პარიზმა პირველი ადგილი დაიკავა იმ ქალაქების მსოფლიო რეიტინგში, რომლებსაც ტურიზმით ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ. ტურისტული სფეროსთვის ყველაზე შემოსავლიანი დასახლებები ტურიზმსა და მოგზაურობაში მსოფლიო საბჭომ (WTTC) დაასახელა.
კვლევის მიხედვით, საფრანგეთის დედაქალაქის ეკონომიკაში ტურიზმის წილი 36 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს სიაში პეკინი (33 მილიარდი დოლარი), მესამეს – ორლანდო (31 მილიარდი) იკავებს.
გარდა ამისა, რეიტინგის ტოპ-10-ში ორი ჩინური ქალაქი – შანხაი და გუანჩჟოუ, ორი ამერიკული – ლას-ვეგასი და ნიუ იორკი, ასევე ტოკიო, მეხიკო და ლონდონი მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა მოგზაურთა ხარჯები და ასევე ამ სფეროში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა გაითვალისწინეს. მთლიანობაში სიაში 82 დანიშნულება მოხვდა.