LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარი ნამუშევარი გამოვიდა“ – სიმღერა, რომელმაც ყველა აატირა – ეკა კვალიაშვილის მიძღვნა გმირებს

1704
ეკა-კვალიაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ეკა კვალიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ კარიერაზე, შემოქმედებაში არსებულ სიახლეებზე და ჩატარებულ საიუბილეო საღამოზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „საქართველოში არა კვდებიან“ პრემიერა შედგა.

ეკა, მიუხედავად დიდი პოპულარობისა, ძალიან თავმდაბალი და უშუალო ადამიანი ხარ, ყველასთვის სიკეთე გემეტება, არ შეგცვალა ვარსკვლავობამ, როგორ ახერხებ ამ ყველაფერს? აღსანიშნავია შენი ნიჭი, რომელსაც რაც არ უნდა ვოკალზე იარო, ვერ ისწავლი.

თუ გაქვს, შინაგანად გაქვს ეს ნიჭი და მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ეს ამოხეთქავს და ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. მე, ფაქტობრივად, მუსიკალური დინასტიის წარმომადგენელი ვარ და ეს გენეტიკურად გადმოვიდა, იმდენად ჩემი იყო და ისეთი ჩვეულებრივი მომენტი იყო ჩემთვის, სხვანაირად ვერც წარმომედგინა. მამიდაჩემს ერთი ფანტასტიკური სიმღერა აქვს, „ნუ იამაყებ, თუნდ იყო ცხრათავა ბაყბაყ დევიაო“. ჯერ ერთი, ყველა ადამიანები ვართ და ყველას რაღაცის ნიჭი აქვს, უნიჭო ადამიანი არ არსებობს.

ალბათ, ამ დროის განმავლობაში, იყო დიდი კონკურენცია, იყვნენ ადამიანები, რომელთაც შენი წარმატება არ უხაროდათ, როგორ გაუმკლავდი ამ ყველაფერს?

საერთოდ, სიკეთე როცა გემეტება, სიყვარული როცა გემეტება, სიყვარულის ფლუიდებით როცა ხარ სავსე და სიყვარულით აკეთებ შენს საქმეს, ყველაფერი კარგი გამოდის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარმულად გიბრუნდება. ჩვენი წინაპრები ბრძენი ადამიანები იყვნენ, რომ ამბობდნენ „რასაცა გასცემ, შენიაო“. რასაც იფიქრებ ის მოდის, სამყარო ასეთი სარკისებურია. დავუშვათ, ვიღაცამ სიბოროტე გამიკეთა, მეც იგივე რომ ვუსურვო, მერე, მე რა?! შენც რომ ცუდი უსურვო, მაშინ არაფრით განსხვავდები იმ ადამიანისგან. ვიღაც თუ ბოროტი განზრახვით მოდის, შენ სიკეთე და სიყვარული დაახვედრე.

რომელი სიმღერა შექმენი პირველად?

პირველი სიმღერა რომ დავწერე, 12 წლის ვიყავი. ამ სიმღერას „წვიმა“ ჰქვია და თემურ თათარაშვილი ასრულებს. 23 მაისს, საავტორო კონცერტი რომ მქონდა, ამ სიმღერით დავიწყეთ.

რამდენი სიმღერა შესრულდა აღნიშნულ საიუბილეო საღამოზე?

საღამოზე 21-22 სიმღერა შესრულდა. ჩემი სიმღერები იმღერეს ჩემმა შვილმა, ნუკამ, ლუკა ჭოხონელიძემ.

როგორც ვიცი, ბოლოს, აპლოდისმენტებით დაინგრა „ფილარმონია“, როცა ის პატრიოტული სიმღერა გაჟღერდა, რომლის რადიო პრემიერაც დღეს შედგება.

კი, ძალიან მაგარი სიმღერა გამოვიდა… საოცარი ლექსია. ჩემს კონცერტამდე, ალბათ, 1-2 კვირით ადრე, დავწერე ეს სიმღერა.

მინდა, რომ ქალბატონ მარიკო კვალიაშვილის საღამოზეც ვისაუბროთ, ვიცით, რომ საოცრება მოხდა აღნიშნულ კონცერტზე.

მე არ ვარ მიკერძოებული ადამიანი, რომ რახან ჩემი შვილია, რახან მამიდაჩემია, ხოტბა შევასხა, თუ კარგია, ვიტყვი, რომ კარგია, თუ არ ვარგა, არ ვარგა. მართლა, სიტყვები არ მყოფნის. მამიდაჩემმა რაც „ოპერის“ დარბაზში გააკეთა… გადაჭედილი იყო დარბაზი. ეს იყო პოემა „ტატო“, ნიკოლოზ ბარათაშვილზე. სპექტაკლი მარიკოს სიმღერებით იყო შექმნილი. მასში ოპერის, ესტრადის მომღერლები მონაწილეობდნენ. წარმოიდგინეთ, 150 ადამიანი მონაწილეობდა. რაღაც საოცრება დადგა ამ ადამიანმა, იქცეოდა იქაურობა ტაშის გრიალით.

ვისაუბროთ სიმღერაზე „საქართველოში არა კვდებიან“.

თინიკო მღდვლიაშვილს ჰქონდა დაწერილი ეს ლექსი, რომელიც ფაქტობრივად, გმირებს მიუძღვნა. ჩამონათვალიც არის ამ გმირების და რა თქმა უნდა, ყველა ღირსია, რომ მოვიხსენიოთ და დავაფასოთ. ეს სიმღერა კონცერტზე 2 ჯერ შევასრულე, მთხოვეს, რომ გაიმეორეო, ყველა ტიროდა. მართლა საოცარი ნამუშევარი გამოვიდა. მე მთლიანი ფილმიც მაქვს შექმნილი, რომელსაც ტელევიზიით გამოვიტან.

მე და ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი მეზობლები ვართ და ჩემთან იყო ამოსული. ვახომ მითხრა, თინიკოს ლექსი მაქვს და უნდა, რომ ვინმემ სიმღერა დაწეროსო და აბა, ნახე, თუ გამოგივაო. ვუთხარი – ვახო, მე ასე შეკვეთებით, არ შემიძლია, სიმღერების წერა-მეთქი. პიანინოზე დამიტოვა ეს ლექსი და წავიდა. სანამ ლიფტით ჩავიდა, ეს ლექსი გადავიკითხე, დავჯექი პიანინოსთან, პირდაპირ ვიმღერე და ტელეფონის დიქტოფონით ჩავიწერე. მერე, სანამ დაბლა ჩავიდა, გავუგზავნე, სიმღერა დავწერე-მეთქი და შენ არ ხარ ნორმალურიო, მითხრა. ასე შეიქმნა ეს სიმღერა. შემდეგ, უკვე ორკესტრირება გაუკეთდა.

ეკა კვალიაშვილი – საქართველოში არა კვდებიან

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები