LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა

110

2016 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2015 წელთან შედარებით 25,63%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით 41,42%-ით არის გაზრდილი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მისი მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 2 840 455 მგზავრი, რაც 25,63%-ით (579 444 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 261 011 მგზავრი). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

• თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წელს 2 252 535 მგზავრს მოემსახურა. 2015 წლის 12 თვის პერიოდში აღნიშნული მონაცემი 1 847 116 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 21,95% შეადგინა;

• ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილ იქნა 312 343 მგზავრი, რაც 37,91%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (226 476 მგზავრი);

• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48,32%-ით გაიზარდა. თუ 2015 წელს აეროპორტი მოემსახურა 182 954 მგზავრს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 271 363 მგზავრი შეადგინა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, 2016 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 15 318 სამგზავრო და სატვირთო რეისი (რეგულარული/ჩარტერული) შესრულდა, რაც 12,08%-ით აღემატება 2015 წელს განხორციელებული რეისების რაოდენობას (13 667). 2015 წელთან შედარებით, 4,12%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს – 128 446 ერთეული გადაფრენა, 2015 წელს – 123 364 ერთეული გადაფრენა).

რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, 2016 წლის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 34 065. 259 ტონა შეადგინა, რაც 19 180.19 ტონით, შესაბამისად – 128,86%-ით მეტია, ვიდრე 2015 წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.