LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა „ნუ მეტყვი“ რომ ჩავწერე, იმის მერე აღარ მიმღერია… ძალიან ვნანობ…“ – დედა-შვილი, ჯულიეტა მურადელი და მერაბ სეფაშვილი სტუმრად „არ დაიდარდოში“

786
მერაბ-სეფაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ დედა-შვილი, ჯულიეტა მურადელი და მერაბ სეფაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში ნამუშევრების „კვლავ გამიღიმებ“, „სიმღერა საქართველოზე“, „ნუ მეტყვი“ და „სიყვარულის ზღაპარი“ პრემიერა შედგა.

ქალბატონო ჯულიეტა, როდის და როგორ აღმოჩნდით მუსიკის სფეროში?

ჯულიეტა მურადელი: ძალიან ახალგაზრდა, 19 წლის ვიყავი, როცა „საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში“ მივედი. მაშინ, ყველა ვერ ხვდებოდა იქ, იყო საბჭო, სინჯებზე უნდა გასულიყავი და ამ საბჭოს უნდა დაემტკიცებინე. შემდეგ, დამიბარეს ხვალ მობრძანდითო, მივედი და მოვხვდი მერაბის მამასთან, ედუარდთან ერთად, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ჩამოყალიბებაში.

ჯერ იყო „ლალე“ და შემდეგ „რერო“… აღნიშნულ პერიოდზეც ვისაუბროთ.

ჯულიეტა მურადელი: 1970 წელს დამიძახა ბატონმა კონსტანტინე პევზნერმა და ჩვენთან, „რეროში“ წამოხვალო, მკითხა. მაშინ „ლენინის მარშრუტები“ იყო და 6 თვით უნდა წავსულიყავით ციმბირში. ისე გამიხარდა, ბატონმა კონსტანტინე პევზნერმა, რომ მთხოვა, ჩვენთან გადმოდი, თუ ოჯახიდან შესაძლებლობა გექნებაო… მე ველაპარაკე ედუარდს და კი, წადიო, მითხრა… „რეროში“ როგორც ერთი ოჯახი, ისე ვიყავით, მაშინ, სხვანაირი დამოკიდებულება და ურთიერთობები იყო.

მე სულ გასტროლებზე ვიყავი ხოლმე, 3-4 თვე და ეს იყო ჩემთვის საშინელება, რადგან პატარა იყო ჩემი შვილი და მას ვტოვებდი. ზაფხულობით თან დამყავდა ხოლმე მერაბი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე, რომ მერაბს 15 წლამდე არ უმღერია…

ჯულიეტა მურადელი: დიახ, 15 წლამდე საერთოდ არ უმღერია.

მერაბ სეფაშვილი: მაშინ, ეტყობა, ჩემით გავდიოდი ტრენინგს. ხომ იცით, ტვინში იმახსოვრებ, იმახსოვრებ… მთელი სამზარეულო ზეპირად ვიცოდი, რა როგორ ხდებოდა.

ჯულიეტა მურადელი: ისე იდგა „რეროს“ კულისებში, რომ მე მგონი, მერაბმა სულ ზეპირად იცოდა ის სიმღერები, ერთობოდა… პევზნერმა მითხრა, ჯულია, ჩემი აზრით, ის იმღერებსო.

თუ გახსოვთ, მერაბის პირველი გამოსვლა სცენაზე?

ჯულიეტა მურადელი: როგორ არ მახსოვს. რეპეტიციებზეც მოსმენილი მყავდა, მაგრამ სულ პირველად „ფილარმონიის“ დიდ დარბაზში ვნახე, როცა უკვე მეორე „რერო“ გვქონდა, ახალგაზრდების შემადგენლობით, სადაც  მერაბი აიყვანეს. მერაბი რომ ცეკვავდა, მე კინაღამ დარბაზში დავიხრჩვე.

ესე იგი, მერაბმა ცეკვაც იცის?

მერაბ სეფაშვილი: არა. რაღაც მოძრაობები იყო, ერთნაირად, სინქრონში უნდა გვემოძრავა. მოჰყავდათ ქორეოგრაფი, რომელიც ამ ცეკვებს დგამდა. ბოლოს, ვუთხარი, თავი დამანებეთ, თორემ მაგ სცენაზე საერთოდ არ გამოვალ-მეთქი. პროტესტს ვაცხადებდი ცეკვაზე (იცინის).

ჯულიეტა მურადელი: მოკლედ, პირველად, მაშინ ვნახე, მერაბმა რომ იმღერა. მეუხერხულება ამას რომ ვამბობ, მაგრამ აბსოლუტურ სიმართლეს ვიძახი, ისეთი ამბავი იყო დარბაზში, ვერ აღგიწერთ. მე, რა თქმა უნდა, თან ვტიროდი და თან მეცინებოდა მის მოძრაობებზე.

მერაბ სეფაშვილი: მაშინ,„რერო“ ახალი სიტყვა იყო. გივი გაჩეჩილაძე, არაჩვეულებრივი, ძალიან დიდი მუსიკოსი, ჩამოვიდა კიევიდან და შეიქმნა ბენდი „რერო“. მთელი საქართველოს მუსიკალური სამყარო მოლოდინში იყო. მაშინ, მე მთლად ბავშვი, 15 წლის ვიყავი. მთელი „მგლები“ ისხდნენ დარბაზში და წარმოიდგინეთ, როგორ გინდა, თან იმღერო, თან გაბედო. დარბაზში რომ  ერთი ამბავი ატყდა, მერე მომეშვა… ძალიან განვიცდიდი…

რომელი სიმღერა იმღერეთ?

მერაბ სეფაშვილი: ზურა ჩინჩალაძის სიმღერა – „მზე ჩადის“. სხვათა შორის, ხალხური სიმღერა და ურმულიც ვიმღერე.

მოგვიყევით სიმღერაზე „კვლავ გამიღიმებ“, ვის ეკუთვნის აღნიშნული ნამუშევარი?

ჯულიეტა მურადელი: სიმღერა ნუნუ გაბუნიას ეკუთვნის.

რამდენი წელია, რაც მუსიკალურ სფეროში აღარ ხართ?

ჯულიეტა მურადელი: 1980 წელს, ბატონ ნუგზარ ედილაშვილის სიმღერა – „ნუ მეტყვი“ რომ ჩავწერე, იმის მერე აღარ მიმღერია. ავად ვიყავი, ხმა აღარ მქონდა, მთელი 6 თვე ხმას ვერ ვიღებდი.

არ ნანობთ სიმღერას რომ თავი დაანებეთ?

ჯულიეტა მურადელი: ძალიან ვნანობ… სამაგიეროდ, ბავშვებს რომ ვამეცადინებდი, ისე ვმღეროდი და ისეთი დატვირთვა მქონდა, საღამოს ხმას ვერ ვიღებდი.

მერაბის რეპერტუარში თუ ერევით ხოლმე?

ჯულიეტა მურადელი: არასოდეს… არა.

დუეტის ჩაწერას ხომ არ გეგმავთ ან თუნდაც, მერაბის კონცერტზე ერთობლივ გამოსვლას?

ჯულიეტა მურადელი: არა, მე ვეღარ გავალ სცენაზე, მე მეშინია მაყურებლის.

რატომ გეშინიათ?

ჯულიეტა მურადელი: არ ვიცი, ვერ გეტყვით. ბოლოს რომ გავედი სცენაზე, სანამ სიმღერას თავს დავანებებდი, უკან დავიწიე, უკან გამოსვლა და კულისებში შესვლა მინდოდა.

ვისაუბროთ ნამუშევარზე „სიმღერა საქართველოზე“.

ჯულიეტა მურადელი: ეს არის ტრიო, ვასრულებთ მე, ედუარდ სეფაშვილი და გურამ ბალარჯიშვილი. ეს არის ძალიან ძველი ჩანაწერი. სიმღერა ვაჟა აზარაშვილის გახლავთ.

მერაბ, არ გიფიქრია, რომ დედას ან მამას შემოქმედებიდან რომელიმე სიმღერა გააცოცხლო, ახლებური ვერსია შემოგვთავაზო?

მერაბ სეფაშვილი: კი, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ამ ყველაფერს კარგი მოფიქრება უნდა. უამრავი ისეთი სიმღერაა, რომელიც დღესაც შეიძლება გახადო აქტუალური, თუ სწორად და გემოვნებიანად გააკეთებ. ასე რომ, ყველაფერი წინ არის… რამდენიმე უკვე გავაკეთე, მაგალითად, „ყაყაჩო“, „მტრედო“.

მოგვიყევით სიმღერაზე „ნუ მეტყვი“. როგორც აღნიშნეთ, ამ სიმღერის მერე, სხვა სიმღერა აღარ გაგიკეთებიათ, ჯანმრთელობის პრობლემის გამო. როცა ჯანმრთელობის პრობლემა მოგვარდა, არ გქონდათ ახალი ნამუშევრის შექმნის სურვილი?

ჯულიეტა მურადელი: ეს სიმღერა ნუგზარ ედილაშვილს ეკუთვნის. დიახ, ამ სიმღერის მერე არაფერი ჩამიწერია. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის პრობლემა მოგვარდა, მაგრამ მერე ისეთი სიტუაცია მქონდა, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა.

ალბათ, შემდეგ უფრო მერაბზე გადაერთეთ და მთელი აქცენტი მასზე გადაიტანეთ…

ჯულიეტა მურადელი: არა, მე მერაბისთვის არაფერი გამიკეთებია, არც მამამისს… აბსოლუტურად თვითონ გაიკვლია გზა. ხან ერთ ანსამბლში იყო, ხან მეორეში.

ჯულიეტა მურადელი – კვლავ გამიღიმებ

ჯულიეტა მურადელი – ნუ მეტყვი

ჯულიეტა მურადელი & მერაბ სეფაშვილი – სიყვარულის ზღაპარი

ჯულიეტა მურადელი, ედუარდ სეფაშვილი, გურამ ბალარჯიშვილი – სიმღერა საქართველოზე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები