„როდის ითვლება ბავშვი ჭარბი წონის მქონედ, რა პრობლემებს, დაავადებებს იწვევს სიმსუქნე, რა სიმპტომები ახასიათებს დიაბეტს, როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ, რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, პედიატრმა – ნინო ხელაძემ ისაუბრა.
ქალბატონო ნინო, გარდა ვიზუალური შეფასებისა, როგორ უნდა განვსაზღვროთ ბავშვის წონა სცდება თუ არა გაიდლაინით დაშვებულ ნორმას, არის თუ არა ის ჭარბწონიანი, მსუქანი, როდის უნდა ავტეხოთ განგაში და დავგეგმოთ ექიმთან ვიზიტი, რომ შემდგომი, სიმსუქნის თანმხლები დაავადებები გამოვრიცხოთ?
სინამდვილეში, არ უნდა დავუშვათ ჭარბი წონის შეძენა და ბავშვის გასუქება, ანუ თავიდანვე, ჩასახვის მომენტიდან, მუცლად ყოფნის პერიოდიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ამაზე ფიქრი, ეს ყველაზე სწორი იქნება.
ჭარბი წონა და სიმსუქნე ბავშვებში ასოცირებულია დედის ჯანმრთელობასთან ორსულობისას, თუ რამდენს იმატებს ის წონაში, აქვს თუ არა სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი დარღვეული. შემდგომ, უკვე დაბადების წუთიდან არის შესაძლებელი გარკვეული რისკების მოდიფიცირება. რაც შეიძლება დიდხანს ძუძუს ჭამა არის ერთგვარი დამცველობითი ფუნქცია, რომ შემდგომ, ჭარბი წონა და სიმსუქნე არ განუვითარდეს ბავშვს. თუ ბავშვი წლამდე ასაკში ძალიან გასუქდა, ეს, პირიქით, დამატებით რისკფაქტორია. ძალიან მალე, პატარა ასაკიდან ტკბილეულის, ცომეულის და შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება, ეს ის რისკფაქტორებია, რომლებიც განათლებულმა მშობელმა ოჯახის შექმნისთანავე უნდა იცოდეს.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირია ჭარბი წონა, სიმსუქნე და მათი გართულებები, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. შესაბამისად, მშობელმა დაბადებიდანვე ყველაფერი უნდა დაგეგმოს და რისკები შეამციროს.
რაც შეეხება შეფასებას, ყველა ასაკის ბავშვს თავისი ნორმა აქვს და ეს ნორმები ყველა პედიატრმა იცის. აქ ფასდება არა მხოლოდ წონა და კილოგრამები, არამედ სიმაღლე, სხეულის მასის ინდექსი, ასაკი, სქესი, ძალიან ცდება თუ არა ბავშვის წონა დადგენილ ზედა ზღვარს და ა.შ. ამ ყველაფერს, წესით, ყველა ვიზიტზე აფასებენ პედიატრები.
მშობელს ძალიან მარტივად შეუძლია მიხვდეს, აქვს თუ არა ბავშვს წონის პრობლემა, თუ ბავშვს არ ეტევა მისი ასაკისთვის განკუთვნილი სამოსი. ასეთ დროს მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
აღსანიშნავია, რომ ხშირად, მშობლები ვიზუალის გამო კი არ მოგვმართავენ, არამედ იმის გამო, რომ ბავშვს სტკივა ფეხები, რომ ვერ ადის კიბეზე, რომ ძალიან მალე იღლება და ქოშინებს, რაც უკვე ჭარბი წონის გართულებაა.
რა განსხვავებაა დიაბეტი ტიპი ერთსა და დიაბეტი ტიპი ორს შორის?
შაქრიანი დიაბეტი სისხლში შაქრის მაღალ დონეს მოიცავს. პირველ და მეორე ტიპის დიაბეტებს სრულიად განსხვავებული მიზეზი და მექანიზმი აქვთ.
პირველი ტიპის დიაბეტის დროს, პანკრეასის ის უჯრედები, რომლებიც ინსულინს წარმოქმნიან, ზიანდებიან, კვდებიან და ამიტომ ვეღარ გამოიმუშავებენ საკმარის ინსულინს. ამ დროს, საბოლოოდ, ფაქტობრივად, აბსოლუტურ უკმარისობამდე მიდის ინსულინის, ანუ იმ ჰორმონის დონე, რომელმაც სისხლში შაქრის, გლუკოზის დონე უნდა შეამციროს.
რაც შეეხება მეორე ტიპის დიაბეტს, ალბათ, 10-20 წლის წინ, პედიატრებისთვის რომ გვეთქვა, რომ ის 18 წლამდე ასაკის პიროვნებასაც შეიძლება დაემართოს, სასაცილოდაც არ ეყოფოდათ, მაგრამ დღევანდელ დღეს, ეს უკვე რეალობაა. ამის რამდენიმე შემთხვევა ჩვენს ქვეყანაშიც არის და ეს ძალიან სამწუხარო საკითხი თანამედროვე, არაჯანსაღი ცხოვრების სტილმა მოიტანა. მეორე ტიპის დიაბეტი ძირითადად ჭარბი წონის მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში ვითარდება. ის მულტიფუნქციური დაავადებაა. კი, რა თქმა უნდა, გენეტიკურ განწყობას აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ ბავშვს არ აქვს წონის პრობლემა, თუ სულ ჯანსაღად იკვებება, არის ფიზიკურად დატვირთული, თუ აქვს ცხოვრების ჯანსაღი წესი, მას დიაბეტი ტიპი ორი არ დაემართება.
მეორე ტიპის დიაბეტის დროს, ინსულინი, თავიდან მაინც, უფრო ჭარბი არის, უბრალოდ, ბევრი ცხიმის გამო, ამ ინსულინის მიმართ არის რეზისტენტობა და ის კარგად ვერ აკეთებს თავის საქმეს, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომ სისხლში გლუკოზის დონე შეამციროს.
მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ, ორი 15 წლის მოზარდი ბიჭი, რომელთა შორისაც ერთ-ერთს აქვს ახლად გამოვლენილი დიაბეტი ტიპი ერთი, ხოლო მეორეს ახლად დიაგნოსტირებული დიაბეტი ტიპი ორი. ბიჭი, რომელსაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვს, ბევრად უფრო რთული, სერიოზული პაციენტია, ვიდრე დიაბეტი ტიპი ერთის მქონე.
თუ დიაბეტი ტიპი ერთის მქონე პაციენტი სწორად დაიცავს რეკომენდაციებს, რაც გულისხმობს ინსულინოთერაპიას, ფიზიკურ აქტივობას, სწორ კვებას, ის დიდხანს იქნება ჯანმრთელი.
მეორე ტიპის დიაბეტის მქონე 15 წლის მოზარდს ამავდროულად დაზიანებული ექნება თითქმის ყველა ორგანოთა სისტემა, ღვიძლი, სახსრები, ნაწლავები, ექნება ღვიძლის გაცხიმოვნება, არტერიული წნევა და ა.შ. მისი ყველა ორგანოთა სისტემა ბევრად უფრო დაზიანებული იქნება, ვიდრე დიაბეტი ტიპი ერთის მქონე პაციენტის.
თქვენ ბრძანეთ, რომ დიაბეტი ტიპი ორის განვითარების რისკის ქვეშ არიან ჭარბი წონის და სიმსუქნის მქონე ბავშვები, მაგრამ ვიცით, რომ დიაბეტი ტიპი ერთი შეიძლება აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, გამხდარ ბავშვთანაც განვითარდეს. არსებობს თუ არა რაიმე ისეთი ფაქტორები, გარდა გენეტიკურისა, რამაც შეიძლება, რომ დიაბეტი ტიპი ერთის განვითარებას მისცეს ბიძგი? ჩვენ მშობლებისგან ხშირად გვსმენია, რომ ბავშვს დიაბეტი ტიპი ერთი გადატანილი ვირუსის ფონზე, გადატანილი დიდი სტრესის ფონზე განუვითარდა, შესაძლებელია მსგავსი რამ თუ ეს უბრალოდ მითია?
მეცნიერებამ რაც ამ ეტაპისთვის იცის, არის ის, რომ პრაქტიკულად, დაბადებისთანავე შეიძლება მოხდეს იდენტიფიცირება იმ ბავშვების, რომელთაც აქვთ კონკრეტული გენეტიკური მასალა და აქვთ პირველი ტიპის დიაბეტის მომატებული რისკი. როცა ასეთ ბავშვებს წლების მანძილზე მისდიეს მეცნიერებმა, ნახეს, მათ ნელ-ნელა როგორ მოემატათ სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებიც აზიანებენ პანკრეასს და ეს ხდებოდა წლების მანძილზე, თუმცა ამ ყველაფრის გამოვლენა ხდებოდა მაშინ, როცა უკვე პანკრეასის იმ ბეტა უჯრედების, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ, 90% უკვე დახოცილი იყო. სისხლში ამის შემდეგ იწყებოდა შაქრის დონის აწევა და ეს ხშირად თან ახლდა სტრესს, რაიმე დიდ ნერვიულობას, გადატანილ ვირუსს.
რა თქმა უნდა, მშობლისთვის ძალიან რთულია, როცა ბავშვს დიაბეტი ტიპი ერთი უდგინდება, თუმცა ახლა, 21-ე საუკუნეში უკვე იმდენი საშუალებაა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ განსხვავებული ცხოვრების სტილს უდრის. თუ მშობელი და ბავშვი ყველა რეკომენდაციას შეასრულებენ და წესებს დაემორჩილებიან, ისინი დიდხანს, ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვრებენ.
პირველი, რასაც მშობლები მეკითხებიან, არის ის, თუ რისი ბრალია ეს ყველაფერი, არის თუ არა ეს მათი ბრალი და შეეძლოთ თუ არა რამის გაკეთება ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ჩვენს ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა სადღაც წელიწადზე მეტია, აშშ-ში გამოვიდა პრეპარატი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და შესაძლებელია ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომელთაც ჯერ დიაბეტი გამოვლენილი არ აქვთ, თუმცა არიან რისკის ქვეშ, რადგან აქვთ მაღალი ანტისხეულები, მაგრამ სისხლში შაქრის დონე ჯერ მაღალი არ აქვთ. ამ გზით ასეთ პაციენტებთან შესაძლებელია დიაბეტის სრული პრევენცია ან გადავადება მინიმუმ 3-5 წლით.
როგორია ტიპი ერთი დიაბეტის სიმპტომები, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?
შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები ტიპი ერთი იქნება ეს თუ ორი, პრინციპში, მსგავსია. უბრალოდ, ტიპი ერთი დიაბეტის დროს არის კლასიკური სიმპტომები ბევრი წყლის სმა, ბევრი შარდვა, ნელ-ნელა წონაში კლება, ზოგადი სისუსტე. ამ დროს, ბავშვებს არ შეუძლიათ თუნდაც ისეთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება, რაც ჩვეულებრივი იყო მათთვის, მაგალითად, თამაში, ასევე ხშირად ემართებათ ინფექციები, იქნება ეს ჩირქოვანი, კანის თუ საშარდე გზების.
თუ ბავშვი ისეთი პატარა ასაკის არის, რომ საფენი აცვია და თუ დედა ატყობს, რომ თუ აქამდე დღის განმავლობაში 2-ჯერ უცვლიდა, ახლა 4-5-ჯერ უწევს გამოცვლა, უნდა იფიქროს, რომ რაღაც საგანგაშოა. თუ ბავშვი სკოლის ასაკის არის და შესაბამისად, მშობელი ვერ აკონტროლებს, თუ რამდენ წყალს იღებს და რა სიხშირით შარდავს, ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ ბავშვი ხშირად დგება ღამე მოსაშარდად, თუ მანამდე ჩვეულებრივ ეძინა. ასევე, ასეთ დროს, შესაძლებელია, რომ ბავშვს ძილში გაეპაროს და ესეც განგაშის ზარი უნდა იყოს მშობლისთვის. ამ დროს მშობელმა უნდა შეამოწმოს მინიმუმ შარდის ანალიზი და გლუკოზის მაჩვენებელი. ასევე, საყურადღებოა, თუ ბავშვს აქვს აუხსნელი წონაში კლება, თუ არის დასუსტებული, უჭირს დილით ადგომა, თუ იგრძნობა სპეციფიკური აცეტონის მსგავსი სუნი.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დიაბეტისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, თქვენი რეკომენდაციით, პრევენციისთვის რა სიხშირით არის საჭირო გლუკოზის ტესტის ჩატარება?
თუ ბავშვს არ აქვს დატვირთული გენეტიკა, თუ არ აქვს ჭარბი წონა, არ აქვს სიმპტომატიკა, მაშინ შესაძლებელია, რომ სხვა რუტინულ კვლევებთან ერთად, წელიწადში ერთხელ დამატებით კვლევად აღნიშნული ანალიზიც გაიკეთოს. სრულიად უსიმპტომო ბავშვისთვის სისხლში შაქრის მუდმივად გაზომვას არანაირი აზრი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ხშირად, მშობლები სახლში გლუკომეტრით უზომავენ ბავშვს შაქარს, აღნიშნულ აპარატს კი ხშირად აქვს 10-15%-იანი ცდომილება.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს ჩივილები, აქვს ჭარბი წონა, მაშინ გლუკოზის ტესტი არის ერთ-ერთი რუტინული და აუცილებელი კვლევა. ამ დროს, ასევე სასურველია შარდის ანალიზის გაკეთებაც, რადგან არსებობს უშაქრო დიაბეტი, რომელსაც სისხლში შაქრის დონესთან კავშირი არ აქვს, რომელსაც სულ სხვა მექანიზმი აქვს, რომელიც არის თირკმლისმიერი ან ენდოკრინული.
ბავშვთა ასაკში მომატებული გლუკოზა შეიძლება, რომ გარდამავალი იყოს და რაიმე სხვა კონკრეტული მიზეზით, მაგალითად, ვირუსით, ბაქტერიული ინფექციით იყოს გამოწვეული და არა დიაბეტით?
კი, სტრესის დროს სისხლში გლუკოზის დონის მატება უბრალოდ სტრესზე პასუხია. ამავე დროს, ცოტათი, ოდნავ მაღალი გლიკემია შესაძლებელია ჰქონდეს ბავშვებს გარდატეხის ასაკში უზმოზე, იმიტომ, რომ ფიზიოლოგიურად, ამ დროს, ისედაც არის ინსულინისადმი რეზისტენტობა.
ხშირ შემთხვევაში, უცებ დაფიქსირდება ხოლმე მაღალი გლუკოზა სისხლში და ანამნეზის კარგად გამოკითხვის შემდეგ, აღმოჩნდება, რომ პაციენტს რაიმე ჩივილის გამო, ახლახან მიღებული აქვს დექსამეტაზონი ან რომელიმე ისეთი პრეპარატი, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს შედარებით წევს. აუცილებელია, რომ ინტერპრეტაცია ექიმმა მოახდინოს.
ამ დროს, ერთ-ერთი საყურადღებო ნიშანია კეტონების არსებობა შარდში ან სისხლში. ამ შემთხვევაშიც, უმჯობესია, მშობელმა თავად არ გააკეთოს ინტერპრეტაცია და დროულად მიმართოს ექიმს.
თუ ბავშვს უფიქსირდება დიაბეტი ტიპი ერთი ან ტიპი ორი, რამდენად რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვა?
ფიზიკური დატვირთვა ორივე შემთხვევაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. რეგულარული სპორტი ეს არის დიაბეტის საწინააღმდეგო ყველაზე კარგი საშუალება.
აღსანიშნავია, რომ ჭარბი წონის და ტიპი ორი დიაბეტის მქონე ბავშვებს თავიდან უჭირთ ფიზიკური აქტივობებით დაკავება, ამიტომ პირველი ეტაპისთვის, ზომიერად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი.
პირველი ტიპის დიაბეტისთვის ფიზიკური აქტივობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინსულინი, როგორც სპეციფიკური კვების ტიპი.
თანამედროვე მედიცინამ ძალიან გაამარტივა ამ ყველაფრის მართვა, არსებობს სისხლში გლუკოზის მუდმივი მონიტორინგის სისტემები. ალბათ, ბევრს გინახავთ პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვები, რომელთაც უკეთიათ ეს მოწყობილობა, რომელიც ყოველ 5 წუთში ავტომატურად ზომავს გლუკოზის დონეს და მაღალი ან დაბალი მაჩვენებლის დროს განგაშის ზარს ტეხს. ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება მშობელსაც და ექიმსაც.
ასევე, უკვე არსებობს, ფაქტობრივად, ხელოვნური პანკრეასი, პატარა მოწყობილობა, ინსულინის ტუმბო, რომელსაც კანქვეშ ნელ-ნელა, მუდმივად შეჰყავს ინსულინი. ეს ძალიან ამარტივებს პაციენტის ცხოვრებას, მას, ფაქტობრივად, ჯანმრთელი ადამიანის, ნორმალური პანკრეასის მქონე ადამიანის დონემდე მიჰყავს ბავშვის ცხოვრება.
მინდა გითხრათ, რომ საბედნიეროდ, გლუკოზის მუდმივი მონიტორინგის სისტემას სახელმწიფო უფასოდ აძლევს 18 წლამდე პირველი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს, მაგრამ ტუმბო მხოლოდ ერთეულ პაციენტებს აქვთ, მათ, ვინც შეძლეს შეძენა, რადგან ფინანსურად საკმაოდ ძვირია. აღსანიშნავია, რომ ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გათვალა ის, რომ ჯობია, ახლა ჩადონ თანხა ინსულინის ტუმბოებში, ვიდრე შემდეგ პაციენტების გართულებებში, სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაზიანების მკურნალობაში გადაიხადონ, რადგან დანახარჯი ბევრად განსხვავებული იქნება.
თქვენ ახსენეთ რამდენიმე კვლევა, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, შარდის ანალიზი… საბოლოოდ დასმული დიაგნოზისთვის არსებობს თუ არა კიდევ რაიმე დამატებითი, ჩაღრმავებული კვლევები?
დიახ, თუ ოჯახის ექიმმა ან პედიატრმა დააფიქსირა, რომ სისხლში მაღალია გლუკოზა, რომ შარდში არის კეტონები ან გლუკოზა ან შარდის ხვედრითი წონა არის დაბალი, ასეთი პაციენტის რეფერალი ბავშვთა ენდოკრინოლოგთან უნდა მოხდეს. შემდეგ, უკვე ჩატარდება სპეციფიკური კვლევები, როგორიცაა გლიკოზირებული ჰემოგლობინი სისხლში, ინსულინის მაჩვენებელი, თუ პირველი ტიპის დიაბეტზეა ეჭვი, არის კონკრეტული ანტისხეულები და ა.შ.
ვიცით, რომ დიაბეტის შემთხვევაში ინსულინოთერაპია წამყვანი მკურნალობის მეთოდია, ის ერთადერთი მეთოდია ამ ტიპის დაავადების მკურნალობისას თუ არის კიდევ მთელი რიგი რეკომენდაციები, რასაც უკვე დიაგნოსტირებული პაციენტები იცავენ?
პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვები, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად, რამდენჯერმე იკეთებენ ინსულინს კანქვეშ, მაგრამ მათთვის არის მთელი განათლების სისტემა, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ, რა სახის საკვებზე რამდენი ინსულინი უნდა გაიკეთონ, თუ სავარჯიშოდ მიდიან, როგორ უნდა მოიქცნენ… ამას სწავლა და დრო სჭირდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი, როცა მას რამე რთული ქრონიკული დაავადება აქვს, არის კარგად ინფორმირებული და ყოჩაღი მშობელი. ზოგჯერ დედებმა ჩვენზე ბევრად უკეთ იციან თავიანთი შვილების დიაბეტი, რადგან ისინი სწავლობენ, აკვირდებიან, ბავშვს როდის როგორი აქვს შაქარი და ა.შ.
მოზარდი ბავშვებიც უკვე კარგად უღებენ ალღოს მათ დაავადებას, მით უმეტეს, ახლა, როცა ტელეფონებზე, გაჯეტებზე, აპლიკაციებზე არის მიბმული ეს ყველაფერი და ბევრად გამარტივებულია.
ისეთი ოჯახები და ბავშვები, ვინც კარგად უღებს ალღოს, სწავლობს და უღრმავდება აღნიშნულ დაავადებას და ერთი გაწერილი რეცეპტით არ შემოიფარგლება, ბევრად უფრო კარგად და სწორად მართავენ სიტუაციას, რადგან ამ ყველაფერს, როგორც განსხვავებულ ცხოვრებს წესს, ისე უყურებენ. მართლაც, ასეთი ბავშვების ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ კოსმონავტები ვერ გახდებიან.
მართალია, ბავშვებისთვის ემოციურად და შესაგუებლად რთულია, შაქარი რომ ერევათ, მაგრამ მათ უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათ არ სჭირთ რაიმე განსაკუთრებული და ტრაგიკული, რომ ეს უბრალოდ განსხვავებული ცხოვრების წესია. თუ ისინი სწორად იფიქრებენ ამ ყველაფერზე, სწორად მოიქცევიან, ყველაფერი კარგად ექნებათ.
როგორც აღნიშნეთ, ჭარბი წონა დიაბეტი ტიპი ორის განვითარების რისკს წარმოადგენს… როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები იმ მშობლებისთვის, რომელთა ბავშვებსაც ძალიან უყვართ ტკბილი, არაჯანსაღი საკვები, ასევე მათთვის, რომელთაც უკვე დადასტურებული აქვთ დიაბეტი ტიპი ერთი ან ტიპი ორი?
დიაბეტი ტიპი ორის მართვაც და მკურნალობაც ცოტათი უფრო რთულია, ასევე საკმაოდ ლიმიტირებულია მედიკამენტები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში.
ზოგადად, ბევრი რამ არის დამოკიდებული ოჯახზე. ჩვენ ხშირად ვხვდებით სიტუაციას, როცა ბებია-ბაბუას აქვს დიაბეტი, დედ-მამას ჭარბი წონა და ამ დროს ბავშვიც ჭარბი წონით მოჰყავთ ექიმთან. ამ დროს, ბავშვი ვერ იქნება იზოლირებული პაციენტი, რადგან მას უდიდესი ნებისყოფა და შრომა დასჭირდება, რომ თავისი ოჯახის ტიპური სიტუაციიდან გამოვიდეს. როცა 15-16 წლის ბავშვს უკვე აქვს დიაბეტი და ეს ოჯახის არასწორი, არაჯანსაღი ცხოვრების წესიდან მოდის, უნდა შეიცვალოს მთლიანად ოჯახის მიდგომა და ცხოვრების წესი.
ჩვენ ახლა ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ტკბილეულის და ცომეულის სიყვარული, ისეთივე მავნე ჩვევად ითვლება, როგორც ნიკოტინის მოხმარება. ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ბავშვს მხოლოდ კვირაში ერთხელ აძლევენ ერთ ტკბილეულს. ძალიან სამწუხაროა, რომ რეგიონებიდან ჩამოსული, აღნიშნული პრობლემის მქონე ბავშვები ხშირად აღნიშნავენ, რომ მართ ირგვლივ ფიზიკური აქტივობისთვის არ არის არანაირი სივრცე.