რა ინფორმაციას გვაძლევს ულტრაბგერითი კვლევა, შესაძლებელია თუ არა მისი დახმარებით სიმსივნური პროცესების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, რა სიმპტომების დროს არის რეკომენდებული ექოსკოპიის ჩატარება და საჭიროებს თუ არა ის გარკვეულ მომზადებას, არის თუ არა ექოსკოპიური კვლევა ორსულებისთვის საზიანო, რა სიხშირით არის რეკომენდებული აღნიშნული კვლევის პროფილაქტიკის მიზნით ჩატარება – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-რადიოლოგმა, ულტრაბგერის სპეციალისტმა – ლელა ბაინდურაშვილმა ისაუბრა.
ლელა, რატომ არის მნიშვნელოვანი ულტრაბგერითი კვლევა, რა ინფორმაციას გვაძლევს ის?
მოგეხსენებათ, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ეს არის მაღალი სიხშირის ტალღებზე დაფუძნებული კვლევა, რომელიც შინაგანი ორგანოებიდან და რბილი ქსოვილებიდან სტრუქტურული გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. მისი დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ ნორმა და პათოლოგია. მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს და სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი როლი მედიცინაში. ის არის შეუცვლელი, სწრაფი, არაინვაზიური კვლევის მეთოდი, აქ არ არის მაიონებელი გამოსხივება, შესაბამისად, ის გამოსაკვლევ ობიექტზე, იქნება ეს ბავშვი თუ მოზარდი, უარყოფით გავლენას არ ახდენს. სხვა რადიოლოგიურ კვლევებთან შედარებით, ფინანსურად ყველაზე ხელმისაწვდომია. პირველი ეტაპის, მარტივი, ადვილად ტოლერანტული კვლევაა.
რა ორგანოების კვლევაა დღეს ყველაზე აქტუალური?
როდესაც ადამიანს რაიმე აწუხებს ან არ აწუხებს და პროფილაქტიკის მიზნით უნდა ორგანიზმის გამოკვლევა, მიმართავს არაინვაზიურ, მარტივ კვლევას, ულტრაბგერას, ულტრასონოგრაფიას.
როდესაც ნებისმიერი ასაკის პაციენტი მოდის, ნებისმიერი ორგანოს გამოსაკვლევად, მაგალითად, მუცლის ღრუს, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სხვა, რეპროდუქციული სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, რბილი ქსოვილების, სახსრების, სანერწყვე ჯირკვლების, ასევე პერიფერიული ნერვების, ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას მივმართავთ.
რა სიმპტომების დროს არის რეკომენდებული ექოსკოპიის ჩატარება?
ექოსკოპიის მეშვეობით, შეგვიძლია, აღმოვაჩინოთ მთელი რიგი დაავადებები, ანთებითი პროცესებიდან დაწყებული, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესებით დამთავრებული. ვთქვათ, პაციენტს მწვავედ აწუხებს რაიმე, აქვს ტკივილები, პირველ რიგში, ამ დროს მოგვმართავს ულტრაბგერაზე. ასევე, თუ შეამჩნევს რაიმე სიმსივნურ წანაზარდს ორგანიზმზე. მედიცინაში ულტრასონოგრაფია გამოიყენება როგორც დამხმარე მეთოდიც, მაგალითად, რიგი ინტრაოპერაციული პროცესების დროს. ულტრაბგერის სპეციალისტები კლინიცისტებსაც ვეხმარებით, რომ დამიზნებითი კვლევით აწარმოონ ბიოფსია, ასევე ნერვების ასპირაცია და ა.შ.
შესაძლებელია, რომ სიმსივნური პროცესების ადრეულ ეტაპზე ამოსაცნობად ექოსკოპიური კვლევა სრულიად საკმარისი იყოს?
მოგეხსენებათ, ულტრასონოგრაფიაში არის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმების მიხედვით ჩვენ ვაფასებთ, არის ის კეთილთვისებიანი თუ საჭიროა, გავაღრმავოთ კვლევები და უფრო მაღალტექნოლოგიური, ინვაზიური ჩარევები გამოვიყენოთ.
ფარისებრის კვლევასთან მიმართებით, რამდენად საკმარისია ექოსკოპიური კვლევა იმისთვის, რომ ჩვენ ამოვიცნოთ, რა ტიპის პროცესთან გვაქვს საქმე, თუ ეს უბრალოდ საბაზისო კვლევაა და შემდეგ დამატებითი კვლევები გვჭირდება?
ულტრასონოგრაფია ფარისებრი ჯირკვლის კვლევაში ერთ-ერთი საბაზისო, სტრუქტურული კვლევაა. ძალიან ფართოდ მიღებულია ფარისებრი ჯირკვლის კვანძების კეთილთვისებიანობის და ავთვისებიანობის შემაფასებელი საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაფასებთ ფარისებრ ჯირკვალში არსებულ კვანძებს და მალიგნიზაციის რისკებს. ყველა კვანძს ვანიჭებთ კლასიფიკაციას და ამით კლინიცისტს ვეხმარებით, გადაწყვიტოს, როგორ მოექცეს შემდგომ ამ კვანძს, დააკვირდეს დინამიკაში, როდემდე დააკვირდეს, გააკეთოს დროულად ბიოფსია თუ ა.შ.
ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიით მიღებული ინფორმაცია ძალიან მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მიმდებარე ქსოვილებსაც მიმოვიხილავთ, ვადგენთ ლიმფური კვანძების მდგომარეობას, არის თუ არა ირგვლივ სხვადასხვა პროცესები… შემდეგ, კლინიკური, ლაბორატორიული ანალიზის მიხედვით, ენდოკრინოლოგი უკვე აჯამებს ინფორმაციას და შესაბამისად, ძალიან იშვიათად, რომ პაციენტს მაღალტექნოლოგიური, ინვაზიური კვლევის მეთოდები დასჭირდეს.
სჭირდება თუ არა ექოსკოპიურ კვლევას რაიმე ტიპის მომზადება, არის რაიმე წესი, რაც უნდა დავიცვათ?
ეს სხვადასხვა ორგანოების შემთხვევაში სხვადასხვაგვარადაა. მაგალითად, ფარისებრის კვლევას, არანაირი მომზადება არ სჭირდება, არ არის საჭირო არც უზმოზე ყოფნა და არც რაიმე სხვა პროცედურის შესრულება. ქალის რეპროდუქციული სისტემის გამოკვლევისას, მისი ციკლის პირველი ფაზის პერიოდში უნდა შეფასდეს ეს ორგანო. სასურველია, მუცლის ღრუ, ნაღვლის ბუშტი უზმოდ შეფასდეს. სახსრების, პერიფერიული ნერვების, რბილი ქსოვილების კვლევას არანაირი სათანადო მომზადება არ სჭირდება.
რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგია, ახალი აპარატი?
ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე აპარატურის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიდი სიზუსტით შეიძლება იყოს აღმოჩენილი უმცირესი პათოლოგიაც კი, შეფასდეს მასში უმცირესი სისხლით მომარაგებაც კი. მაღალტექნოლოგიური აპარატის საშუალებით უფრო დეტალურად შეგვიძლია გავარჩიოთ კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების ულტრაბგერითი პარამეტრები. სანდო და ზუსტი დიაგნოსტიკა სწორი სამკურნალო მეთოდის შერჩევას, გართულებების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ზრდის ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობას.
მუცლის ღრუს, საშვილოსნოს და მკერდის შემთხვევაში, რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს ულტრაბგერითმა კვლევამ, რა სიხშირით ვიკეთებთ კვლევას პრობლემის არსებობისას და რა სიხშირით პროფილაქტიკის მიზნით?
პრევენციის, პროფილაქტიკის მიზნით, აღნიშნული ორგანოების კვლევა, დაახლოებით, 6 თვეში ერთხელ შეგვიძლია, ეს იდეალური ვარიანტი იქნება. კარგი იქნება, თუ წელიწადში ერთხელ სრულ „check up“-ს გავიკეთებთ.
მუცლის ღრუს ორგანოებს, რა თქმა უნდა, უზმოზე დავათვალიერებთ, საშვილოსნოს ციკლის პირველ ფაზაში შევაფასებთ, რისთვისაც ძალიან ეფექტურია ტრანსვაგინალური კვლევა. ამავდროულად უნდა მოხდეს მკერდის კვლევაც. უმჯობესია, რომ მუცლის ღრუ, საშვილოსნო, მკერდი, ერთდროულად, როგორც ერთიანი რგოლი, ასე გამოვიკვლიოთ. ეს ძალიან ინფორმატიული იქნება.
რა თქმა უნდა, თუ რაიმე გვაწუხებს ამ მიმართულებით, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს და გავიკეთოთ კვლევები, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იდეალური ვარიანტი 6 თვეში ერთხელ არის.
ტკივილი მუცლის ღრუს, მკერდის ან სხვა არეში, რამდენად წარმოადგენს პირველივე ნიშანს იმისა, რომ ულტრაბგერითი კვლევა ჩავიტაროთ?
აუცილებელია, თუმცა გააჩნია ორგანოს, რადგან მოგეხსენებათ, ულტრაბგერა ვერ ხედავს ძვლის მიღმა სტრუქტურას, ჰაერის შემცველ ორგანოებს, მაგალითად, ვერ ვაფასებთ კუჭ-ნაწლავს. შეგვიძლია, შევაფასოთ გარეთა კედლები, ანუ გასქელებულია თუ არა კუჭის კედლები, ნაწლავების კედლები, მაგრამ შიდა ლორწოვანი შრე ჩვენთვის მიუწვდომელია. ასეა ფილტვებზეც, ჩვენ მას ვერ ვაფასებთ, ვაფასებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფილტვის ირგვლივ, პლევრის ღრუში არის სითხე ან რაიმე წარმონაქმნი. თუ ფილტვში არის ანთებითი პროცესი და ეს ადგილი ჩვენთვის მიღწევადია, მაშინ ანთებითი პროცესის დანახვა და ზომების აღებაც კი შეგვიძლია. ჩვენ, ასევე, ვერ ვაფასებთ თავის ტვინს, ხერხემლის მიმდებარე სტრუქტურებს, ეს უკვე მაღალტექნოლოგიური კვლევების, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის პრეროგატივაა.
ორსულებს ხშირად ეშინიათ ექოსკოპიური კვლევის ჩატარება, რომ გარკვეული ზიანი არ მიაყენონ ნაყოფს. თქვენი, როგორც რადიოლოგის რეკომენდაციით, ორსულობის პერიოდში, მაქსიმუმ რამდენჯერ შეიძლება ექოსკოპიური კვლევის ჩატარება?
მოგეხსენებათ დიაგნოსტიკური ულტრაბგერის მომხმარებლები და პაციენტები, ზოგადად, მას აღიქვამენ როგორც უსაფრთხო კვლევის მეთოდს, რომელსაც არ აქვს ორგანიზმზე უარყოფითი ზემოქმედება.
ორსულებში ულტრასონოგრაფია ფართოდ გამოიყენება, რის გამოც ექიმისთვის აუცილებელია უსაფრთხოების დაცვა. ულტრაბგერა ქსოვილებზე იწვევს თერმულ და მექანიკურ ზემოქმედებას, რაც აპარატიდან გამომავალი სიმძლავრის ზრდასთან ერთად მატულობს. სამეანო კვლევაში მთავარი პრობლემა არის სითბური ეფექტი, ჰიპერთერმია და ძირითადი საფრთხის ქვეშ არის ცენტრალური ნერვული სისტემა. მსოფლიოში მიღებულია ე.წ. ALARA – As Low As Reasonably Achievable პრინციპი, ანუ რაც შეიძლება დაბალი ენერგიით მივიღოთ მაქსიმალური დიაგნოსტიკური სიზუსტე. უნდა შევინარჩუნოთ გამოსხივების, რაც შეიძლება დაბალი მაჩვენებელი და დროის რაც შეიძლება მოკლე პერიოდში გამოვიკვლიოთ და მივიღოთ საკმარისი დიაგნოსტიკური გამოსახულებები. კვლევა უნდა ჩატარდეს მკაფიო ჩვენების მიხედვით. ზოგადად, არ არის აუცილებელი ორსულმა ყოველ კვირას იაროს აღნიშნული კვლევის გასაკეთებლად, არ შეიძლება, რადგან მას აქვს დოპლერის ეფექტი, რომელსაც ბევრად მეტი სითბური ეფექტი აქვს. ამისგან უნდა დავინდოთ ნაყოფი.
ზოგადად, დიაგნოსტიკური ულტრაბგერა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის უსაფრთხოა, რაიმე გრძელვადიანი დასაბუთებული გვერდითი ეფექტიც არ გამოვლენილა, მაგრამ რეკომენდაციები გვაქვს და გვეუბნებიან, რომ მკაცრი ჩვენების მიხედვით, რაც შეიძლება მოკლე დროის პერიოდში და მცირე ვადებით გავაკეთოთ. არ არის იმაზე მეტი კვლევა საჭირო, რაც ზოგადად, სახელმწიფო პროგრამებით არის მიღებული. ამაზე მეტი ნამდვილად არ არის საჭირო, ამით კარგს არ ვუკეთებთ ნაყოფს.
რას ურჩევდით პაციენტებს, რომელთაც რადიოლოგიური კვლევის ერთგვარი შიში აქვთ, რამდენად ურჩევდით თუნდაც ჩივილების გარეშე, პროფილაქტიკის მიზნით ექიმთან ვიზიტს?
ნებისმიერი ასაკობრივი ფენის პაციენტმა, იქნება ეს პედიატრიული, მოზარდი თუ მოზრდილი, რა თქმა უნდა, ჩივილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შესაბამის ექიმს, რომელიც საჭიროების მიხედვით, გაუშვებს ულტრასონოგრაფიაზე.
მაგალითად, პედიატრიულ პაციენტებში, ნებისმიერი ასაკიდან, წელიწადში ერთხელ შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის, მუცლის ორგანოების პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება და ეს ძალიან ინფორმატიული იქნება მშობლისთვისაც. გარდა ლაბორატორიული ანალიზებისა, ორგანოები სტრუქტურულადაც შეფასდება და გვეცოდინება მათი მდგომარეობა. ხდება ხოლმე, რომ ზრდასრულ ასაკში უცბად ვლინდება ისეთი პათოლოგია, რასაც აღარ ეშველება, თუმცა ამ პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, პაციენტს ადრეულ ასაკში პროფილაქტიკური კვლევა რომ ჩაეტარებინა.
თუ მუცლის ღრუს, მკერდის, ფარისებრის კვლევის შემდეგ, კარგი პასუხები გვაქვს, თუ ყველაფერი სუფთაა, შეიძლება, რომ ერთ წელიწადში რაიმე რადიკალურად შეიცვალოს?
ერთ წელიწადში რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდებით, თუმცა შესაძლოა, იყოს სიმსივნური პროცესის დასაწყისი, ადრეული ეტაპი. პრობლემის ამ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში კი, პაციენტს გამოჯანმრთელების 100 %-იან გარანტიას ვაძლევთ.