ფრანგმა სამართალდამცველებმა ოჯახური თაღლითური სქემა გამოავლინეს, რომლის ფარგლებში დამნაშავეებმა სოციალური დახმარებების სახით დაახლოებით 1,8 მილიონი ევრო მიიღეს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Ouest-France ავრცელებს.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საგზაო პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის Ferrari-ს სპორტული ავტომობილი გააჩერა. კაშკაშა წითელი მანქანა ავტომაგისტრალზე 250 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. სამართალდამცველების თქმით, საჭესთან ჩვეულებრივი გარეგნობის, მოწესრიგებულად ჩაცმული მამაკაცი იჯდა.
დაკითხვაზე ავტომობილის მფლობელმა განაცხადა, რომ თავად უსახლკარო და უმუშევარია, ხოლო ძვირად ღირებული მანქანა მის დედას ეკუთვნოდა. თუმცა, ეს ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა: ავტომობილი რეგისტრირებული იყო უძრავი ქონების სააგენტოზე, რომელსაც თავად მძღოლი და მისი ნათესავები მართავდნენ.
ამ გარემოებამ პოლიციას ეჭვი გაუჩინა და დაიწყო ოჯახის ფინანსური მდგომარეობის დეტალური შესწავლა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიიდან მიღებული მნიშვნელოვანი შემოსავლები დეკლარირებული არ იყო და ოჯახი გადასახადებს არ იხდიდა. მიუხედავად რეალური შემოსავლისა, ოფიციალური დოკუმენტებით ისინი გადახდისუუნაროდ ითვლებოდნენ, რის საფუძველზეც სახელმწიფო სოციალური დახმარებებს იღებდნენ.
საქმეზე ოჯახის ყველა წევრი დააკავეს. მათ სასამართლო პროცესი ელოდებათ.