმასაც წყლული კუჭშია თუ თორმეტგოჯა ნაწლავში. გამომდინარე აქედან, გულისრევის შეგრძნება ხანდახან შეიძლება უფრო ღრმა პრობლემაზე,  დაავადებაზე მიგვანიშნებდეს, ამიტომ აუცილებლად საჭიროებს კვლევას.

ხანდახან გულისრევა კვებაზე და კვების დროზეც არის დამოკიდებული. როდესაც ბავშვი დილით უკვე გულისრევის შეგრძნებით იღვიძებს, ჩვენ ვეკითხებით, რა ჭამა და ბოლოს როდის ჭამა, ანუ დაძინებამდე რამდენი საათით ადრე მიიღო საკვები. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ბავშვი სავსე კუჭით დაწვება და დილით გულისრევის შეგრძნებით გაიღვიძებს, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ღამის საათებში, ნაწლავის მოტორიკა შენელებულია და საჭმლის მონელებაც, რა საკვირველია, გაძნელებულია.

შეიძლება იყოს ფუნქციური გულისრევის შეგრძნებაც, რაც სტრესით არის გამოწვეული. როგორც უფროსებს ხანდახან მინიმალურ ემოციაზეც კი თავი სტკივდებათ, ბავშვებს სტრესზე თავის ტკივილი შეიძლება, რომ გულისრევის შეგრძნებით ჰქონდეთ შეცვლილი.

როცა განავლოვანი მასა შეცვლილია, ექიმს, როგორც წესი, ეჭვი ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიაქვს. რამდენად ხშირია ბავშვებში ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, როდის არის საჭირო, ბავშვის ამ კუთხით გამოკვლევა?

ხშირ შემთხვევაში, ღვიძლის პრობლემა, გადიდებული ღვიძლი შემთხვევით აღმოჩნდება და დაფიქსირდება ხოლმე მუცლის ღრუს ექოსკოპიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვჯერდებით ხოლმე და ყოველთვის ვამოწმებთ ღვიძლის ფუნქციებსაც. ერთია, რომ ორგანო გადიდებულია, და მეორეა ფუნქციები, რადგან შეიძლება, ფუნქცია შენარჩუნებული იყოს და არ იყოს დარღვეული.

ბავშვებში ღვიძლის დაავადებები იშვიათია, თუ არ ჩავთვლით თანდაყოლილ, მეტაბოლურ დაავადებებს, რომელთაც თან ახლავს ხოლმე ღვიძლის დაზიანება.

რაც შეეხება განავლის ცვლილებას, განავალი ფერს კარგავს და ხდება თიხის მსგავსი შეფერილობის, რადგან ფერს განავალს აძლევს ნაღველი. ნაღველი კი ღვიძლში წარმოიქმნება. როდესაც ღვიძლის, სანაღვლე სადინარების რაიმე დაავადებაა, განავალი ფერს კარგავს და ამ შემთხვევაში კი, აუცილებელი ხდება უფრო ღრმა კვლევებით სანაღვლე გზების დათვალიერება.

ზოგადად თუ განვიხილავთ, ღვიძლის გადიდება და ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა, შეიძლება, რომ ნებისმიერი ბანალური ვირუსული ინფექციის დროს მოხდეს და ყველაზე ხშირად ეპშტეინ-ბარის გადატანის, ანუ ე.წ. მონონუკლეოზის გადატანის შემდგომ და ეს არა ერთი-ორი კვირა, არამედ თვეებიც კი შეიძლება გრძელდებოდეს. ღვიძლი ვირუსთან ბრძოლის საპასუხოდ დიდდება და ირღვევა ღვიძლის ფუნქციებიც. აქ საჭიროა მხოლოდ მონიტორინგი, ანუ გარკვეული შუალედებით კონტროლი როგორც ექოსკოპიური, ისე ლაბორატორიული იმისთვის, რომ დადებითი დინამიკა დავინახოთ. ღვიძლის ფუნქციების დარღვევა ნებისმიერმა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ ყურადღებით უნდა მოხდეს პრობლემის გამომწვევი მიზეზის შეფასება. 

დღევანდელ დღეს მშობლებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ ხოლმე ჭარბი წონის ფონზე ღვიძლის გაცხიმოვნება. რა თქმა უნდა, ღვიძლს ჭარბი წონაც აზიანებს. შეიძლება, ფუნქციები დარღვეული არ იყოს, მაგრამ ღვიძლი გაცხიმოვნებული იყოს, რაც იმის გარანტია, რომ თუ ჩვენ ამას დროზე არ მივხედავთ, დროთა განმავლობაში, ის სხვაგვარადაც დაზიანდება.

წინწამოწეული თემაა სხვადასხვა ინსულინრეზისტენტობაც, რადგან ამ შემთხვევაშიც ზიანდება ღვიძლი. შესაბამისად, ისევ და ისევ კვებას და ფიზიკურ აქტივობას ვუბრუნდებით. ბავშვებში გაცხიმოვნებული ღვიძლის დროს დიდი მკურნალობის მეთოდები არ არსებობს. მედიკამენტური არჩევანი დიდი არ გვაქვს. ხშირად მშობლები მოდიან და ღვიძლის დამცავს კითხულობენ, ღვიძლის დაცვა არის ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა. ჩვენ  არ გვაქვს ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ღვიძლს სამარადჟამოდ დაიცავენ. ბავშვებში ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. დღის მანძილზე 30-40 წუთი ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს ფიზიკურად დატვირთული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კვებითი რეჟიმიც. დანარჩენად, ღვიძლის პრობლემა ბავშვებში შექცევადია, რაც იმას ნიშნავს, რომ  თავისუფლად შეიძლება, ღვიძლი საწყლის მდგომარეობას დაუბრუნდეს.