რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ პაატა თედიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერა „შეგიყვარდები“ წარუდგინა.
პაატა, ერთგვარი პაუზა გქონდა შემოქმედებაში, ახლა, რა სიახლეებია შენს კარიერაში?
ძალიან მიხარია, რომ მაქვს ახალი სიმღერა. მოლოდინის რეჟიმი მაქვს ხოლმე, რადგან ძალიან მოქმედებს გარე მოვლენები, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური გარემოებები, რაღაცნაირად მიჭირს ხოლმე, თუ რაიმე წარმატება მაქვს, იმაზე აპელირება. რაღაცნაირად ვერ ვირგებ ხოლმე, რადგან ერთგვარ სოლიდარობას ვუცხადებ ხოლმე გარემოს და სიტუაციას, ამიტომ ეტაპობრივად აგვიანებს ხოლმე ეს ყველაფერი.
დაახლოებით, რამხელა პაუზა გქონდა?
1 წელი მქონდა პაუზა, ზუსტად ერთი წლის წინ დავაპრემიერე თქვენთან ბოლო სიმღერა.
სიმღერა, რომელიც ახლა მოვიტანე, საზაფხულო განწყობის, რომანტიკული, სასიყვარულო ბალადაა, გარკვეულ სენტიმენტებს, ემოციებს შეიცავს. ძალიან საინტერესო იყო ამ სიმღერის დაბადება, 2 თვის წინ, ბათუმში მივდიოდი და რაღაც ერთგვარი მელანქოლია შემომაწვა და იქვე, სპონტანურად დაიბადა მელოდია და ტექსტი. რადგანაც ინსტრუმენტი არ მქონდა, ვერ მოხდებოდა მისი ჩაწერა, ამიტომ დიქტოფონით ჩავიწერე და გავუგზავნე სტუდიას, სადაც ვწერ ხოლმე სიმღერებს. ვფიქრობ, ყველა შეყვარებულს გაახსენებს რაღაცას, დასრულებულ ზაფხულის რომანს… ნამუშევარი არის ემოციური და მუსიკალურად საინტერესო. „იფიქრე ჩემზე და შეგიყვარდები“… თურმე, შესაძლებელია იფიქრო და შეგიყვარდეს, ანუ მხოლოდ სპონტანური საკითხი არ განსაზღვრავს სიყვარულის ფენომენს და გრძნობის შექმნის ფენომენს. მართალია, ჩემთან ასე არ ხდება ხოლმე და მე სპონტანურად, ერთი ნახვით მიყვარდება, მეხივით დამეცემა ხოლმე თავზე.
აგვისტოში ძალიან მინიმალისტური კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ და სავარაუდოდ, სექტემბერში უკვე სატელევიზიო პრემიერაც იქნება.
ამ ეტაპზე, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხარ?
არა.
ვისაც სიმღერა მოვასმენინე, ყველამ მკითხა – „ვინ გიყვარს, ვინ დაგწვა?“, მაგრამ არავინ არ არის, ჯერჯერობით ასეა.
როგორი შეფასება მოჰყვა სიმღერას „შეგიყვარდები“ იმ ადამიანებისგან, ვინც უკვე მოისმინა ეს ნამუშევარი?
ყველას დადებითი შეფასება ჰქონდა.
რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის სხვისი შეფასებები და პირველი ვინ ისმენს ხოლმე შენს შემოქმედებას?
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი, თუმცა აქ გამოვრიცავ იმ რეპერტუარს, რომელიც სკანდალებით იყო სავსე, რადგან, ფაქტობრივად, ისე ვიღებდი და ვაპრემიერებდი, რომ არც ვეკითხებოდი მათ. თუ რამე არის ისეთი, რომელიც ახლოა ჩვენთან, საზოგადოებასთან, რაც არის სმენადი, ყურებადი და არ გამოიწვევს რთულ აჟიოტაჟს, მაშინ ყოველთვის მათ ვასმენინებ. არის ხოლმე უარყოფითი რეცენზიები და შემდეგ, მიწევს ხოლმე რაღაცების შესწორება, რედაქტირება, თუმცა არის ხოლმე ისეც, რომ მოსწონთ და შენიშვნები არ აქვთ.
პაატა – შეგიყვარდები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
პაატა – პოპური
პაატა. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”