ინდოეთში გაურკვევლად დაწერილი სამედიცინო დანიშნულებების პრობლემა სასამართლო განხილვის საგნად იქცა, – ამის შესახებ BBC News იუწყება.
პენჯაბისა და ჰარიანის შტატების უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მკაფიო ხელწერა პაციენტების უსაფრთხოების გარანტიაა, რადგან გაუგებრად დაწერილმა რეცეპტმა შეიძლება ტრაგიკული შედეგები გამოიწვიოს. მოსამართლე ჯასგურპრიტ სინგჰ პურიმ, რომელსაც სრულიად გაურკვეველი სამედიცინო-სამართლებრივი დასკვნა გადაეცა, აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა „სასამართლოს წარმოსახვას აღემატებოდა“ და მედიკოსებს მოუწოდა, სერიოზულად მიუდგნენ ამ პრობლემას.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია მოწოდება ხელისუფლებისადმი – მედიკოსთა სასწავლო პროგრამაში კალიგრაფიის გაკვეთილები უნდა დაინერგოს და ორ წელიწადში დანიშნულებები მთლიანად ციფრულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ დროისთვის კი ექიმებს დაევალათ რეცეპტების ბეჭდური ასოებით წერა, რათა ხელნაწერში გაერკვნენ როგორც პაციენტები, ისე ფარმაცევტები.
ინდოეთის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა, დოქტორმა დილიპ ბჰანუშალიმ აღიარა, რომ პრობლემა რეალურია და იგი სახელმწიფო საავადმყოფოებში ექიმების გადატვირთულობით არის გამოწვეული.
„ექიმს, რომელიც დღეში შვიდ პაციენტს იღებს, შესაძლოა მკაფიოდ წერა შეეძლოს, მაგრამ თუ დღეში სამოცდაათ პაციენტს ემსახურები – ეს პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – განმარტა მან.
ექსპერტების თქმით, საუბარი არ არის ესთეტიკაზე – საქმე პაციენტების უსაფრთხოებას ეხება: არასწორად წაკითხულმა რეცეპტმა შეიძლება სიცოცხლე შეიწიროს. აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის მონაცემებით, 1999 წელს სამედიცინო შეცდომების, მათ შორის გაუგებარი ხელწერის გამო, წელიწადში დაახლოებით 44 ათასი ადამიანი იღუპებოდა. ინდოეთშიც არის დაფიქსირებული შემთხვევები, როდესაც არასწორად გაგებულმა დანიშნულებამ ფატალური შედეგი გამოიწვია.
ფარმაცევტმა ჩილუკური პარამატამამ, რომელიც ამ პრობლემასთან წლებია იბრძვის, დაადასტურა, რომ გაუგებრად დაწერილი რეცეპტები კვლავ ხვდება აფთიაქებში. მან ჟურნალისტებს აჩვენა რამდენიმე ასეთი „შენიშვნა“, რომლის ამოკითხვაც ვერ შეძლო ვერც ერთმა გამოცდილმა სპეციალისტმა.