დანიაში მუშაობენ ინოვაციურ საკანონმდებლო რეფორმაზე, რომლის მიზანია, ადამიანებმა შეძლონ საკუთარი გარეგნობის, ხმისა და ქცევის უნიკალური მანერების ხელოვნური ინტელექტის (AI) მავნე ზეგავლენისგან დაცვა — განსაკუთრებით ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში. სიახლის შესახებ The Guardian წერს.
ახალი კანონის მიხედვით, დანიის მოქალაქეები შეძლებენ:
დაარეგისტრირონ საკუთარი გარეგნობა, ხმა და ქცევა როგორც ინტელექტუალური საკუთრება;
მიიღონ იურიდიული დაცვა, თუ AI-ს ან სხვა ტექნოლოგიას გამოყენებული აქვს მათი სახე, ხმა ან ქცევა ნებართვის გარეშე — მაგალითად ყალბ ვიდეოში;
სასამართლოში იდავონ და მოითხოვონ კომპენსაცია თუ დარღვევა დაფიქსირდება.
ეს არის პირველი მსგავსი ინიციატივა მსოფლიოში, რომელიც ადამიანის ფიზიკურ იდენტობას აღიარებს როგორც საავტორო უფლების მქონე ინტელექტუალურ საკუთრებას.
რატომ გახდა ახალი კანონის მიღება საჭირო?
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ვითარდება. საზოგადოებაში უკვე გავრცელდა უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანების სახეები, ხმები ან ქცევები გამოყენებულია ისე, რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ ან არ მიუციათ თანხმობა.
დანიელი კანონმდებლების აზრით, მოსახლეობას სჭირდება იურიდიული ბერკეტები, რათა დაიცვან საკუთარი იდენტობა, სწრაფად ცვალებადი ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში.
ეს ცვლილება ასევე მიზნად ისახავს პრევენციას — სასტიკად უნდა აიკრძალოს იმ ადამიანების სურათების/ხმის გავრცელება, ვისაც ამაზე თანხმობა არ განუცხადებია.
კანონი ძალაში სავარაუდოდ, 2025 წლის ბოლოდან შევა.