„რა არის პანიკური შეტევა და როგორ ამოვიცნოთ ის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მიმართებაში გენეტიკურ წინასწარგანწყობას, როგორ უნდა მოვიქცეთ მოულოდნელად აღმოცენებული პანიკური შეტევის დროს, როგორ ვებრძოლოთ შფოთვებს და ფობიებს, რა დროს არის აუცილებელი სპეციალისტთან ვიზიტი“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სათემო მობილური სერვისის ხელმძღვანელმა, ფსიქიატრმა – თამარ ალადაშვილმა ისაუბრა.
თამარ, რა არის პანიკური შეტევა, როგორ ამოვიცნოთ ის და როგორ განვასხვაოთ შიშისგან?
პანიკური შეტევა, პანიკური ეპიზოდი არის ინტენსიური შიში, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ კულმინაციას აღწევს. ზოგადად, პანიკური შეტევა შეიძლება 5-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდეს, მაგრამ აღწერილია უფრო ხანგრძლივი, 30 წუთიანი და უფრო დიდ მონაკვეთიანი შეტევებიც კი, რაც საკმაოდ გაუსაძლისია ადამიანისთვის.
პანიკურ შეტევას და შიშს, რომელიც ითვლება, რომ უმეტეს შემთხვევაში არის რაციონალური, მექანიზმი აბსოლუტურად იდენტური აქვთ, უბრალოდ, კი, შეიძლება, რომ პანიკური შეტევის პირველი ეპიზოდი ნამდვილად რაიმე სტრესულ სიტუაციას, გამოცდილებას მოსდევდეს, მაგრამ შემდგომში, ძალიან ხშირად, ის ყოველგვარ მიზეზ-გარეშე, რაიმე წინასწარი, გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე ვითარდება.
სტრეს ადაპტაციის მექანიზმი ყველა ცოცხალი ორგანიზმის და განსაკუთრებით, ადამიანის ბუნებაში არის ჩადებული და ის გვეხმარება იმაში, რომ საფრთხეს გავექცეთ. ზოგადად, შიში პანიკური შეტევებისგან, თუნდაც, ფობიებისგან განსხვავდება იმით, რომ შიში არის ჩვეულებრივი რეაქცია მოსალოდნელ საფრთხეზე, რასაც ორი სავარაუდო რეაქციით ვცემთ პასუხს, გაქცევა და ისე გადარჩენა ან დარჩენა და ბრძოლით გადარჩენა. დღესდღეობით, აქტიურად მიდის მსჯელობა, რომ დაამატონ მესამე ვერსიაც, ე.წ. Freeze, ანუ გაყინვა, რადგან ადამიანი ზოგჯერ აბსოლუტურად იყინება საფრთხის წინაშე.
როგორც უკვე აღვნიშნე, შიშის და პანიკური შეტევების მექანიზმი აბსოლუტურად ერთი და იგივეა, იგივე ნეირომედიატორები და ჰორმონებია ჩართული ორივე პროცესში, უბრალოდ, განსხვავება არის ის, რომ პანიკური შეტევები არის ირაციონალური, ჩვეულებრივი შიშის რეაქცია კი გადარჩენაში გვეხმარება და ის საჭიროა იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ საფრთხეს ან შევეგუოთ ნებისმიერ ცვლილებას, რომ მოვახდინოთ გარემოში ადაპტაცია.
გენეტიკური ფაქტორებით თუ შეიძლება იყოს განპირობებული პანიკური შეტევები, ასევე, არსებობს თუ არა რაიმე ისეთი ტიპის წინაპირობა, რამაც შეიძლება, რომ მოწყვლადი გახადოს ადამიანი იმის მიმართ, რომ მას დროთა განმავლობაში, პანიკური შიშები განუვითარდეს?
ზოგადად, გენეტიკაზე აქტიურად ვმსჯელობთ ხოლმე და ეს ეხება არამხოლოდ ფსიქიკურ, მენტალურ ჯანმრთელობას, არამედ ზოგადად, სამედიცინო მდგომარეობებს. ვამბობთ, რომ თუ არის გენეტიკური წინასწარგანწყობა, მოწყვლადობა უფრო მეტია. თუ ადამიანის პირველი რიგის ნათესავებს აღენიშნებათ ნაკლები სტრესმედეგობა, მეტი მიდრეკილება შფოთვითი ან დეპრესიული აშლილობების მიმართ, ასეთ ადამიანებს სტრესთან შეჯახებისას, პანიკური შიშების განვითარების მეტი შანსი აქვთ, თუმცა ეს არ არის გარანტორი, აქ მხოლოდ შანსებზეა საუბარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე მოხდება.
აღსანიშნავია, რომ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს გადატანილი პანიკური შეტევა, მაგრამ ამან არ მიიღოს პანიკური აშლილობის ხასიათი. პანიკური აშლილობა უფრო ხანგრძლივი პროცესია, პანიკური აშლილობა არის, როდესაც რეკურენტული ან განმეორებადი ეპიზოდები გვაქვს, როდესაც პირველი ეპიზოდის მერე, მინიმუმ ერთი თვე მაინც, ადამიანი წინასწარ ღელავს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ არ დაემართოს შეტევა, განსაკუთრებით, მისთვის მოულოდნელ და დაუცველ პირობებში. სამუშაოთი, ცხოვრებისეული, ფინანსური პრობლემებით და ა.შ. გამოწვეული სტრესი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად აქვეითებს ადამიანის ე.წ. ფსიქოლოგიურ იმუნიტეტს და უფრო მიმღებელს ხდის პანიკური, შფოთვითი აშლილობების მიმართ. ამ დროს, თავის ტვინში და ზოგადად ორგანიზმში გვაქვს სტრესის ჰორმონების, ადრენალინის, იგივე ეპინეფრინის სიჭარბე და გვაქვს ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის და დოფამინის დონის დაქვეითება და სამწუხაროდ, ეს ქიმიური ძვრები იწვევს ამ პანიკურ აშლილობას.
ფსიქიკური აშლილობის, ინტენსიური შფოთვის დროს ყველაზე ცუდი არის ის, რომ გვაქვს ძალიან მკვეთრად გამოხატული ფიზიოლოგიური რეაქცია, გულისცემის აჩქარება, სუნთქვის გახშირება, მოხრჩობის შეგრძნება. ამ დროს, ყველაზე მკვეთრი და შემაწუხებელია შიში, რომ ადამიანმა არ დაკარგოს კონტროლი საკუთარ თავზე, ასევე მკვეთრია სიკვდილის შიში. ჩვენი პაციენტები ხშირად აღწერენ ხოლმე, რომ პანიკური შეტევების დროს, გაგიჟების შიში ჰქონიათ.
როგორც აღნიშნეთ, პანიკური შეტევის დროს ძალიან მძაფრია ფიზიოლოგიური რეაქცია. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ პანიკურ შეტევასთან გაქვს საქმე და არა რაიმე დაავადებასთან?
აქ დიფერენცირება ჯანდაცვის სპეციალისტმა უნდა მოახდინოს. გულისცემის, სუნთქვის გახშირების და მოხრჩობის შეგრძნების გარდა, არის მთელი რიგი კასკადური რეაქციები, ოფლიანობა, ტრემორი, კანკალი. ყველაზე ხშირად, რაც ადამიანებს აფიქრებინებთ, რომ შეიძლება, გულის შეტევა ჰქონდეთ და იყოს მოსალოდნელი მიოკარდიუმის ინფარქტი, არის მოჭერის და ზეწოლის შეგრძნება გულ-მკერდის არეში. ამის გამო პაციენტები ხშირად მიდიან სპეციალისტებთან გამოკვლევების ჩასატარებლად. ამ დროს არსებული დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება მართლაც ძალიან ჰგავს ფიზიოლოგიურ პათოლოგიებს. სწორედ ფიზიოლოგიური რეაქციებია აღმოცენებული ამ სტრეს ჰორმონების საპასუხოდ, უბრალოდ, ერთჯერადი შიშის დროს ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევთ, იმდენად ვართ მობილიზებულები გადარჩენაზე, ადაპტაციაზე და ა.შ. როცა ეს ყველაფერი მოულოდნელად, მიზეზგარეშე ხდება, გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება, რაიმე ფიზიკური პრობლემა გვაწუხებდეს.
ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში, ჩვენი ჯანდაცვის პირველადი რგოლის სპეციალისტები ძალიან კარგად ახდენენ ამ ყველაფრის დიფერენცირებას. ზოგადად, ამ სიმპტომების უგულებელყოფა არ შეიძლება და საჭიროა გამოკვლევა, რადგან შეიძლება, ადამიანს მართლაც ჰქონდეს რაიმე სომატური პრობლემა. მას შემდეგ რაც გამოირიცხება ფიზიკური პრობლემა, ხდება ფსიქიატრთან გადამისამართება. ნუ შეგეშინდებათ, ფსიქიატრთან მისვლის… ძალიან ხშირად სიტყვა ფსიქიატრი ყურში ცუდად ხვდებათ ადამიანებს და ურჩევნიათ, რომ ნევროლოგთან მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნევროლოგებიც მკურნალობენ რიგ პათოლოგიებს, ალბათ, ჯობია, რომ პირდაპირ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან მიხვიდეთ.
შეგვიძლია რაიმე ფორმით გავზარდოთ ბედნიერების ჰორმონი და დავთრგუნოთ სტრესის ჰორმონი?
გააჩნია მდგომარეობის სიმძიმეს. რა თქმა უნდა, არსებობს კონდიციები, რომლებსაც მხოლოდ ფსიქოთერაპიული ჩარევით, საუბრითი თერაპიებით შეიძლება ვუშველოთ და არსებობს კონდიციები, რომლებსაც ფარმაკოლოგიური აგენტები, მედიკამენტური დახმარება სჭირდება. დიახ, ხელოვნურად შესაძლებელია ბედნიერების ჰორმონის კონცენტრაციის გაზრდა, რაზეც მუშაობს ანტიდეპრესიული მოქმედების მედიკამენტები. სტრესის ჰორმონების რაოდენობის შემცირება და რელაქსაციური ნეირომედიატორის კონცენტრაციის აწევა შესაძლებელია პრეპარატებით, რომელთაც ანქსიოლიტიკებს ან ტრანკვილიზატორებს ვუწოდებთ, თუმცა ყოველთვის ხაზგასმით დავსძენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პრეპარატზე არ არის მოთხოვნილი სპეციალური რეცეპტი, მოერიდეთ თვითნებურად, მეზობლის და ა.შ. რჩევით თვითმკურნალობის ჩატარებას, რადგან არავინ იცის, ინდივიდუალურად როგორ მოგერგებათ ეს წამალი, რა გვერდით მოვლენებს გამოიწვევს ის. ასევე, არსებობს პრეპარატები, რომელთა მოხსნაც შემდეგ საკმაოდ ძნელია, ამიტომ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს როგორც მედიკამენტის დანიშვნა, ისე მოხსნა, რომ თავიდან ავიცილოთ მოხსნის სინდრომი და მსგავსი არასასურველი შედეგები.
პანიკური შეტევების დროს ყოველთვის საჭიროა სპეციალისტის დახმარება? ხშირად გვესმის ფრაზა „შენ თუ შენ თავს ვერ მოერიე, ვერავინ გიშველის“, რამდენად სწორია აღნიშნული დამოკიდებულება და შეუძლია თუ არა ადამიანს მართლაც მოერიოს საკუთარ თავს ასეთი რთული პრობლემის დროს?
კვლავ განვმეორდები და ვიტყვი, რომ გააჩნია მდგომარეობის სიმძიმეს. ზოგადად, შფოთვითი აშლილობა იქნება, პანიკური აშლილობა თუ დეპრესია, როგორც წესი, სპეციალისტები შედარებით მსუბუქი მიდგომებით იწყებენ ხოლმე მკურნალობას, ცხოვრების წესის ცვლილება, ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, კვების რეჟიმის ცვლილება… როდესაც ეს მეთოდები აღარ მუშაობს, პაციენტს ურჩევენ, მიმართოს კვალიფიციურ სპეციალისტს, საუბრითი და ფსიქოთერაპიული მეთოდებით მკურნალობას და საბოლოო ჯამში, თუ არანაირი კუთხით არ მოხდება პრობლემის აღმოფხვრა, მივდივართ მედიკამენტურ მკურნალობამდე.
რაც შეეხება კითხვას – მოახერხებს თუ არა ადამიანი ამ ყველაფერთან ინდივიდუალურად გამკლავებას, ეს დამოკიდებულია ისევ და ისევ სიტუაციის სიმძიმეზე, ადამიანის პერსონალურ თვისებებზე, მის მდგომარეობაზე, სტრესის ხარისხზე, სტრესის ხანგრძლივობაზე და სხვადასხვა გარემოებებზე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გვერდით მყოფი ადამიანების თანადგომა. ძალიან ხშირად, პირიქით, გაღიზიანებას უფრო იწვევს ფრაზა„თავი ხელში აიყვანე“, რადგან ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანი ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს ამ ყველაფერთან თავისით გამკლავებას და თუ ჩვენ გამუდმებით ვუმეორებთ მას აღნიშნულ ფრაზას, ამან უფრო მეტად შეიძლება დათრგუნოს ის. მე არ მივესალმებოდი ამ ფრაზის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანისთვის გამეორებას.
თუ პანიკური შეტევები ძალიან ხშირი და ინტენსიურია, უფრო მეტად ხდება საჭირო მედიკამენტების ჩარევა.
რამდენად შეიძლება, რომ პანიკური შეტევები გახდეს ფობიების გაჩენის მიზეზი, რამდენად არის კავშირში ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთთან? არსებობს თუ არა პანიკური შიშები ფობიების გარეშე ან ფობიები პანიკური შიშების გარეშე?
ლიტერატურაში პირდაპირ არის მითითებული და ზოგადად ასე ვახდენთ ხოლმე იდენტიფიცირებას – პანიკური აშლილობა ჩვეულებრივ, ანუ იზოლირებული ან პანიკური აშლილობა რაიმე სახის ფობიით.
შიში უფრო საფრთხისგან რაციონალურ განრიდებასთან ასოცირდება და აბსოლუტურად ნორმალური, ადაპტაციური მექანიზმია და ის გადარჩენაში გვეხმარება. რაც შეეხება ფობიას, მისი განმარტება უფრო არარაციონალურ შიშს მოიცავს. ეს შეიძლება იყოს რაღაც ისეთი ობიექტის ან საგნის შიში, რაც შეიძლება საერთოდაც არ იყოს საფრთხის შემცველი. ადამიანს შეიძლება ეშინოდეს მართლაც რეალურად საშიში ობიექტის, ქვეწარმავლების, შეიძლება გაურბოდეს ძაღლებს, თავს არიდებდეს ღრმა წყლებს დახრჩობის შიშით, შეიძლება ჰქონდეს კლაუსტროფობია და ა.შ.
როგორც გითხარით, პანიკური აშლილობა შეიძლება იყოს იზოლირებულად, მხოლოდ პანიკური შეტევებით გამოხატული და შეიძლება იყოს თანხლებაში რაიმე ფობიასთან, მაგალითად, შეიძლება იყოს პანიკური აშლილობა აგორაფობიით.
როდესაც წლები გვაწუხებს კონკრეტული ფობია, აუცილებელია თუ არა, რომ მივმართოთ სპეციალისტს და რამდენად დაძლევადია ასეთი ფობიები?
საკმაოდ დიდი განსხვავებაა ფობიის და ფობიკური აშლილობის ქონას შორის. ზოგადად, ფსიქიატრიაში სიმპტომის ქონა არ აღნიშნავს იმას, რომ ადამიანს დარღვევა აქვს, სიმპტომის ქონა არ ნიშნავს, რომ არის აშლილობა. ყველა ფსიქიკური დაავადების და დარღვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ადამიანის დისფუნქცია, როგორც პერსონალურ ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში და ა.შ. მაგალითისთვის, მე თუ მეშინია ობობების, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფობიკური აშლილობა მაქვს. ასეთ დროს, ობობას დანახვისას, მე უბრალოდ გავერიდები მას და ჩემი შიშიც გაქრება.
თუ არის ფობიკური აშლილობა, პათოლოგიური, ირაციონალური შიში, ასეთ დროს საჭიროა მიმართოთ სპეციალისტს, რადგან ეს უკვე საჭიროებს ჩარევას. ასეთ დროს, ადამიანს ნელ-ნელა ვაჩვევთ იმას, რისიც ეშინია.
რა შეიძლება გავაკეთოთ მოულოდნელად აღმოცენებული პანიკური შეტევის დროს, როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ მდგომარეობა?
თუ ჩვენს მეგობარს ან ახლობელს ქუჩაში განუვითარდა პანიკური შეტევა, მთავარია, ვაგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ვართ. ხანდახან, ძალიან დიდი და დადებითი შედეგი აქვს ხელით კონტაქტს და ფიზიკურ შეხებას, ასევე ვერბალურ დეესკალაციას. სასურველია, დავამშვიდოთ, ვაგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ვართ, დავეხმაროთ სწორ სუნთქვაში და როდესაც ეს ეპიზოდი ჩაივლის, სპეციალისტთან წავიყვანოთ, შემდგომი გამოკვლევისთვის.
არსებობს თუ არა ასაკი, რა დროსაც ადამიანი განსაკუთრებით მოწყვლადია მსგავსი ტიპის აშლილობების მიმართ ან სქესთან თუ არის რაიმე კავშირში ეს ყველაფერი?
ზოგადად, ითვლება, რომ ახალგაზრდა ასაკში, 20-30 წლისთვის მსგავსი პრობლემების განვითარების ყველაზე მეტი შანსია, თუმცა არცერთ ასაკში არ არის ადამიანი დაზღვეული იმისგან, რომ შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია დაემართოს ადამიანს.
რაც შეეხება სქესთან შეჭიდულობას, სტატისტიკური მონაცემები მაინც ქალბატონების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რაც ძირითადად ჰორმონულ ძვრებს, მეტ ემოციურობას ბრალდება.
მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად მამაკაცების ფსიქიკური აშლილობები, განსაკუთრებით, დეპრესიული და შფოთვითი აშლილობები რჩება არადიაგნოსტირებული, რადგან აღმოსავლური, პატრიარქატული გავლენის მქონე ქვეყნებში ცოტა მიუღებელი და სათაკილოა ის, რომ მამაკაცებსაც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი აშლილობები და მიმართონ სპეციალისტს. საბოლოოდ, საკმაოდ სავალალო შედეგები არის ხოლმე, რადგან ისინი ცდილობენ ალკოჰოლით, რაიმე ფსიქოაქტიური ნივთიერებებით თვითნებურად დაძლიონ აღნიშნული მდგომარეობა, რაც , რა თქმა უნდა, უარეს შედეგებს იძლევა.
თუ კი შევამჩნევთ, რომ გვეწყება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რამდენად შეიძლება გვიშველოს გარემოს, სამეგობროს, სამსახურის და ა.შ. ცვლილებამ? რა მოქმედებს ასეთ დროს ყველაზე კარგად ადამიანზე? მაგალითად, ბევრი აღნიშნავს, რომ მათზე დადებითად მოქმედებს შოპინგი. რა თქმა უნდა, გარემოს ცვლილება, დასასვენებლად წასვლა, სამუშაო ადგილის შეცვლა იდეალური იქნება, მაგრამ ხშირად, ეს ყველაფერი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ხერხება. თუ არ გამოგვდის გარემოს ცვლილება, დასასვენებლად წასვლა, ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ უფრო მეტად მოქნილები და მაქსიმალურად გავიხალისოთ ყოველდღიური ცხოვრება. მაგალითად, ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია სეზონური დეპრესია, ძალიან კარგი გამოსავალი მოიფიქრეს, იქნება ეს ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, თუნდაც სახლის პირობებში, ცურვა, ცეკვა, კვების, ცხოვრების სტილის შეცვლა, იოგა თუ სხვა. მხოლოდ ამის შემდგომ მიმართავენ სხვა, უფრო რადიკალურ მეთოდებს.