LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გამოჩნდებიან თბილისში ჰიბრიდული ავტობუსები?

38

დედაქალაქი ჰიბრიდულ ავტობუსების მოლოდინშია. ამ დროისთვის, იაპონური გრანტით გათვალისწინებულ საკითხებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

როგორც ”ფორტუნას” ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

”ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის მხარეს შორის, აღნიშნული გრანტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მიზნით” – განუცხადეს ”ფორტუნას” ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და განმარტეს, რომ გრანტის მიმღებ ორგანოდ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვრა.

ეკონომიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა ეტაპზეა მოლაპარაკების პროცესი.

საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის შეთანხმება 500 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 4.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე, წელს, მარტში გაფორმდა.

აღნიშნული გრანტის ნაწილით გაიწერა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი თაობის ავტობუსების შეძენა. კერძოდ, თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მარშრუტებზე სამოძრაოდ ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსები უნდა დაინიშნოს.

„მწვანე ტრანსპორტის“ პოპულარიზაციის მიზნით, ამავე გრანტით დაიგეგმა ორი მცირე ზომის ელექტრომობილის შეძენა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები