LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჰაერო ტაქსით მგზავრობის ფასი ცნობილია: ფასის მიუხედავად მოთხოვნა იზრდება

53

საქართველოში საჰაერო ტაქსებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი მოთამაშე – ავიაკომპანია ”ავიატორი” ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ის ჰოლდინგ ”აჭარა ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ოპერირებას მხოლოდ საჰაერო ტაქსით ახორციელებს.
“ავიატორი” ნებისმიერ მსურველს, საჰაერო ტაქსის მომსახურებას სთავაზობს, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ჩარტერული რეისების შესრულებასაც. როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”აჭარა ჯგუფიდან” აცნობეს, რეისები ხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა აეროდრომში, ასევე მეზობელ ქვეყნებში.

”ძალიან დიდი მოთხოვნაა ერევნის და ბაქოს მიმართულებებზე. ზოგადად, კავკასიის რეგიონში არსებული ყველა აეროპორტის მიმართულებით დავფრინავთ. ამასთან, გვაქვს ავია რეისი სტამბოლის მიმართულებითაც. რაც შეეხება ფრენის ღირებულებას, ის საათობრივად განისაზღვრება. 1 საათის ფასი 1500 დოლარიდან იწყება”, – განმარტეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფასი ნაწილდება 5 ადამიანზე, რადგან სწორედ ამ რაოდენობის მგზავრი თავსდება საჰაერო ტაქსში.

”ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მაქსიმალურად მოკლე დროში, კომფორტულად ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილას როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტით. ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს უახლესი ამერიკული წარმოების Beechcraft KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც აღჭურვილია 5 ადამიანზე გათვლილი ბიზნეს კლასის ინტერიერით და უახლესი სისტემებით, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს , სასურველი მიმართულებით უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ”, – აღნიშნეს “აჭარა ჯგუფში”.

მათივე ცნობით, ავიაკომპანია “ავიატორის” მთავარი მიზანი საქართველოში ტურიზმისა და მცირე ავიაციის განვითარების ხელშეწყობაა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამასთან, როგორც კომპანიაში განმარტეს, ”ავიატორის” პილოტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა გადამზადება აშშ-ს ერთ-ერთ საუკეთესო ტრეინინგ ცენტრში გაიარა. საწყისი ეტაპისთვის ავიაკომპანიაში დასაქმდა საავიაციო სფეროს 20-ზე მეტი ქართველი პროფესიონალი.

შეგახსენებთ, “აჭარა ჯგუფმა”, ჩვენს ქვეყანაში ”საჰაერო ტაქსების” ოპერირების ლიცენზია ცოტა ხნის წინ მოიპოვა. ამდროისთვის კომპანიას მხოლოდ ერთი ავიახომალდი აქვს, 2017 წელს კი საჰაერო ტაქსტების დამატებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები