„როგორ მოქმედებს „საირმის“ წყალი კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, როგორია „საირმის“ სამკურნალო ეფექტი გასტრიტის და კუჭის წყლულის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა „საირმის“ წლის პროფილაქტიკის მიზნით მიღება, რა ტიპის პათოლოგიაა სანაღვლე გზების დისკინეზია, რა სიმპტომებით ვლინდება ის და ამ კუთხით, რა როლი აქვს კურორტოლოგიას, საუკეთესო შედეგისთვის, რა პერიოდი უნდა დავყოთ კურორტზე“ – ამ და სხვა თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ გასტროენტეროლოგმა – მანანა კვარცხავამ ისაუბრა.
როგორ მოქმედებს „საირმის“ წყალი კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, რით განსხვავდება „საირმე“ იმ კურორტებისგან, რომლებიც მსგავსი ტიპის მომსახურებას სთავაზობენ დამსვენებლებს?
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები ძალიან საყურადღებო და გავრცელებულია, მით უმეტეს, საქართველოში, რადგან მოგეხსენებათ, ქართველები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს არ ვუფრთხილდებით, ხშირად ვიღებთ ისეთ საკვებს, რომელიც ორგანიზმისთვის საზიანოა და ა.შ.
ყველამ ვიცით, რომ საქართველო მდიდარია მინერალური წყლებით. სტატისტიკურად, საქართველოში 750-მდე მინერალური წყალია და ისინი უკვე გასცდნენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს, რადგან მათ უკვე მსოფლიოშიც კარგად იცნობენ, მაგალითად, „ბორჯომი“, „ზვარე“, „ნაბეღლავი“, მაგრამ, მე მინდა, რომ დღეს, ყურადღება საქართველოს მინერალური წყლების მარგალიტზე, „საირმეზე“ გავამახვილო.
მე არ ვაკნინებ არცერთი სხვა მინერალური წყლის თვისებებს, მაგრამ რატომ „საირმე“?! პირველი და მთავარი, ის არის ბუნებრივი მინერალური შემადგენლობის, მასში შედის ჰიდროკარბონატები, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ზოგ წყაროში შედის რკინაც. ყველა ეს ნივთიერება აძლიერებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს, ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეგულაციას, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „საირმეს“ სხვადასხვა, 5 ტიპის წყარო აქვს. ორგანიზმზე მისი დადებითი მოქმედება, მეცნიერულად არის დასაბუთებული. საინტერესოა, კიდევ ერთი თვისება, ეს არის ბუნებრივად გაზიანი წყალი. ის არის კარბონიზირებული, შეიცავს ბუნებრივ C2-ს და უფრო სასიამოვნოდ დასალევია, ვიდრე ხელოვნურად გაზირებული წყლები. ის არის მსუბუქი და საოცრად რბილი გემო აქვს, იკეთებს ნაზ ბუშტუკებს, რომელიც დალევის დროს, სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქვს ბალანსირებული PH, არის ნაკლებმარილიანი და მარტივად ასათვისებელია.
რაც შეეხება იმას, თუ რა უპირატესობა აქვს სხვა წყლებთან შედარებით „საირმეს“ და რატომ უნდა ავირჩიოთ ის, იგი აგვარებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, თირკმლისა და საშარდე სისტემის პრობლემებს, მეტაბოლიზმის დარღვევებს, ხდება რკინის დონის ბუნებრივი ნორმალიზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე პირობებში ხშირია ანემიის პრობლემები. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის გემოვნური თვისებები, თუ გსურთ, რომ დალიოთ ბუნებრივი, გემრიელი წყალი, მიირთვით „საირმე“. მინდ ხაზი გავუსვა, რომ „საირმე“ არის მსუბუქი მინერალიზაციის წყალი, ამიტომ ბოთლში ჩამოსხმული „საირმეს“ მიღება, ექიმის დანიშნულების გარეშეც, სრულიად შესაძლებელია.
როგორია „საირმეს“ სამკურნალო ეფექტი გასტრიტის და კუჭის წყლულის შემთხვევაში და რა ტიპის მკურნალობა შეიძლება იყოს რეკომენდებული ამ მხრივ?
საერთოდ, „საირმე“ ეს არის ნეიტრალური ტუტე წყალი, ამიტომ კუჭ-ნაწლავის სისტემის, განსაკუთრებით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების, გასტრიტების დროს, შესანიშნავი, დამხმარე სამკურნალო საშუალებაა.
მინდა გითხრათ, რომ გასტრიტი, ანუ კუჭის ანთებითი პროცესი, შეიძლება, მიმდინარეობდეს ნორმალური მჟავიანობის პირობებში, შეიძლება, მიმდინარეობდეს მომატებული მჟავიანობის პირობებში ან დაქვეითებული მჟავიანობის პირობებში. სამივე შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ პაციენტმა მიიღოს „საირმე“, მაგრამ განსხვავება არის ტემპერატურაში და მიღების წესს შორის.
არის კუჭ-ნაწლავის სისტემაში დაავადებები, როდესაც საერთოდ არ შეიძლება მინერალური წყლის მიღება და ასეთია მწვავე დაავადებები, მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მწვავე ფაზაში, მწვავე გასტრიტი, კალკულოზური ქოლეცისტიტი, მწვავე პანკრეატიტი, ღვიძლის ციროზი, გერდი, როდესაც გასტროეზოფაგური რეფლუქსური გამწვავებულად მიმდინარეობს და არის წყლულებით დატვირთული და მაშინ, როცა ეჭვი არის სიმსივნურ დაავადებებზე.
თუ კურორტზე დასასვენებლად ჩამოვიდა ადამიანი, რომელსაც კუჭის ნორმალური მჟავიანობა აქვს, ამ მხრივ არ აწუხებს არაფერი, მან მინერალური წყალი „საირმე“ უნდა მიიღოს თბილი, 38-40 გრადუსი ტემპერატურის ან ოთახის ტემპერატურის, უგაზოდ, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ კურორტზე. თუ ნორმალური მჟავიანობას თან ახლავს ყაბზობა, მაშინ ჯობია, რომ წყალი იყოს გრილი. თუ თანმხლებია ფაღარათი, მაშინ წყალი უნდა იყოს თბილი, 40-50 გრადუსი. რაც შეეხება რაოდენობას, სტანდარტი ასეთია, 1 კგ წონაზე 3 მლ მინერალური წყალი. დავუშვათ, 60 კგ ადამიანმა 180 მლ უნდა მიიღოს. მაქსიმალური ეფექტი მხოლოდ ასეთი დაბალანსებული, ტემპერატურული, რაოდენობრივი, რიგობრივი ფაქტორების გათვალისწინებით მიიღება.
მომატებული მჟავიანობის დროს, რა თქმა უნდა, სხვანაირია მიღების წესი. ამ შემთხვევაში წყალი აუცილებლად თბილი უნდა იყოს და ის ჭამამდე ერთი საათით, საათ ნახევრით ადრე უნდა მივიღოთ. ხანდახან, ისეთი ძლიერი მჟავიანობაა, რომ პაციენტი გულძმარვას ვერ იხსნის და მაშინ, დამატებით, ჩვენ შეგვიძლია, ჭამის დროსაც მივაწოდოთ წყალი, ოღონდ უფრო ცოტა რაოდენობით. ასეთ შემთხვევაში, ეფექტი უფრო სწრაფი იქნება.
წყლის მიღების წესი განსხვავებულია დაბალი მჟავიანობის დროსაც. დაბალი მჟვიანობით მიმდინარე პათოლოგიების დროს, წყალი გრილი, 20-25 გრადუსი უნდა იყოს. ის უნდა მივიღოთ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. შესაძლებელია, წლის ჭამის დროს მიღებაც.
საერთოდ, მინერალური წყალი ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით, ყლუპ-ყლუპებით ისმევა. ნელა, ყლუპ-ყლუპად დალევა უფრო კარგად მოქმედებს, რადგან ასე მოხვედრილი წყალი, კუჭს არ აღიზიანებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი მივიღოთ „საირმის“ წყალი პროფილაქტიკის მიზნით, ანუ მაშინ, როცა საერთოდ არაფერი გვაწუხებს?
ცნობილი ფაქტია, რომ ეს არის ბუნებრივი ფილტრაციით მრავალ საუკუნოვან ქანებში მიღებული ჰიდროკარბონატული, კალციუმ, ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც შემდეგ, გრუნტის წყლებს ერევა და ამოდის მაღლა. ეს „საირმის“ მინერალური წყალი თვითონ ადგილზე მიღებული, განსაკუთრებული, განსაზღვრული ტემპერატურით, რა თქმა უნდა, საუკეთესო საშუალებაა სამკურნალოდ, მაგრამ „საირმე“ გარდა სამკურნალო წყლებისა, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია. საირმის ჰაერი გაჯერებულია ჟანგბადით და ოზონით, იქ არის არაჩვეულებრივი ბუნება. გარდა ამისა, საირმეში გვაქვს თერმული წყლები, რომელიც აბაზანების მისაღებად გამოიყენება, რაც ერთ-ერთი ბალნეოლოგიური, კურორტული სამკურნალო საშუალებაა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა მივიღოთ „საირმის“ წყალი პროფილაქტიკის მიზნით, ზოგადად, მინერალური წყალი და განსაკუთრებით, „საირმე“ არის მსუბუქი, დაბალი და საშუალო მინერალიზაციის, რაც ნიშნავს იმას, რომ 3-დან 5 გრამამდეა 1 ლიტრ წყალში, რაც არ არის მაღალი მინერალიზაცია. რა თქმა უნდა, მაღალი მინერალიზაციის წყალს სამკურნალო ეფექტი მეტი აქვს, მაგრამ ის ძალიან ფრთხილად, ექიმის დანიშნულებით მიიღება და მისი მიღება ესე უბრალოდ, პროფილაქტიკის მიზნით, სასურველი არ არის.
„საირმის“ წყალი აძლიერებს იმუნურ სისტემას, რადგან მდიდარია ბუნებრივი მინერალებით, რაც ეხმარება ორგანიზმს, რომ შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ებრძოლოს ინფექციებს. საერთოდ, მინერალები ორგანიზმში ძალიან ბევრ ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ მინერალების წარმოქმნა არ ხდება, ის ჩვენ საკვების მეშვეობით უნდა მივიღოთ. დღევანდელ ეპოქაში კი, როდესაც საკვების მიღებაც სავალალოა მათი შემცველობის გამო, მინერალური წყლით ამ ორგანული მინერალების მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „საირმის“ წყალი არეგულირებს მეტაბოლურ სისტემას. მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნის სენია სიმსუქნე, რასაც ადამიანები რაღაც არანორმალური დიეტებით ებრძვიან. დღეს, ასევე, ძალიან მოდაშია ბარიატრიული ოპერაციები. მეტაბოლიზმის დარეგულირება აუცილებელია, რომ სტრესულ, სწრაფ კვებაზე ორიენტირებულ და დამოკიდებულ ყოველდღიურობას თავი ავარიდოთ. შესაბამისად, ქალბატონებს, მამაკაცებს, რომელთაც სიმსუქნის პრობლემა აქვთ, შეუძლიათ, თავისუფლად მიიღონ ბოთლში ჩამოსხმული „საირმე“. ამას დიეტოლოგები აუცილებლად უწევენ რეკომენდაციას. არის ერთი პატარა ნიუანსი, გაზიანი „საირმის“ წყალი მადის მომმატებელია, რადგან სწრაფად ხდება კუჭის ლორწოვანში მისი შეწოვა. უმჯობესია, სიმსუქნისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა გაზის გარეშე მიიღონ. მათ შეუძლიათ, დილას, უზმოზე ოთახის ტემპერატურის წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღონ ან მიიღონ დღეში სამჯერ, ჭამის წინ, 2-3 კვირის განმავლობაში. შემდეგ, რამდენიმე თვე უნდა დაისვენონ, წელიწადში 2-ჯერ ამის გაკეთება, სრულიად საკმარისია, რომ მეტაბოლიზმს ხელი შევუწყოთ.
„საირმის“ წყალი ნატურალურ ბიკარბონატებს შეიცავს, ამიტომ საოცრად კარგი არის იმისთვის, რომ თირკმელში ქვების წარმოქმნას ხელი შევუშალოთ.
წეღანაც აღვნიშნე, რომ ეს წყალი დარეგულირებული მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გამო, შეუდარებელი და შეუცვლელია კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიების დროს. ასევე, ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ ის არეგულირებს ლიპიდურ ცვლას, ანუ ქოლესტერინის დონეს და ასევე, არეგულირებს შაქრის დონესაც, რადგან როგორც გითხარით, აძლიერებს მეტაბოლიზმს. რა თქმა უნდა, მას აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედებაც, ამიტომ ის ტოქსინების გამოდევნასაც უწყობს ხელს. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშან-თვისებების გამო, „საირმე“ ექიმის დანიშნულების გარეშე, თავისუფლად შეუძლიათ, რომ მიიღონ.
რა ტიპის პათოლოგიაა სანაღვლე გზების დისკინეზია, რა სიმპტომებით ვლინდება ის და ამ კუთხით, რა როლი აქვს კურორტოლოგიას?
ახალი დამთავრებული მქონდა ინსტიტუტი, როცა გასტროენტეროლოგიის კათედრაზე ვმუშაობდი. კათედრაზე მუშაობის პროცესში, უცხოური ლიტერატურის გაცნობისას, გავიგე, რომ ცნება ქრონიკული ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების ქრონიკული ანთება, ამერიკასა და ევროპაში მიღებული არ იყო. იქ მიღებული იყო ცნება – ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი, ანუ ნაღველკენჭოვანი დაავადება და ყველა სხვა დაავადება, რომელიც ნაღვლის ბუშტის პათოლოგიით იყო გამოხატული, იწოდებოდა, როგორც სანაღვლე გზების დისკინეზია ან ოდის სპინქტერის დისფუნქცია.
რუსულ, საბჭოთა გასტროენტეროლოგიაში იყო ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მოშლა გაძლიერებული პერისტალტიკით და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მოშლა დაქვეითებული პერისტალტიკით და მკურნალობის მეთოდები სხვადასხვანაირი იყო. ევროპაში ეს ყველაფერი გაერთიანებული იყო, როგორც სანაღვლე გზების დისკინეზია. სანაღვლე გზების დისკინეზია ორგანული პათოლოგია არ არის, ეს არის ფუნქციური პათოლოგია, ანუ მოშლილია სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის კინეტიკა, კუმშვადობა. დღეს, ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია, რადგან ეს ყველაფერი ნერვულ სისტემასთან არის დაკავშირებული, ჩვენ კი მოგეხსენებათ, როგორი სტრესის პირობებში ვცხოვრობთ, როგორია თანამედროვე ადამიანის კვება, როგორია ახალგაზრდებში შეცვლილი დღე-ღამის რეჟიმი… ეს პრობლემა იმდენად ხშირია, რომ დღე არ გავა, რომ 4-5 პაციენტი არ შემხვდეს ამ პათოლოგიით.
საოცარი არის ის, რომ ეს პაციენტები დადიან ექიმიდან ექიმთან, რადგან აწუხებთ ეს პრობლემა, მაგრამ გამოკვლევების შედეგად, რაიმე ორგანული პათოლოგიის დადგენა არ ხდება, ამიტომ პაციენტების უმეტესობას უარს ეუბნებიან მკურნალობაზე, თუმცა ეს ნამდვილად სამკურნალოა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავამშვიდოთ და დავაწყნაროთ მოტორიკა.
2019 წელს „საირმის“ წყალში აღმოჩენილი იქნა ლითიუმი. ეს ჩემთვის იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რომ ამან ძალიან გამახარა. ლითიუმი ეს არის ნივთიერება, რომელიც უძილობის, ნევროზის გამოიყენება.
სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს, ევროპაში და უკვე ჩვენთანაც, პირველი რიგის წამალი ანტიდეპრესანტია. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველ ადამიანს, რომელსაც ნაღვლის ბუშტი აწუხებს, ანტიდეპრესანტი რომ დავუნიშნოთ, ალბათ, უმეტესობა არც დალევს, ამიტომ მე ძალიან ბევრი მცენარეული ანტიდეპრესანტი აღმოვაჩინე, რომელიც არაჩვეულებრივად მოქმედებს აღნიშნული პრობლემის დროს და თუ ჩვენ ამას ლითიუმის შემცველ „საირმის“ წყალსაც დავუმატებთ, შედეგი არაჩვეულებრივი იქნება. მე მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩემი რჩევით, პაციენტი საირმეში წავიდა, ჩაიტარა შესაბამისი მკურნალობა და უკან აღფრთოვანებული და აღტაცებული დაბრუნდა.
მნიშვნელოვანია თუ არა, რა სეზონზე ხდება „საირმის“ წყლის მიღება და მნიშვნელოვანია თუ არა, წყლის მიღების ხანგრძლივობა?
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებებს სეზონურობა ახასიათებს, ისინი გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება. პაციენტებს, რომელთაც აქვთ კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნამკურნალები, ქრონიკული, მათ ჩვენ ვურჩევთ, რომ გაზაფხულსა და შემოდგომაზე პატარა პრევენციული მკურნალობა ჩაიტარონ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მწვავე შემთხვევებში, მინერალური წყლით მკურნალობა, არ შეიძლება. შესაბამისად, სანამ გაზაფხულ-შემოდგომაზე დაავადება გამწვავდება, თუ პაციენტი ჩაბრძანდება საირმეში და წყალთან ერთად, სხვა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, დაისვენებს, რა თქმა უნდა, შედეგი არაჩვეულებრივი იქნება. რაში გამოიხატება ეს შედეგი… ამერიკელები ამბობენ, რომ კარგი ექიმი და კარგი პაციენტი არის მაშინ, როცა რემისია 2 წელი დგებაო. მე მყავს პაციენტები, რომლებთანაც რემისია 2 წელიც არის, 5 წელიც და 15-ც, რადგან ისინი მიჰყვებიან იმ რჩევა დარიგებას, რასაც მათ ვაძლევ.
სხვათა შორის, ერთი პერიოდი, კურორტოლოგიას ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ ახლა, წამოვიდა ტენდენცია და მიხვდნენ, რომ კურორტული მკურნალობა არაჩვეულებრივია. შესაბამისად, თუ პაციენტები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩაბრძანდებიან საირმეში და ჩაიტარებენ პროფილაქტიკურ მკურნალობა, ეს მათ, რა თქმა უნდა, წაადგებათ.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენდღიანი უნდა იყოს მკურნალობა, რა თქმა უნდა, 24 დღიანი სრული კურსი არაჩვეულებრივი და შესანიშნავია, რადგან ამ დროს, მთლიანად რეგულირდება მჟავა–ტუტოვანი წონასწორობა, დამშვიდდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი, მაგრამ ყველაზე ცოტა, 10-14 მაინც აუცილებელია, რომ პაციენტმა კურორტზე დაყოს.
საირმეში მკურნალობის ფონზე, მალე ხდება დაავადების სიმპტომების ალაგება? ასევე, საუკეთესო შედეგისთვის, უნდა დავახმაროთ თუ არა ამ ყველაფერს კლასიკური მკურნალობის მეთოდები, სწორი კვება ან სხვა რაიმე?
ბავშვობაში, ბებოს დავყვებოდი ხოლმე საირმეში და მას შემდეგ, ალბათ, ერთი 30 წელი აღარ ვყოფილვარ. შარშან, როდესაც „საირმეში“ ჩავედი, განცვიფრებული დავრჩი ინფრასტრუქტურით, სამედიცინო მომსახურებით, წყაროებით, აუზებით, სხვადასხვა წყაროებით.
რა თქმა უნდა, კურორტული, ბალნეოლოგიური მკურნალობა ეს არის კომპლექსური თერაპია და აქ მხოლოდ წყლის მიღება არ არის მთავარი, აქ მთავარია კვებაც, რომელიც უნდა იყოს ჯანსაღი, ანუ საკვები უნდა მივიღოთ ხშირად და ცოტ-ცოტა. ეს ყველაფერი კი არაჩვეულებრივად არის უზრუნველყოფილი საირმის სანატორიუმში.
წყლის მიღება უნდა ხდებოდეს რეგულარულად, დღეში სამჯერ, თუ საჭიროა, ოთხჯერაც, ამას ექიმი გასაზღვრავს.
სხვათა შორის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, თითქმის არასდროს არის იზოლირებულად რაიმე ერთი დაავადება, მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას ძალიან ხშირად თან ახლავს სანაღვლე გზების დისკინეზია, ყაბზობა, შეკრულობა, ფაღარათი.
ნაღვლის ბუშტის დისკინეზიების დროს, სასურველია და ეს პროცედურა „საირმეშიც“ კეთდება, სანაღვლე გზების ყრუ გამორეცხვა. დილას, უზმოზე პაციენტი იღებს შემთბარ მინერალურ წყალს და ერთი საათი, საათ ნახევარი წვება სათბურზე. ეს პროცედურა ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის ადვილად დრენირებას. ეს პროცედურა მაშინ არის საჭირო, თუ პაციენტმა გადაიღო ექოსკოპია და ნახა, რომ ნაღველი შეგუბებული, ამღვრეული, არაჰომოგენურია. იმას, რაც ექიმმა პრეპარატებით 1 თვის განმავლობაში უნდა გააკეთოს, 3-4 პროცედურა ყოფნის და პაციენტს ამ პრობლემას აშორებს.
„საირმეში“, ასევე, ტარდება ჰიდროკოლონოთერაპია, რაც მინერალური წყლით ნაწლავების გამორეცხვას გულისხმობს. ეს არის არაჩვეულებრივი პროცედურა, განსაკუთრებით, შეკრულობით მიმდინარე კოლიტების დროს. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პროცედურა ჩატარდეს, პაციენტი წინასწარ გამოკვლეული უნდა იყოს, მას გაკეთებული უნდა ჰქონდეს კოლონოსკოპია ან ირიგოსკოპია. მას არ უნდა ჰქონდეს პოლიპი, სიმსივნური დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, მთელი რიგი დაავადებები, მაგრამ ბანალურად მიმდინარე ყაბზობების დროს, ეს შესანიშნავი პროცედურაა. გარდა ამისა, იქაურმა ექიმებმა მითხრეს და ეს მეცნიერებაში თეორიულადაც არის დამტკიცებული, რომ ჰიდროკოლონოთერაპიას შესანიშნავი შედეგები აქვს ჰელმინთოზების, ნაწლავში ჭიების არსებობის დროს. პროცედურის რაოდენობას თავად პროცედურის ჩამტარებელი განსაზღვრავს, დაბინძურების და მიხედვით, როგორც წესი, 2-3-ჯერ კეთდება.
პროცედურების ჩატარების შემდეგ პაციენტი თბილისში ნამდვილად გაჯანსაღებული ჩამოვა.
ქრონიკული დაავადებების დროს, ისეთ ჩივილებს, როგორიცაა გულძმარვა, მუცლის შებერილობა, დისკომფორტი, მარტო მინერალური წყლების დალევაც, ამ დისკომფორტს მეორე, მესამე დღეს მოხსნის.
ჰიდროკოლონოთერაპიის ჩატარება რა ასაკიდან არის რეკომენდებული?
აღნიშნული პროცედურა საბავშვო ასაკში მაინც უფრო საფრთხილოა, უფრო მოზარდობის ასაკიდან, დაახლოებით, 15 წლიდან არის შესაძლებელი.