სამწვერა ნერვის ნევრალგია სახეზე არსებული ნერვის უეცარი, მწვავე ტკივილია, რომელიც თითოეულ ჯერზე რამდენიმე წამი ან წუთი გრძელდება. სამწვერა ნერვის ნევრალგია უმეტეს შემთხვევაში სახის ერთ მხარეს ვლინდება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა სახის ორივე მხარეს გამოიხატოს. დაავადების ძირითადი სიმპტომია სახეზე მწვავე ან მჭრელი ტკივილი, რომელიც მოულოდნელად ვითარდება და მოიცავს სახის ქვედა ყბას, ზედა ყბას, ლოყას და უფრო იშვიათად თვალბუდესა და შუბლის არეს. ასეთ დროს ავადმყოფი გრძნობს: ჩხვლეტის და გაშეშების შეგრძნებას, ტკივილს ან წვის შეგრძნებას. გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლოა რეგულარული სპაზმური ტკივილი განვითარდეს, რომელიც დღეები ან თვეები გრძელდება. ასევე, შესაძლებელია, რომ ტკივილი სრულად გაქრეს და წლების განმავლობაში აღარ განმეორდეს.
ნევრალგიის ეპიზოდების პროვოცირება შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა ქმედებებმა და მოძრაობებმა, როგორიცაა: საუბარი, ღიმილი, ღეჭვა, კბილების გახეხვა, მსუბუქი შეხება, გაპარსვა, ყლაპვა, ცივი ნიავი, თავის მოძრაობები და სხვა. სამწვერა ნერვის ნევრალგიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: გარე ფაქტორები (მაგალითად, ქარიანი ამინდი, ცივი ან ცხელი სასმელისა და საკვების მიღება), რომლებსაც უნდა მოერიდოთ, რათა არ მოხდეს ტკივილის პროვოცირება.
სამწვერა ნერვის ნევრალგია იშვიათად ვითარდება 40 წლამდე ასაკში, ის თავს ასაკის მატებასთან ერთად იჩენს და მეტად გავრცელებულია ქალებში. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც გადამწყვეტია ქალას შიგა კომპრესიის გამოსარიცხად ან დასადასტურებლად. თავდაპირველად ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, რათა შემცირდეს სახის არეში არსებული ტკივილი. მედიკამენტები ხელს უშლიან ტკივილის გადაცემას. კვლევებით დასტურდება, რომ ოპერაცია ეფექტურად უზრუნველყოფს ტკივილის შემსუბუქებას და ხელს უშლის მის გამეორებას.