LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა საუკეთესო ქალაქი ველოტურიზმისთვის

147

”საუკეთესო მოგზაურობა, ველომოგზაურობაა!” – ამტკიცებენ მცოდნეები. მართლაც, ავტომობილით მგზავრობა უკვე მოსაბეზრებელია, ფეხით სეირნობა – ხშირად დამღლელი, ველოსიპედი კი, სულ სხვა საქმეა! მით უმეტეს, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს ველოკულტურის განვითარებას და ქვეყნებიც  იდეალური ველომოგზაურობისთვის ყოველწლიურად იზრდება.

 

ამსტერდამი, ჰოლანდია

 

ამსტერდამი უდაოდ მსოფლიო ველოსიპედისტთა დედაქალაქია და ველომოყვარულთა ნუსხაშიც ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ქალაქი თითქოს შექმნილია ”ორი ბორბლისთვის”. დაუჯერებელია, მაგრამ ამსტერდამის სატრანსპორტო მოძრაობის 40%-ს სწორედ ველოსიპედისტები შეადგენენ, თუმცა მათთვის ნიდერლანდების დედაქალაქში იდეალური პირობებია შექმნილი – გამოყოფილია ბილიკები, სპეციალური შუქნიშნები, დაცული პარკინგები და, რა თქმა უნდა, ულამაზესი სანაპირო-მარშრუტები.

 

კოპენჰაგენი, დანია

 

კოპენჰაგენის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სამსახურსა და სასწავლებელში სწორედ ველოსიპედით დადის. როგორც ამბობენ,  ქალაქში, მაცხოვრებლებზე გაცილებით მეტი ველოსიპედია სარეგისტრირებული. ყველაფერთან ერთად, დანიაში ველომოყვარულთა საელჩოც არსებობს და ალბათ, სწორედ ამიტომ ითვლება კოპენჰაგენი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ”bike-friendly” ქალაქად. ყოველწლიურად დანიის სამეფო 20-იდან 30 მილიონამდე დოლარს ხარჯავს ველო-ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის – ახალი გზების, შუქნიშნების და პარკინგების მოწყობაში. ქალაქის სტუმრებს კი, სრულიად უფასოდ შეუძლით ველოსიპედის ქირაობა.

 

 

სან-ფრანცისკო, აშშ

 

კიდევ ერთი ქალაქი, სადაც აუცილებლად უნდა მოაწყოთ ველომოგზაურობა სან-ფრანცისკოა. კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ყოველთვის გადატვირთული მოძრაობაა. ასე რომ, ველოსიპედით მგზავრობა შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ნოვაციას, რომელიც ცხოვრებას უმარტივებს ყველას და პირველ რიგში ველოსიპედისტებს.

 

 

ბერლინი, გერმანია

Germany, Berlin, Businessman cycling in the city

ბერლინის მოსახლეობის 13% ველოსიპედს გადაადგილების ძირითად საშუალებად მიიჩნევს. ნიდერლანდებთან და დანიასთან შედარებით, ციფრები რა თქმა უნდა მოკრძალებულია, მაგრამ შთამბეჭდავია მათი ზრდა – 10 წელიწადში გერმანიაში ველოსიპედის მფლობელთა რიცხვმა ორჯერ მოიმატა. ქვეყნის ცივი კლიმატის და გაჭიანურებული ზამთრის პირობებში, სეზონი გაზაფხულზე იხსნება და ველოსიპედისტებიც არ კარგავენ დროს. სხვა ევროპული ქალაქების მსგავსად, ბერლინს სპეციალური ბილიკები და პარკინგის ადგილები აქვს, სულ ცოტა ხნის წინ კი, ნოვაცია BBBike დამკვიდრდა მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც მის მფლობელს საუკეთესო მარშრუტის დაგეგმვაში ეხმარება.

 

 

ბარსელონა, ესპანეთი

 

რამდენიმე წლის წინ ბარსელონას მესვეურებმა ოფიციალურად გამოაცხადეს ველოკულტურის განვითარების პროგრამა და მშვენიერ შედეგსაც მიაღწია. მთავარ მიღწევად 100-ზე მეტი ველო-სადგურის მოწყობა გახდა მთელ ქალაქის მასშტაბით, ველოსიპედის ქირაობა და მისი დაბრუნება კი, ნებისმიერ პუნქტშია შესაძლებელი. გაფართოვდა ველობილიკები და მოეწყო მიწისქვესა პარკინგები. გარდა ამისა, ყოველ წელს სექტემბერის თვეში ბარსელონაში ერთგვარი დღესასწაული – დღე ავტომობილის გარეშე იმართება და ქალაქის მაცხოვრებლებიც მხოლოდ ორბორბლიანი ტრანსპორტით სარგებლობენ, მაისში კი, კატალონიის დედაქალაქში Bike Week-ც ეწყობა.

 

 

ბაზელი, შვეიცარია

 

შვეიცარიის მშვიდი და მყუდრო  ქალაქის – ბაზელის მაცხოვრებლები ველოსიპედს ძირიტადად არა სატრანსპორტო საშუალებად, არამედ სამოგზაუროდ და უმშვენიერესი პეიზაჟების დასათვარიელებლად იყენებენ. რა თქმა უნდა, ბაზელში ყველა პირობაა შექმნილი ველომოყვარულთათვის – გამოყოფილია ბილიკები და შუქნიშნები, არსებობს ყველაზე საინტერესო მარშრუტების რუქები და მეგზურები.

 

 

მონრეალი, კანადა

 

ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიან ველო-ტრანსპორტის სისტემური განვითარებით. მონრეალი კი, ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისია. ველობილიკების მშენებლობა აქ 1980-იან წლებში დაიწყო დღეს კი, კომფორტული გზები ველოსიპედისტებისთვის ქალაქში და მის შემოგარენშიცაა მოწყობილი. გერმანიის მსგავსად, ველოტურნეები კანადაშიც სეზონურია, თუმცა, კარგი ამინდში გასეირნება ნამდვილ თავგადასავალს ემსგავსება.

 

 

ტოკიო, იაპონია

 

შესაძლოა ვინმეს გაუკვირდეს დინამიური მეგაპოლისის, თავისი მრავალმილიონიანი მოსახლეობით და გადატვირთულოი მოძრაობით ველო-ქალაქების ნუსხაში მოხვედრა, თუმცა, ცენტრალურ რაიონებში ცხოვრება საქმიან კვარტალებთან შედარებით ბევრად მშვიდია და ველომოყვარულთათვისაც შესანიშნავი პირობებია შექმნილი. იაპონელი რაიდერები ამერიკელი და ინგლისელი კოლეგებისგან განსხვავებით არ ცდილობენ მაქსიმალურად მეტი კალორიების დაწვას, ბრძენი აზიელები არსად ჩქარობენ და მშვიდად სეირნობა ურჩევნიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები