Samsung-ის ჩავარდნილი Galaxy Note 7 მალე ახალი ფლაგმანური მოდელით ჩანაცვლდება. Samsung Galaxy S8 სწორედ ის ახალი სმარტფონია, რომლის შესახებაც კომპანიამ დუმილი დაარღვია. როგორც ირკვევა, კორეულმა მწარმოებელმა სმარტფონის 4K დისფლეით აღჭურვა გადაწყვიტა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რატომ სურს Samsung-ს Sony-ის არჩევანის გამეორება. Sony Xperia Z5 Premium–ი ერთადერთი მოდელი იყო სმარტფონების ბაზარზე, რომელიც 4K დისფლეით იყო აღჭურვილი, სამომავლოდ კი ამ ერთადგილიან კატეგორიას, Samsung Galaxy S8-ც შეემატება.
სმარტფონი აღჭურვილია 3.5 მმ-იანი აუდიოპორტით, (სწორედ იმ პორტით, რომელიც Apple-მ ახალ iPhone-ებში აღარ გამოიყენა) ხოლო ეკრანის გაფართოება არც მეტი, არც ნაკლები 3840 x 2160 – ზე იქნება.
აღსანიშნავია, რომ Sony Xperia Z5 Premium-ი საკუთრივ 4K დისფლეის მხოლოდ 4K ფოტოებისა და ვიდეოების გახსნისას იყენებს. სხვა ყველა შემთხვევაში გაჯეტი 1920 x 1080 პიქსელზე მუშაობს, აღნიშნული ,,გადართვის ფუნქცია’’ გაფართოებებში კომპანიამ ჩაკეტილად დატოვა და მომხმარებელს არ აქვს საშუალება მაგალითად სამუშაო მაგიდა 4K-ში იხილოს. რაც შეეხება კორეული სმარტფონების მწარმოებლის ახალ მოწყობილობას, არაა გამორიცხული, რომ Galaxy S8-ს მომხმარებელს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თვითონ აკონტროლოს გარჩევადობის ხარისხი.
ახალი ,,ლამაზმანი’’ Mobile World Congress 2017-ზე გამოჩნდება, რომელიც 27 თებერვლიდან 2 მარტამდე, ქალაქ ბარსელონაში გაიმართება.