საფრანგეთის დასავლეთში, ბრანფერეს ზოოპარკმა უჩვეულო სამეცნიერო ექსპერიმენტი დაიწყო: პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეამოწმონ თუ როგორ რეაგირებენ სხვადასხვა ცხოველები ცოცხალ მუსიკალურ შესრულებაზე.
ორი თვის განმავლობაში ზოოპარკის ბინადრებისთვის- ჟირაფებისთვის, ლემურებისთვის, სპილოებისა თუ სხვა სახეობებისთვის – პროფესიონალი მუსიკოსები დაუკრავენ, მეცნიერები კი ცხოველების ქცევას ყურადღებით დააკვირდებიან.
ექსპერიმენტი მკაცრი პროტოკოლით ჩატარდება: ყველა გამოსვლას ვიდეოზე გადაიღებენ, დააფიქსირებენ ცხოველების ქცევას კონცერტამდე 5 წუთით ადრე, 7 წუთს კონცერტის დროს გადაიღებენ, ხოლო 5 წუთს ბოლოს. ასეთი მიდგომა მეცნიერებს დაეხმარებათ, რომ ცხოველების ჩვეული მდგომარეობა და მათი რეაქცია მუსიკაზე ერთმანეთს შეადარონ.
პირველ დაკვირვებას უკვე აქვს გარკვეული შედეგი. მაგალითად, ის რომ ლემურებმა როკ-ბალადის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოიჩინეს, ხოლო მაიმუნებმა რიტმში დაიწყეს მოძრაობა. თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ რომ დასკვნების გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა – ექსპერიმენტი მხოლოდ ახლა დაიწყო და რეაქციები შეიძლება შეიცვალოს.
ზოოპარკის წარმომადგენელთა თქმით, ცხოველებთან დაკავშირებული ასეთი მასშტაბური პროექტი ევროპაში პირველად ტარდება. შედეგები მეცნიერებს სხვადასხვა სახეობების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.