უნგრეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ევროპის ყველაზე ცუდ გადამზიდად დაასახელეს. ამის შესახებ ცნობილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის ბრიტანული ორგანიზაციის Which-ის გამოკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი, წერს Daily Mail.
მოგზაურებმა ავიაკომპანიას შესაძლო 5 ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთი მისცეს და უარყოფითად შეაფასეს ჩასხდომის პროცედურა, სალონში არსებული სიტუაცია, სავარძლების კომფორტულობა – აღმოჩნდა რომ Wizz-ს სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით ფეხებისთვის ყველაზე ცოტა ადგილი აქვს დატოვებული. გარდა ამისა, გადამზიდმა 2 ქულაზე მეტი ვერ დაიმსახურა ვერც ერთ დარჩენილ კატეგორიაში, მათ შორის იყო ფასისა და ხარისხის შეფარდება, კლიენტების მომსახურება, სალონში სისუფთავე და ბორტზე კვების ხარისხი. მთლიანობაში კომპანიამ შესაძლო 100 ქულიდან 48 დააგროვა.
დაბალი შეფასება მიიღო ასევე ირლანდიურმა ავიაკომპანიამ Ryanair (52 ქულა): მგზავრებმა საკვებისა და სასმლის ხარისხი საშინლად შეაფასეს, ასევე უკმაყოფილოები დარჩნენ სავარძლების კომფორტულობით და სალონში არსებული ზოგადი სიტუაციით. ამასთან, მათ ძალიან შეაქეს ავიაბილეთების ღირებულების კონკურენტუნარიანობა. შედარებით მაღალი ქულა მიიღო Eurowings-მა (53 ქულა), British airways-მა და Lufthansa-მ (57 ქულა).
რეიტინგში საუკეთესო ავიაკომპანიად Het2 დაასახელეს, რომელმაც 80 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზეა Turkish Airlines (78 ქულა), ხოლო მესამე პოზიცია Swiss (75 ქულა) დაიკავა.