ანი გიუნტერი მხოლოდ ორი თვის გახლდათ, როდესაც პირველად სიონში დასასვენებლად წაიყვანეს. მას შემდეგ, როგორც თავად გვითხრა, 33 წლის განმავლობაში ერთი სეზონიც არ გაუცდენია.
წელს საზღვარგარეთ დასვენებაზე არ უფიქრია. მოჰკიდა ხელი შვილებს და სიონისკენ გაეშურა, მეგობრებიც აჰყვნენ. ჩვენ რომ შევეხმიანეთ, კომენტარი იქაური ჟივილ-ხივილის ფონზე ჩავწერეთ.
ანი გიუნტერი:
სიონში ვისვენებ და თვის ბოლომდე აქ ვიქნები შვილებსა და მეგობრებთან ერთად. ეს გარკვეულწილად ტრადიციაა, რომელსაც არ ვღალატობ. ორი თვის ვიყავი, პირველად სიონში რომ ჩამომიყვანეს და მას მერე 33 წელია, სულ აქ დავდივარ. მიუხედავად იმისა, რომ პირობებით არ გამოირჩევა. აქ არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც წლებია, ვისვენებ.
მსახიობმა ვიკა კალანდიამ მოგიძღვნა გულისამაჩუყებელი პოსტი, რომ ნამდვილი მეგობარი ხარ და სიონში ორი საათით ჩამოსული რამდენიმე დღით დარჩა…
სხვა რა გზა ჰქონდა (იღიმის)? ეს ადგილი პირობებით ნამდვილად არ გამოირჩევა და შესაბამისად, ადამიანური ურთიერთობებით გავდივართ ფონს (იცინის). ვიკამ უკვე დამტოვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვალ ისევ ჩამოვა. მადლობა შესაბამის სტუქტურებს, რომ გზა კარგია და თბილისიდან ერთი საათის სავალია. ამის გამო ძალიან ბევრი მეგობარი მიკეთებს სიუპრიზს და ჩამოდიან, ტყეში გავდივართ, მწვადებს ვწვავთ და ა.შ. მოკლედ, მოსაწყენად ნამდვილად არ გვცალია.
შენს „ფეისბუქზე“ ვნახეთ ძალიან სახალისო ფოტო, სადაც ვიკა კალანდია თავს ტაშტში იბანს…
როგორც აღვნიშნე, სიონი კარგი პირობებით არ გამოირჩევა, ეს ადგილი ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ დაისვენო და მე ძალიან მიყვარს.
საზღვარგარეთ დასვენება არ დაგიგეგმავს?
„თბილისი-2015“-ის მზადებაში ვიყავი ჩართული და სამსახურიდან მომიწია რამდენჯერმე გამგზავრებამ საზღვრებს გარეთ. ისე გამოვიდა, რომ საქმესა და დასვენებას ერთმანეთს ვუთავსებდი. ტელევიზიიდან ერთი თვე მაქვს შვებულება და ეს ის პერიოდია, რომლის გატარებაც ოჯახთან ერთად მინდა. მსურს, ბავშვებთან ვიყო, ვასეირნო, მათ საჭმელი თავად მოვუმზადო. ოჯახთან ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ, კარგი დასვენებისთვის მთავარია კარგი განწყობა!..