ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ზოგადი ქირურგი – ელზა აფრიამაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დიაბეტურ ტერფზე, აღნიშნული პრობლემის სიმპტომებზე, მის შესაძლო გართულებებზე, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.
ქალბატონო ელზა, რას ნიშნავს დიაბეტური ტერფი?
დიაბეტური ტერფი საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა, მას შემდგომ ქირურგიულ მდგომარეობებამდეც მიჰყავს პაციენტი.
დიაბეტური ტერფი ყალიბდება იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, შაქრიანი დიაბეტისგან გამოწვეული ისეთი გართულებები, როგორიცაა ანგიოპათიები და ნეიროპათიები. ამ გართულებებს შემდგომ უკვე მოჰყვება ხოლმე დიაბეტური ტერფი და მათ შორის, შარკოს ტერფი.
კარგად მართული დიაბეტის შემთხვევაშიც, შეიძლება, რომ მივიღოთ დიაბეტური ტერფი? როგორ იწყება აღნიშნული პრობლემა და პირველ რიგში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
უმართავი დიაბეტის მქონე პაციენტებს მასიურად აქვთ დიაბეტური ტერფის პრობლემა. სამწუხაროდ, მართულ პაციენტებსაც აქვთ აღნიშნული პრობლემა. ისეთი პაციენტები, რომლებიც ერთხელაც არ არიან ნამყოფი ანგიოლოგთან, შემდგომში საკმაოდ მძიმედ სამართავები არიან, თუნდაც მათი გლიკემიის გამო. სისხლში მაღალი შაქრის მაჩვენებელი იდეალური ნიადაგია მიკრობებისთვის. დიაბეტური ტერფის მქონე პაციენტებს, რომელთაც სისხლში მაღალი შაქრის შემცველობა აქვთ და რომელთაც ინფექცია შეეჭრებათ, ძალიან მარტივად უყალიბდებათ ისეთი გართულებები, როგორიცაა ტერფის, თითების, კიდურების განგრენა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ იწყება აღნიშნული პრობლემა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ამ დროს პაციენტებს აქვთ შეგრძნება, რომ თითქოს ბამბაზე დადიან, მათ ასევე აქვთ დაბუჟების შეგრძნება, მგრძნობელობის შეცვლა, დამცველობითი ფუნქციის მოშლა კიდურებში. უფრო შორს წასული სტადიის დროს, მოშლილი აქვთ თერმო მგრძნობელობა, ვერ გრძნობენ ვერც ცივს, ვერც ცხელს. ყოფილა შემთხვევები, რომ ასეთ პაციენტებს დაზიანებიათ ფეხი, რაღაც შერჭობიათ და მთელი კვირის განმავლობაში ისე უვლიათ უცხო სხეულით, რომ არ უგრძნიათ, ტკივილი არ ჰქონიათ. ასევე, აღსანიშნავია ფერის ცვლილება თითში, ტერფში, მთლიანად კიდურში, შეშუპება. თუ უკვე ასიმეტრიულ შეშუპებაზე მიდგა საქმე, იქ უკვე სისხლძარღვოვანი პრობლემაცაა და ასეთი პაციენტების მართვა აუცილებლად კომბინირებულად უნდა მოხდეს. ეს არის ის სასტარტო ნიშნები, რაზეც დიაბეტის მქონე პაციენტმა უნდა გაამახვილოს ყურადღება.
რატომ მაინც და მაინც ტერფი, რატომ ვლინდება აღნიშნული კუთხით პრობლემა და საწყის ეტაპზე რამდენად შესამჩნევია ის ვიზუალურად?
იმიტომ, რომ ტერფი არის ყველაზე წარზიდული ნაწილი, ყველაზე წვრილი სისხლძარღვებით ბოლოვდება ეს ნაწილი. როგორც ყველა ორგანოს, პატარა ნერვულ ქსოვილებსაც სჭირდება პატარა მკვებავი სისხლძარღვები. რეალურად, ამ პატარა სისხლძარღვებში დაწყებული პრობლემებია პაციენტების პირველი ჩივილები, ის მგრძნობელობების შეცვლა, განცდა, რომ ჭიანჭველები დასდიან. ამ დროს, იწყება ნერვის კვდომა, რადგან პატარა სისხლძარღვების დაზიანების გამო აღარ არის სათანადო სისხლის მარაგი და ნეიროდისტროფიები, ნეიროპათიები იწყება.
დასაწყისში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ვიზუალურად არ ეტყობათ, ამიტომაც არ ამახვილებენ ყურადღებას. ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი რიგითი ჩივილებია, სინამდვილეში კი, ეს ჩივილები საგანგაშოა და ასეთმა პაციენტებმა გამოკვლევა უნდა დაიწყონ.
საწყის ეტაპზე, უნდა დათვალიერდეს სისხლძარღვები, როგორც არტერიები, ისე ვენები. პროცესში ჩართული უნდა იყოს ენდოკრინოლოგი. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ სკრინინგი 6 თვეში ერთხელ ხდებოდეს. პირველ რიგში, ვიზუალურად უნდა ფასდებოდეს ტერფი. პაციენტისთვის უნდა შეირჩეს ისეთი ფეხსაცმელები, რომლებიც ნაკლებ ტრავმას გამოიწვევენ, ფეხსაცმელი პირდაპირ უნდა იყოს მორგებული მათი ფეხის ფორმაზე და კალაპოტზე, რადგან როგორც უკვე ვახსენეთ, ასეთ პაციენტებს ხშირად დაქვეითებული აქვთ მგრძნობელობა და ზოგჯერ ფეხსაცმელი მათ ისეთ დაზიანებას აყენებს, რომ შემდგომ ეს დაჟეჟილობებიც სამკურნალო ხდება.
როგორ უნდა ამოვიცნოთ ნეიროპათია, სისხლის მიმოქცევის პრობლემა, რაც დიაბეტური ტერფის განვითარების წინაპირობაა, ასევე ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი აღნიშნულმა პრობლემამ?
დიახ, აღნიშნულმა პრობლემამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი. ზოგადად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს უკვე პოტენციურად აქვთ დიაბეტური ტერფის ჩამოყალიბების რისკი. შესაბამისად, მუდმივად უნდა ხდებოდეს ამ პაციენტების კონტროლზე აყვანა და მონიტორინგი.
სკრინინგი იდეალური და საუკეთესო საშუალებაა ასეთი პაციენტების მართვისას. ცენტრში, სადაც დიაბეტური ტერფი იკურნება, კომპლექსურად არიან ჩართულები ანგიოლოგები, რომლებიც აფასებენ სისხლძარღვოვან კომპონენტებს და სისხლის ნაკადის მდგომარეობას, დოპლერით, ანგიოგრაფიით… ასევე ხდება ნერვის მგრძნობელობის შეფასება. ტერფში მგრძნობელობის დაქვეითება ნიშნავს, რომ პაციენტს უკვე ჩამოყალიბებული აქვს დიაბეტური ტერფის ნიშნები. დიაბეტური ტერფი უკვე ნიშნავს პრობლემას და ნიშნავს იმას, რომ პაციენტი შეიძლება პროგრესირებად დაზიანებებამდე მივიდეს. იდეალურ შემთხვევაში, 6 თვეში ერთხელ კონტროლი აუცილებელია. შემდგომი სკრინინგის პერიოდებს კი თავად ექიმი განსაზღვრავს, იმის მიხედვით, თუ რამდენად პროგრესირებს პაციენტის დაზიანება ტერფში.
როგორ იწყება დიაბეტური ტერფის მკურნალობა, რაზეა დამოკიდებული საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა და რა შედეგს გვაძლევს ჩატარებული ქირურგიული პროცედურა?
დავიწყოთ ქრონიკული წყლულებით, რომლებიც დიაბეტური ტერფის მქონე პაციენტებს უყალიბდებათ. ეს წყლულები სიღრმის მიხედვით ხარისხებად არის დაყოფილი, იმის მიხედვით, თუ რბილი ქსოვილის რა შრემდეა დაზიანება, 4-5 ხარისხს გამოყოფენ. მეოთხე, მეხუთე ხარისხი უკვე ის მდგომარეობაა, როცა წყლული მყესამდე, ძვლამდე არის ჩასული და აზიანებს სახსარს და ძვალს. თუნდაც ადრეულად ნაპოვნი ეს წყლული, ლოკალურ ოპერაციას ნიშნავს და მოიაზრებს ამ წყლულის ამოკვეთას. შემდეგ, იწყება ჭრილობის მოვლა, შეხვევები და ა.შ. თუ მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ პროცესი ძვლოვან სტრუქტურამდეა გავრცელებული, აქ კვლევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ რენტგენი გაკეთდეს, იდეალურ შემთხვევაში, კი ტერფის ძვლების მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რადგან ქრონიკული წყლული არ მოიაზრებს 1-2 თვეს, შეიძლება, პაციენტმა 1-2 წელი ისე ატაროს ეს ქრონიკული წყლული, რომ ერთხელ არ იყოს ექიმთან ნამყოფი. ღრმა ქრონიკულმა წყლულმა კი, რომელიც კონტაქტშია ძვალთან და სახსართან, შეიძლება, რომ ამ ძვლის დაზიანება გამოიწვიოს, ჩამოაყალიბოს ოსტეომიელიტი. თუ პაციენტს ოსტეომიელიტი უყალიბდება, აქ სხვა ოპერაციულ მასშტაბებზეა საუბარი. აქ უნდა მოაშორო ეს დაზიანებული ძვალი. მკურნალობაში პარალელურად უნდა ჩაერთოს ინფექციონისტიც, რადგან ამ შემთხვევაში, ანტიბაქტერიული მკურნალობა მთავარი კომპონენტია.
ახლა ის კონტინგენტი განვიხილოთ, რომელთაც ცირკულაციის მოშლის ხარჯზე, განგრენა, თითის ფერის შეცვლა აქვთ. თუ აშკარა ვიზუალური განგრენაა, პაციენტს ვთავაზობთ ამპუტაციას იმ მასშტაბზე, რა მასშტაბზეც არის პრობლემა.
ქირურგიული ჩარევის შემდეგ, არის რეციდივის საფრთხე?
კი, სამწუხაროდ, რეციდივის მაღალი რისკია.
მიზეზი, რის გამოც რეალურად შეიძლება, რომ ქრონიკული წყლული წარმოიქმნას არის ფეხის კალოსური დაზიანება. ფეხის გულის ის საყრდენი წერტილები, რომელთაც სხეულის მასა აწვება და ის ძირითადი გაუხეშებული, გარქოვანებული ბალიშები, რომლებიც სქელდება, კალოსურად გვარდება, არის ქრონიკული წყლულების წარმოქმნის ადგილები. ვინაიდან მათზე მუდმივად არის ზეწოლა გადაადგილებისას, ეს ადგილები ყოველთვის არის წყლულის განმეორების რისკის ქვეშ. შეიძლება, პრობლემას ვუმკურნალოთ, შევახორცოთ, პაციენტი თვლიდეს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ გააქტიურებასთან ერთად ისევ დაიწყოს იგივე პრობლემა. ასეთი პაციენტებისთვის არსებობს ინდივიდუალური, შესაბამისი ზომის კასტები, რომლებიც ეკვრებათ ფეხზე, რაც დამცავ ბარიერს ქმნის და ამცირებს ზეწოლას სარისკო წერტილებზე.
როგორ უნდა მოვუაროთ ტერფს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიაბეტური ტერფის პრობლემა არ დადგეს ჩვენს წინაშე?
არსებობს მთელი ტომი, მინიმუმ სამოცი პუნქტისგან შემდგარი, თუ როგორ უნდა მოუაროს ასეთმა პაციენტმა ტერფებს. ყოველდღიური რუტინა, დაბანა, მოვლა მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად უნდა ჩამოვიბანოთ კიდურები საპნიანი წყლით, გავიმშრალოთ, წავისვათ სპეციალური დამატენიანებელი, რომელიც წყლულებისგან იცავს. ასეთი პაციენტები მიდრეკილები არიან სწრაფად გამოშრობისკენ, გამოშრობა კი იწვევს ქავილს, ქავილი კი კანს ტრავმას აყენებს. ქავილით გამოწვეული ეს პატარა ტრავმა კი ინფექციის შეჭრის ადგილია. ასევე, არ უნდა ვატაროთ ზედმეტად უხეში წინდები, სწორად უნდა შევარჩიოთ ფეხსაცმელი, მისი კალაპოტი. ზაფხულში, გარეთ გასვლისას, დიაბეტის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს ღია ჩუსტის, ფეხსაცმლის ჩაცმას, რადგან ასეთმა პაციენტმა შეიძლება ისე მიიღოს დაზიანება, ისე შეერჭოს მას უცხო სხეული, რომ ვერც იგრძნოს. შემდეგ, დღეები-კვირები შეიძლება ისე იაროს, რომ სანამ ღრმად არ წავა ინფექცია და სუნი არ შეაწუხებს, ვერ გაიგოს არსებული პრობლემა.
რამდენად რთული პროცესია ოპერაცია, რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს და რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას?
ოპერაციის ხანგრძლივობა დაზიანების ხარისხზე არის დამოკიდებული, თუ რამდენი თითია განგრენულად შეცვლილი, ჩართულია თუ არა პროცესში ტერფის ქსოვილები, ტერფის ძვლები და ა.შ. ეს ყველაფერი ყველა პაციენტთან ინდივიდუალურია. დაახლოებით, 30-40 წუთი არის იდეალური დრო.
ამპუტაციის შემდგომ, პაციენტებში, რომლებმაც თავის დროზე მიმართეს კლინიკას, რომელთაც არ აქვთ კანის და რბილი ქსოვილების დეფიციტი განგრენის ხარჯზე, რომელთანაც ადეკვატურად შეიქმნა ტაკვი, პრობლემა 2 კვირაში მოგვარებულია, 2 თვის თავზე რეაბილიტაციას გაივლიან და თავიანთი კიდურებით, ყოველგვარი ხელჯოხის გარეშე გადაადგილდებიან. თუ ვიზიტი დაგვიანებულია და როგორც წესი, ხშირად ასეც არის, რადგან პაციენტები ახლობლების რჩევით მიმართავენ თვითმკურნალობას, ეს დაკარგული დრო სავალალოა, რადგან ასეთი პაციენტები არა ერთ თითს, არამედ 2 თითს და ზოგჯერ, მთლიან ტერფსაც კი კარგავენ. აქ უკვე 5-6 თვეც კი შეიძლება დასჭირდეს რეაბილიტაციას.
იმისთვის, რომ პაციენტებს რეაბილიტაცია დავუჩქაროთ, ძალიან კარგია ჭრილობის თერაპია ვაკუუმით. თუ პაციენტს ტერფზე აქვს ქსოვილის დეფიციტი, თუ მას დასჭირდა ისეთი მასის ამპუტაცია, რომ კანის საფარის სერიოზული დეფიციტი შეექმნა, მას ვაკუუმით თერაპიას ვთავაზობთ. ის ცდილობს ძალიან სწრაფ ტემპში გაზარდოს კანის ქსოვილი. შემდგომ უკვე, გასუფთავებულ, გალამაზებულ, ახალ ქსოვილზე, თუ საჭირო გახდება, კანს გადავნერგავთ.
რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პაციენტებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ზოგადად, არის თუ არა ცხოვრების სტილი კავშირში დიაბეტურ ტერფთან?
რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია.
ის, რომ პაციენტმა ოპერაცია გაიკეთა, თუნდაც დიაბეტური ტერფის რომელიმე გართულების, იქნება ეს ქრონიკული წყლულის, განგრენის თუ სხვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ამით რაიმე პრობლემა მოაგვარა. ის იგივე რისკის ჯგუფის მქონე პაციენტად რჩება. ასეთი კონტინგენტის კონტროლზე აყვანა, პირიქით, გაძლიერებული უნდა იყოს. არსებული ნაოპერაციები ფეხი მუდმივად მონიტორინგზე უნდა იყოს. პაციენტი მუდმივად უნდა დადიოდეს ქირურგთან კონსულტაციაზე, უნდა აკონტროლოს, როგორ მიდის შეხორცება, ხომ არ არის არსებულ ჭრილობაზე რაიმეს წარმოქმნის რისკი და ა.შ. ასეთი პაციენტების კვება, შაქრის ციფრები მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს. ასეთი პაციენტები ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას ერიდებიან, მაგრამ ყოველდღიური აქტივობა შეზღუდული არ აქვთ, პირიქით, უნდა გავიდნენ გარეთ, ისეირნონ, ზომიერად აქტიურები უნდა იყვნენ, თუმცა სეირნობისას და ა.შ. აუცილებლად უნდა დაიცვან ის პირობები, რაზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ.
ზოგადად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ანგიოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ქირურგთან. ცენტრი, რომელიც ჩვენ „ამერიკულ ჰოსპიტალში“ გვაქვს გახსნილი, სრულ მენეჯმენტს უწევს ასეთ პაციენტებს. ხდება კლინიკაში მოსული ადამიანის კომპლექსური გამოკვლევა.
წლების წინანდელ მიდგომებთან შედარებით, არის თუ არა რაიმე ცვლილება დიაბეტური ტერფის მკურნალობის მეთოდებში ან სამომავლო პერსპექტივაში თუ აქვს მედიცინას რაიმე ისეთი ინოვაცია, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის დიაბეტური ტერფის მკურნალობას?
მკურნალობის ძველ და ახლანდელ მეთოდებს თუ შევადარებთ, დღესდღეობით ჭრილობების, წყლულების ოპერაციების, შემდგომი მკურნალობის, შეხორცების დაჩქარების, კანით გადაფარვის და ა.შ. ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. ახლა მეტად კომფორტულია ამ ქირურგიის კეთება, რადგან არჩევანი გვაქვს.
რას ურჩევდით ასეთი პაციენტების ოჯახის წევრებს, რას მიაქციონ ყურადღება, როდის დაგეგმონ აუცილებლად ექიმთან ვიზიტი?
ოჯახის წევრმა ყურადღება უნდა გაამახვილოს თითის ფერის ცვლილებაზე, შეშუპებაზე, პაციენტის ჩივილზე, რომ დაბუჟება აქვს, რომ აქვს ჭიანჭველების გავლის განცდა. საყურადღებოა ზედმეტად გამომშრალი ასიმეტრიულად შეშუპებული ტერფები. ეს ყველაფერი უკვე იმის წინაპირობაა, რომ პაციენტმა აუცილებლად მიმართოს კლინიკას.