საფრანგეთში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დროს, არქეოლოგებმა უძველესი დასახლების ნაშთებს მიაკვლიეს. აღმოჩენა ტონერის კომუნაში, პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მონბელანის ბორცვზე გაკეთდა. გათხრების შედეგად ერთ ტერიტორიაზე ერთმანეთისგან განსხვავებული სამი ისტორიული ფენა გამოავლინეს.
დაახლოებით 743 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა ძვ. წ. I საუკუნის გალური ციხესიმაგრის ნაშთები, რომაული პერიოდის ნაგებობები და შუა საუკუნეების არქიტექტურული ობიექტები. ეს მიუთითებს, რომ ტერიტორია საუკუნეების განმავლობაში აქტიურად იყო დასახლებული და გამოყენებული.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს არაერთი სარდაფი და სახელოსნო, მათ შორის შუა საუკუნეების შენობა, რომელსაც სარდაფში ჩამავალი ქვის კიბე ჰქონდა. აღმოჩენილი კერამიკისა და მონეტების რაოდენობა კი მიუთითებს, რომ რომაელების მოსვლამდე აქ საკმაოდ მჭიდრო დასახლება არსებობდა.
მკვლევრების ინფორმაციით, რომაელებმა ტერიტორია მნიშვნელოვნად გადააკეთეს. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ახალ შენობებს ძველი ნაგებობების ნანგრევებზე აშენებდნენ, ზოგიერთ ადგილას კი უკვე არსებულ განაშენიანებას კიდე უფრო ამჭიდროვებდნენ.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მეტალურგიული წიდის ნიმუშებიც. მათი არსებობა ადასტურებს, რომ რომაულ პერიოდში ამ ადგილას ლითონს ამუშავებდნენ.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შემდგომი გათხრები მათ საშუალებას მისცემს, უკეთ აღადგინონ დაკარგული დასახლების ისტორია – გალური რკინის ხანიდან რომაული პერიოდის გავლით შუა საუკუნეებამდე. აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთ ადგილზე ქალაქის განვითარების რამდენიმე ეპოქის კვალი ერთმანეთის მიყოლებითაა შემონახული.