LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორი უნდა იყოს ჩემი განწყობა? სახლში მოვედი!..“ – როგორ ულოცავენ ცნობილი სახეები შვილებთან ერთად დაბადების დღეს რადიო „არ დაიდარდოს“, რომელიც დღეს 22 წლის გახდა!..

100
b90fcc4d-9b13-43d1-9b03-f9c00bbb95ed

რადიო „არ დაიდარდო“ 1-ელ ივნისს 22 წლის გახდა. უკვე 22 წელია, ჭეშმარიტად ქართული ტალღა ქართულ სიმღერას დიდ პოპულარიზაციას უწევს, ყველა სიახლეს ეთერს უთმობს და თავად, რეიტინგის სათავეს არავისთან თმობს. რადიო „არ დაიდარდო“ გახსნის დღიდან პირველ ადგილს იკავებს მთელი საქართველოს მასშტაბით. იმისათვის, რომ რეიტინგში მუდმივად მოწინავე პოზიციაზე იყოს, რადიოს ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში თავს არ ზოგავს და მსმენელს სიახლეებს სთავაზობს.

თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი ასახელებს რადიო „არ დაიდარდოს“ წარმატების მთავარ მიზეზებს:

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან აღვნიშნავთ რადიო „არ დაიდარდოს“ 22 წლის იუბილეს და ასევე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. რადიო „არ დაიდარდო“ დაარსების დღიდან ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს, რადგან ზრუნავს მსმენელზე, დადებით განწყობასა და გახალისებაზე ყოველდღიურად. რადიო „არ დაიდარდოს“ წარმატების მთავარი შემოქმედები არიან კომპოზიტორები, ტექსტის ავტორები, შემსრულებლები და პროფესიონალი გუნდი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკის განვითარებაში.

ბედნიერი ვარ, რომ შევიკრიბეთ ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად. ვისარგებლებ შემთხვევით, მივულოცავ ბავშვებს და ვუსურვებ სიხარულით სავსე მომავალს. ხოლო რადიო „არ დაიდარდოს“ – შემოქმედებით წინსვლას და მრავალ წარმატებულ წელს!..

„არ დაიდარდოს“ დაბადების დღე ბავშვთა საერთაშორისო დღეს ემთხვევა, სწორედ ამიტომ, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ხელმძღვანელობამ რადიოს მეგობრები, შოუბიზნესის წევრები და თანამშრომლები თავიანთ შვილებთან ერთად მოიწვია – ლაშა ღლონტი შვილიშვილებთან ერთად, თამუნა ამონაშვილი მეუღლესა და ტყუპებთან ერთად, ლევან წვერავა უფროს ვაჟთან ერთად, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე შვილთან ერთად, ლაშა რამიშვილი ქალიშვილთან ერთად, გიორგი ცხადაძე მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, კვარტეტი „ოთხნი“. ლევან გულბათაშვილი, თაკო მელიქიშვილი…. ბავშვებმა და მშობლებმა ერთად აღნიშნეს „არ დაიდარდოს“ იუბილე და დიდი სიამოვნებით მიულოცეს რადიოს შემოქმედებით გუნდს კიდევ ერთი წლის დამატება არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ სიმღერითაც.

თამუნა ამონაშვილი:

„არ დაიდარდოს“ დაბადების დღიდან ჩვენ ვარსებობთ მასთან ერთად, თითქმის ყველა მომღერალი ასეა. ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მოსწონთ, მათ ყურთასმენას ამდიდრებს… ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რადიოა, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად – რადიო ჩვენ გარეშე და ჩვენ რადიოს გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს. მივულოცავ დაბადების დღეს და მოგველოცოს კიდევ ბევრი წელი!..

გელა დონაძე:

დონაძეების ოჯახი „არ დაიდარდოს“ განსაკუთრებულად ვულოცავთ დაბადების დღეს!.. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და ერისთვის, ბევრ ადამიანს უხარებს გულს. თუ გინდა, რომ ქართული სიმღერა და მუსიკა გადარჩეს, ის მომავალ თაობას უნდა გადასცე. „არ დაიდარდო“ აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, რომ მათი სიმღერა გაჟღერდეს ეთერში და გახდეს პოპულარული…

ოთო ბაზერაშვილი:

რადიო „არ დაიდარდო“ მიყვარს განსაკუთრებულად, რადგან მამაჩემს მანქანაში სულ ეს რადიო აქვს ჩართული. ძველი სიმღერები გააცოცხლეს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეც ვცდილობ, რომ სულ ქართული სიმღერა შევასრულო და ამ რადიოს ამიტომ ვაფასებ განსაკუთრებულად. მინდა, მივულოცო შემოქმედებით გუნდს და ვუსურვო წინსვლა, წარმატება და ბევრი მსმენელი.

ლევან წვერავა:

ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, დიდი სიყვარულით გილოცავთ და ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს!.. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. „არ დაიდარდოში“ ძალიან ბევრი პრემიერა გაგვიკეთებია და ყოველთვის ჩარტების სათავეშია, რაც ძალიან მახარებს…

ლაშა ღლონტი:

როგორი უნდა იყოს ჩემი განწყობა? სახლში მოვედი!.. ყველა ჩემი სიმღერა აქ დაპრემიერდა და დაპრემიერდება მომავალშიც. თითქმის ამ რადიოს ასაკისაა ჩემი ურთიერთობა „არ დაიდარდოსთან“. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. საინტერესო თარიღებს ემთხვევა იუბილე. დაბადების დღესთან ერთად, გილოცავთ ნინოობას და ბავშვთა საერთაშორისო დღეს. ეს დამთხვევა შემთხვევითი არ არის. ღმერთს უნდოდა, ასე ყოფილიყო…

გიორგი ცხადაძე:

ძალიან მიხარია დღეს აქ ყოფნა, იმიტომ, რომ აქაურობა არის სივრცე, რომელიც ყოველთვის ყველა შემოქმედს ყველაზე მეტად უყვარს. გვხვდება გარემო და ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ მსმენელის და შემსრულებლის ბედნიერებაზე, რომ ერთად შევქმნათ ჯადოსნური ტალღები.

შენთვის, როგორც მომღერლისთვის, რომელიც ქმნის საავტორო სიმღერებს, რამდენად მნიშვნელოვანია „არ დაიდარდოს“ არსებობა და მხარდაჭერა?

არასდროს დამავიწყდება „არ დაიდარდოს“ გვერდში დგომა, როცა პირველი სიმღერა ჩავწერე და ამ სფეროში შემოვდიოდი. ადამიანები ხომ იცით, საკუთარ ნამუშევრებს როგორ ვუყურებთ – იქნებ, უკეთესი გამეკეთებინაო… აქ, ამ რადიოში ბევრი რამ ობიექტურად დამანახვეს, ბევრი რამ ვისწავლე მათგან. პირველი, როცა სიმღერას ვწერ, მოდის რადიოჰოლდინგის რადიოებში.

ლაშა რამიშვილი:

ამაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. უკვე მე-14 წელია, პირადად მე აღვნიშნავ ამ დღეს. ბავშვებით ვართ წარმოდგენილები დღეს. ჩემი გოგონაც იმღერებს და ერთად აღვნიშნავთ ამ შესანიშნავ დღეს!..

დათო არჩვაძე:

„არ დაიდარდო“ – და ზოგადად, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ჩემს უდიდეს მეგობრებს ეკუთვნით. ძალიან დიდი როლი აქვს რადიოს ჩვენი, მომღერლებისა და შემოქმედი ადამიანების ყოფა-ცხოვრებაში. როცა „მონატრებიხარ ფიქრებს“, ჩემი სიმღერა შეასრულა ლაშა ღლონტს, პირველი შოკი სწორედ რადიო „არ დაიდარდოს“ საშუალებით მოახდინა. ასეა – თუ „არ დაიდარდოში“ არ გაჟღერდა სიმღერა, თითქოს არც გაჟღერებულა… ახლა აქ ჩემს შვილებთან ერთად მოვედი და ძალიან მახარებს ეს ამბავი. აქ პრემიერებზე სულ მათთან ერთად დავდივართ. ამას წინათ მანიკასთან ერთად ვიყავი და მამა-შვილური დუეტით მოვეფერეთ აქაურობას. მოკლედ, მინდა, მივულოცო „არ დაიდარდოს“ 22 წლის იუბილე“!..

ანი კეკუა:

„არ დაიდარდოს„ ვულოცავ დაბადების დღეს, ასევე გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!.. ყოველ ჯერზე ვამბობ იმას, რომ რადიო მაინც შეუცვლელია. როცა დღის განმავლობაში თავისუფალი მონაკვეთი გაქვს, გჭირდება, რომ არ იყო განსაზღვრულ ფლეილისტზე და გქონდეს ჩართული ცოცხალი ეთერი. მუსიკას ძალიან ხშირად ვუსმენ მანქანაში. ასე რომ, რადიო დღის განუყოფელი ნაწილია, მათ შორის „არ დაიდარდოც“.

ხატია შამუგია:

„არ დაიდარდო“ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რადიოსადგური. დღეს ყველაზე მეტად მესიამოვნა, რომ დამირეკეს და ჩამრთეს ეთერში. შეიძლება, მსმენელისთვის „ფორტუნა“ და „არ დაიდარდო“ სხვადასხვა სიხშირეა და სხვადასხვა რადიო, მაგრამ რეალურად „არ დაიდარდო“ არის „ფორტუნას“ შვილობილი. როგორც „ფორტუნას“ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, მეც ვამბობ, რომ ჩემთვისაც „არ დაიდარდო“ შვილობილია. FM სიხშირე როგორი გადატვირთულია, თან, ამდენი წელი გავიდა, მაგრამ „არ დაიდარდო“ არავის უთმობს პირველობას. მგონია, რომ ჩემი ხმა ძალიან ფეხბედნიერი იყო, რადგან პირველი, ვისი ხმაც გაჟღერდა „არ დაიდარდოზე“, ვიყავი მე. მთელი წინა ღამე არ მეძინა, რადგან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. თუ საქართველოში ვარ, არ არსებობს, რომ „არ დაიდარდოს“ დაბადების დღეზე არ მოვიდეს…

რადიო „არ დაიდარდოს“ მენეჯერი, გიორგი მშვენიერაძე ჩვენთან საუბრისას აფასებს განვლილ წლებს და აღნიშნავს, რომ წინ დიდი გეგმებია:

„როდესაც 18 წლის გახდა რადიო „არ დაიდარდო“, მაშინ აღვნიშნავდი, სრულწლოვანი გახდა და ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადავიდა-მეთქი. ახლა ის შეგრძნება მაქვს, რომ ამ რადიოსთან ერთად, მეც მემატება წლები, მაგრამ „არ დაიდარდო“ მუდმივად ახალგაზრდაა, ეს შეგრძნება მაქვს და ასეც არის. ჩვენ ვართ საქართველოს ბულბულები (იღიმის). ვუწევთ პოპულარიზაციას ქართულ სიმღერას, საინტერესო სიახლეებს ვაცნობთ, მომავალში გვექნება ინტერნეტზე უფრო მეტად გათვლილი პროექტები. ინტერნეტი გვკარნახობს იმ მოდას, რასაც ჩვენც ავუწყობთ ფეხს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები