LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმარება დენვერის ადრეული განვითარების მოდელი აუტისტური სპექტრის ბავშვებს? – თინათინ ავსაჯანიშვილი პროგრამის შესახებ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან

614
თინათინ-ავსაჯანიშვილი

ნატა ხარაშვილის გადაცემას სტუმრად ექიმთან“ დენვერის ადრეული ჩარევის სპეციალისტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი – თინათინ ავსაჯანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც აუტისტური სპექტრის აშლილობაზე, მეტყველების დარღვევებზე, საყურადღებო სიმპტომებზე, დენვერის ადრეული ჩარევის პროგრამაზე, თერაპიის მნიშვნელობაზე და სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

რით შეიძლება განვასხვაოთ აუტიზმი განვითარების ეტაპების შეფერხებისგან და სხვა ისეთი პრობლემებისგან, რომელიც ძალიან ჰგავს აუტიზმს?

ზოგადად, აუტიზმი ეს არის ნეიროგანვითარების მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ხასიათდება სირთულეებით სოციალურ-კომუნიკაციურ სფეროში, შეზღუდული ინტერესებით, განმეორებითი ქცევებით. სოციალურ-კომუნიკაციური სირთულეები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაგვარად შეიძლება ვლინდებოდეს, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სირთულეები სოციალური გაცვლა-გამოცვლის ეპიზოდებში, დიალოგის წარმოებაში, არავერბალური მანიშნებლების აღქმაში. შეზღუდულ, განმეორებით ქცევებსა და ინტერესებში იგულისხმება ის, რომ შეიძლება ადამიანთან ვლინდებოდეს განმეორებითი ქცევები, რუტინები, მას შეიძლება ჰქონდეს გამოკვეთილი ინტერესი სპეციფიკური თემების, ნივთების მიმართ, რაც შეიძლება ხელს უშლიდეს სხვა მნიშვნელოვან საქმიანობებში ჩართვაში. არა ყოველთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ენის განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები, კოგნიტურ, ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს სფერო ყოველთვის არ არის დარღვეული, ყოველთვის არ არის სირთულეები განვითარებაში, ეს სირთულეები სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა სახით და ხარისხით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, სწორედ ამიტომ არის ხოლმე ზოგჯერ დიაგნოსტირება შედარებით რთული. აუტიზმის სპექტრის აშლილობა ძალიან მრავალფეროვანი მდგომარეობაა, რადგან ამ სპექტრზე დარღვევები სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დიაგნოსტირება კვალიფიციური სპეციალისტის მიერ მოხდეს, რომ შემდგომ, სწორი და დროული ჩარევა განხორციელდეს.

რა ასაკიდან შეიძლება ვივარაუდოთ აუტისტური სპექტრის დარღვევის არსებობა და რა შეიძლება, რომ პირველ სიმპტომებად, ნიშნებად მოგვევლინოს?

ძირითადად, მშობლები დაახლოებით 1-2 წლის ასაკიდან ამჩნევენ ხოლმე ადრეულ ნიშნებს, თუმცა რეალურად, იქამდეც არის გარკვეული ნიშნები, რომლებიც განვითარებაში გარკვეული სირთულეების მანიშნებელი შეიძლება იყოს, მაგალითად, სოციალური გაცვლა-გამოცვლის ეპიზოდები, როცა ბავშვს ვუღიმით, გვიღიმის თუ არა ისიც, ობიექტების მიმართ უფრო მეტი ინტერესი აქვს თუ ადამიანების მიმართ, ასევე საყურადღებოა, თუ ტიტინი აგვიანებს, თუ ნაკლებად ვლინდება ვოკალური თამაშები, რეაგირებს თუ არა ბავშვი სახელზე.

მოგვიანებით ასაკში უკვე ვაკვირდებით, თუ როგორ თამაშობს ბავშვი. მათ ხშირად აქვთ ხოლმე განმეორებითი, რუტინული თამაშები, მაგალითად, სათამაშოების მწკრივში ჩალაგება და თუ ეს თანმიმდევრობა დაირღვა, ამან შეიძლება, ძალიან დიდი პროტესტი და შფოთვა გამოიწვიოს.

საყურადღებოა, თანატოლებთან ურთიერთობაც, არიდებს თუ არა თავს მათთან კონტაქტს, მარტოს ურჩევნია თამაში თუ თანატოლებთან ერთად და ა.შ. დაახლოებით, წლინახევრის ასაკამდე, განვითარება შეიძლება ტიპურად მიდიოდეს და შემდგომ გამოვლინდეს განვითარებაში რეგრესი, მაგალითად, მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი აღარ იყენებს იმ სიტყვებსაც კი, რომელსაც აქამდე იყენებდა. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია და ამ დროსაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რომ მოხდეს პრობლემის სწორი, ზუსტი იდენტიფიცირება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკე აღებული ეს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ხშირად დამაბნეველია ხოლმე მშობლისთვის, მაგალითად, ცალკე აღებული ის ფაქტი, რომ ბავშვს მოსწონს თამაშის დროს მანქანების მწკრივში ჩალაგება, შეიძლება, არაფრის მანიშნებელი იყოს. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ექიმთან დროული ვიზიტი და სიტუაციის დროული შეფასება.

არსებობს სტატისტიკა, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევები ბიჭებში უფრო მეტად გვხვდება, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ გოგოები უფრო კარგად „ფუთავენ“ არსებულ სიმპტომებს. რით შეიძლება აიხსნას ეს ყველაფერი?

რეალურად, სტატისტიკაც და პრაქტიკაც გვეუბნება, რომ აუტიზმის სპექტრი ბიჭებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. მდგომარეობის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, როგორც ბიჭებში, ისე გოგოებში აუტიზმი მრავალფეროვნად შეიძლება იყოს გამოხატული.

როგორც აღნიშნეთ, გოგონებში ხშირია ე.წ. შენიღბვა, კამუფლაჟი და ნაკლებად შესამჩნევი არის ხოლმე სიმპტომები. გოგოების შემთხვევაში, შეზღუდული ინტერესები შეიძლება უფრო სოციალურად მისაღები თემების მიმართ იყოს გამოხატული, მაგალითად, ცხოველების, თოჯინების, ტანსაცმელების.

ემოციურ რეგულაციასთან დაკავშირებული სირთულეები ბიჭების შემთხვევაში უფრო გარეგანი კუთხით არის გამოხატული, მაგალითად, ტანტრუმებით, პროტესტით, გოგონების შემთხვევაში, შინაგანი შფოთვით ან პერფექციონიზმით.

ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, აუტიზმის დიაგნოსტირება გოგონებთან შედარებით უფრო რთულია და შედარებით უფრო გვიან ასაკშიც ისმევა დიაგნოზი, მეტიც, ზოგჯერ, უკვე ზრდასრულმა ადამიანმა შეიძლება, თავად მიიტანოს ეჭვი აუტიზმზე და მიმართოს სპეციალისტს.

რეალურად, სირთულეები გოგოების და ბიჭების შემთხვევაში ერთია, უბრალოდ, გამოხატულება არის განსხვავებული.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის შემთხვევაში, მეტყველება ყოველთვის აგვიანებს? თუ კი, რა არის ამ დროს გამოსავალი, რამდენად მნიშვნელოვანია მეტყველების თერაპია, მისი ადრეული ასაკიდან დაწყება და ზოგადად, რა როლი აქვს მას?

აუტიზმთან მიმართებით, არ არის აუცილებელი, რომ ყველა შემთხვევაში ენობრივი სირთულეები იყოს სახეზე. ამ დროს, ბავშვი შეიძლება, საერთოდ არ იყენებდეს სიტყვებს ან თავისუფლად ახდენდეს აზრების ფორმირებას სიტყვების საშუალებით.

არ არის აუცილებელი, რომ ენობრივი სირთულეები რაღაც მდგომარეობასთან ერთად არსებობდეს, ეს შეიძლება პირველადი პრობლემა იყოს. ენობრივი სირთულეების დროს, შეიძლება, გართულებული იყოს გაგება ან გამოხატვა.

ადრეული ჩარევა უმნიშვნელოვანესია, რადგან როგორც კვლევები გვეუბნება, ადრეულ ასაკში დაწყებული თერაპია, სამომავლოდ, ბევრად უკეთეს შედეგებთან არის დაკავშირებული.

გასათვალისწინებელია ის მეორეული შედეგები და პრობლემები, რაც ენობრივ სირთულეებს შეიძლება ახლდეს თან, რადგან ენის განვითარება ბევრ სხვა სფეროს განვითარებასთან არის დაკავშირებული.

ზოგადად, აღნიშნული პრობლემის მიმართულებით მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია და ამას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის, ის, რომ მშობლების ცნობიერება უფრო გაზრდილია და რომ ისინი უფრო დაკვირვებულები არიან, ასევე გაიზარდა პედიატრების ცნობიერებაც, ინსტრუმენტებიც, რომელიც ბავშვებში ადრეულ განვითარებას აფასებს, შესაბამისად, სირთულის იდენტიფიცირება ახლა ბევრად ადრეულ ასაკში ხდება. საგულისხმოა, თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების სტილი და წესიც, მათ შორის, გაჯეტებთან მიმართებით. მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან, ეკრანთან, რის გამოც მისი სოციალური გამოცდილებები, ცოცხალი კომუნიკაცია და ინტერაქცია, რეალურად საიდანაც სწავლობენ ბავშვები ენას, ნაკლებია, რაც გარკვეულ წილად, ხელს უწყობს ენობრივი სირთულეების, დარღვევების არსებობას.  შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის დროული და სწორი იდენტიფიცირება და თუ არ არის პრობლემა, უმჯობესია, რომ ესეც სპეციალისტმა გვითხრას.

რაც შეეხება თერაპიის შედეგებს, ეს ყველა ბავშვთან განსხვავებულია, რადგან თერაპიის მიზანი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითისთვის, თუ ბავშვი პირით, სიტყვებით ვერ ახერხებს აზრების გამოთქმას, ამ დროს, საჭიროა, ვეძებოთ სხვა დამატებითი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ბავშვი თავისი აზრების, ფიქრების, ემოციების გადმოცემას შეძლებს, ეს შეიძლება იყოს ალტერნატიული დამხმარე საშუალებები, თუნდაც ბარათებით კომუნიკაცია და ა.შ.

ახსენეთ, რომ თერაპიის მიზანი ყველა ბავშვთან განსხვავებულია, როგორ, რის მიხედვით ხდება მიზნის განსაზღვრა? ზოგადად, რას წამოადგენს დენვერის ადრეული განვითარების პროგრამა, რამდენ ეტაპს მოიცავს ის და რა მიმართულებით ხდება ბავშვებთან მუშაობა?

დენვერის ადრეული ჩარევის პროგრამაზე რომ ვისაუბროთ, ის 1-დან 5 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის არის შემუშავებული და განვითარების ყველა სფეროს მოიცავს, განსაკუთრებით, ენის, სოციალური უნარების, კოგნიტური უნარების, თამაშის განვითარებაზე ფოკუსირდება. ზოგადად, დენვერის ადრეული ჩარევის პროგრამა საუკეთესო პრაქტიკებს აერთიანებს. ის ეფუძნება ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს, ანუ როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს და ასევე ცოდნას განვითარების ფსიქოლოგიიდან, როგორ სწავლობენ ბავშვები, რა არის მნიშვნელოვანი განვითარებაში, რა სფეროებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ა.შ.

რაც შეეხება მიზნებს, დენვერის ადრეული ჩარევის პროგრამას თავისი შეფასების ინსტრუმენტი აქვს და ის გვიჩვენებს, ამ თითოეულ სფეროში განვითარების რა ეტაპები უნდა იყოს შემდეგი, ანუ ერთგვარი რუკა არის ჩვენთვის, ის გვიჩვენებს, თუ სად ვართ და სად გვინდა, რომ ვიყოთ მომავალი 3 ან 6 თვის განმავლობაში და როგორ უნდა მივიდეთ ამ მიზნამდე და ამ ცოდნას თერაპიულ პროცესში იმგვარად თარგმნის, რომ ბავშვისთვის საინტერესო, პოზიტიური, სახალისო და ეფექტური იყოს ეს ყველაფერი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თამაშზე აქცენტირება, რომელიც ბავშვის ძირითადი საქმიანობაა.

დენვერის ადრეული ჩარევის პროგრამა რით განსხვავდება ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამისგან?

ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა უფრო ფართო არის და განვითარების სხვადასხვა მდგომარეობას მოიცავს. დენვერის ადრეული ჩარევის პროგრამა სპეციფიკურად აუტიზმის მქონდე ან მსგავსი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის არის. დენვერის ადრეული ჩარევის პროგრამა მოიცავს სპეციფიკურ სტრატეგიებს, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ბავშვებთან, რომელთაც სოციალურ-კომუნიკაციური თუ სხვა სახის სირთულეები აქვთ. აუტიზმთან მიმართებით, არსებობს სხვა მიდგომებიც, რომლებიც ასევე ეფექტურია, მაგრამ განსხვავებაა თეორიულ და პრაქტიკულ ჩარჩოებს შორის. მაგალითად, დენვერის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესები, ამ დროს, თერაპიული პროცესი თამაშის საშუალებით მიმდინარეობს. თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ბავშვი ბევრ უნარს ავლენს, ასევე ბევრ რამეს სწავლობს. თამაში თერაპევტებს საშუალებას გვაძლევს ბავშვისთვის ბევრი სასწავლო გამოცდილება შევქმნათ. ამ პოზიტიური ინტერაქციის ფარგლებში ბავშვები ბევრად უფრო ეფექტურად სწავლობენ, ვიდრე მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ძალდატანებით, ბავშვისთვის უსიამოვნო გარემოში ხდება. მშობლები ხშირად კითხულობენ –  „მხოლოდ უნდა ითამაშოთო?“, მაგრამ თამაში, მხოლოდ თამაში არ არის, ეს არის სწავლების საშუალება, ინსტრუმენტი, რომელსაც იმისთვის ვიყენებთ, რომ ეს პროცესი ბავშვისთვის სასიამოვნო იყოს. თანამედროვე მიდგომები მთლიანად აგებულია იმაზე, რომ თამაშით ხდებოდეს სწავლება.

დენვერის პროგრამაში ჩართული ბავშვებისთვის უფრო ინტენსიურია თუ არა დატვირთვა და როგორ შეიძლება აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა?

რაც შეეხება პროგრამაში ჩართვას, ხშირად ნეიროფსიქოლოგები, განვითარების ფსიქოლოგები, ნევროლოგები, ფსიქიატრები ბავშვის შეფასების შემდეგ, სირთულეების და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირების შემდეგ, ახდენენ გადმომისამართებას. ზოგიერთ შემთხვევაში, მშობლები პირდაპირ მოგვმართავენ ხოლმე, როცა აღმოაჩენენ, რომ ბავშვის განვითარებაში რაღაც ისე ვერ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადრეულად მოხდეს ბავშვთან ჩარევა.

რა იგულისხმება პროგრამაში ადრეულად ჩართვაში, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა?

როდესაც აუტიზმის სპექტრზე გვაქვს საუბარი, ეს ასაკი განსხვავებული შეიძლება იყოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ ნიშნებს მშობლები 1-დან 2 წლამდე ასაკში ამჩნევენ. შემჩნევიდან პროგრამაში ჩართვამდე დიდი პერიოდი არ უნდა გავიდეს, რომ ეს ძვირფასი დრო არ დავკარგოთ. ადრეულ ასაკში, თუნდაც, 3 თვე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. ძალიან ბევრი კვლევა გვეუბნება, რომ ადრეულ ასაკში დაწყებული ჩარევა, ბევრად უფრო კარგ შედეგებთან არის დაკავშირებული. განვითარების ადრეულ ეტაპზე თავის ტვინი ბევრად უფრო მოქნილია ახალი გამოცდილებების მიმართ და ამ დროს, სტრუქტურული ცვლილებების მოხდენაც კი შეიძლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროგრამაში მოგვიანებით ასაკში ჩართულ ბავშვებთან შედეგები არ დგება, ჩარევას ყოველთვის აქვს აზრი, უბრალოდ, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ადრეული ასაკი, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას.

დენვერის ადრეული ჩარევის თერაპია საქართველოში სულ რამდენიმე წელია, რაც დაინერგა. ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასს“, რომელმაც ხელი შეუწყო სპეციალისტების გადამზადებას იმ საერთაშორისო ტრენინგების ფარგლებში, რომლებიც აღიარებულია დენვერის ასოციაციის მიერ. საქართველოს მასშტაბით 11 სპეციალისტი გადამზადდა. „პორტიჯის ასოციაციაში“ გავაგრძელეთ ეს დაწყებული პროცესი და გავიარეთ შემდგომი გადამზადება, სადაც საერთაშორისო სპეციალისტი გვიწევდა სუპერვიზიას. ჩვენი გუნდის ოთხმა წევრმა გავიარეთ ეს საბოლოო ეტაპი და მივიღეთ საერთაშორისო თერაპევტების სტატუსი, რაც ძალიან გვიხარია, რადგან საქართველოშიც ექნებათ ბავშვებს საშუალება ხარისხიანი, მრავალფეროვანი სერვისები მიიღონ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშობელს თავად შეუძლია მოგვმართოს. თერაპიაში ჩასართავად, არ არის აუცილებელი, რომ ბავშვი დიაგნოსტირებული იყოს. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უმჯობესია, უკვე დავიწყოთ თერაპიული პროცესი და შემდეგ მოხდეს დიაგნოსტირება, რადგან ეს შეიძლება ხანგრძლივი პროცესი იყოს.

არიან ბავშვები შედარებით უფრო რთული ქცევებით და არიან ბავშვები შედარებით უფრო ნაკლები პრობლემებით, ამ დროს მოლოდინები თერაპიის შედეგების მიმართ განსხვავებულია?

მოლოდინებთან და შედეგებთან დაკავშირებით კითხვები ხშირად აქვთ ხოლმე მშობლებს, თუმცა პროგნოზებზე და მოლოდინებზე პასუხი წინასწარ არასდროს გვაქვს. ბავშვის განვითარება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ რომელიმე ფაქტორზე, მაგალითად იმაზე, თუ რამდენ ხანს იქნება თერაპიაში ჩართული, რამდენად ინტენსიური იქნება თერაპია, როგორი იქნება მშობლის ჩართულობა, თუ რა სირთულეები აქვს ბავშვს და ა.შ. მოლოდინებზე საუბრისას, გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებას თავს ვარიდებთ. ვისახავთ 3-6 თვიან მიზნებს, რომელთაც გვინდა, რომ მივაღწიოთ და შემდგომ ვაკვირდებით დინამიკას. ბავშვები მრავალფეროვანი განსხვავებული სირთულეებით არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად, განსხვავებულად, უნიკალურად ვუდგებით ყველა შემთხვევას, განვიხილავთ, თუ რა არის ბავშვისთვის მნიშვნელოვანი აქ და ამჟამად და თუ რას უნდა მივაღწიოთ.

თუ ბავშვი ახერხებს კომუნიკაციას, თუ იგი ჩართულია სოციალურ-გაცვლა გამოცვლის ეპიზოდებში, თუ მაქსიმალურად დამოუკიდებელია (ასაკის შესაბამისად), თუ მშობელი მაქსიმალურად გაძლიერებულია იმისთვის, რომ საკუთარი შვილის უფლებების ადვოკატირება მოახდინოს ან დაეხმაროს შვილს განვითარებაში, თუ ოჯახი, როგორც სისტემა შეთანხმებულია, მათი კეთილდღეობა უზრუნველყოფილია, შეიძლება ითქვას, რომ ძირითად, ბაზისურ მიზანს მივაღწიეთ.

როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა თერაპიის პროცესში, რა როლი აქვთ მათ, თუნდაც, დენვერის ადრეული ჩარევის პროგრამაში?

რეალურად, მშობელი თერაპიული პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სპეციალისტს ვერასდროს ექნება იმდენი ცოდნა კონკრეტული ბავშვის შესახებ, რამდენიც აქვს მშობელს. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურად მუშაობას, სპეციალისტსა და მშობელს შორის ინფორმაციის, მიზნების, სტრატეგიების გაზიარებას, ხელშეწყობას, დახმარებას. შესაძლოა, მშობელი უშუალოდ თერაპიულ პროცესსაც ესწრებოდეს და თავად იყოს თერაპევტის როლში. იქიდან გამომდინარე, რომ დენვერის ადრეული ჩარევის დაფინანსებული პროგრამები არ არსებობს და საკუთარი ფინანსური რესურსით ერთვებიან ოჯახები, თერაპია ძალიან ინტენსიური ვერ არის ხოლმე და კვირაში დაახლოებით 2 საათიანი თერაპია არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა გააგრძელონ მუშაობა ბავშვთან და ის, რასაც ცენტრის ბაზაზე ვაკეთებთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგონ, რომ მოხდეს ამ ყველაფრის გარემოში გადატანა, გენერალიზება.