LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციოლოგიული კვლევა, რომელიც თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემებს გამოავლენს

7

ტრანსპორტის სფეროში დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება და  ტრანსპორტის მგზავრთანადაკებისა და გადაადგილების კოორდინირების შესახებ ბაზა შეიქმნება. ამის შესახებ ”ფორტუნას” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტრანსპორტის სფეროში დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით, შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება.

კვლევას 2016 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის მერიასთან შეთანხმებით ჩაატარებს.

”აღნიშნული კვლევის შედეგად შეიქმნება საინფორმაციო ბაზა მგზავრნაკადებისა და გადაადგილების კორიდორების შესახებ. კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახდება ნათლად გამოიკვეთოს პრობლემები და დაისახოს გზები ტრანსპორტის მუშაობის  გაუმჯობესების მიზნით”, – განმარტავენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, კვლევას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმო „სისტრა“ (საფრანგეთი) და „გორბი“ (საქართველო) კარდაკარ გამოკითხვის მეთოდით ახორციელებს.

”გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებით მოქალაქეებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაში, რათა თბილისი ცხოვრების, შრომისა და დასვენებისათვის ბევრად უფრო კომფორტულ ქალაქად იქცეს”, – აცხადებენ მერიაში.

 

წყარო: fortuna.ge