LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპოროტრიქოზი

104
სპოროტრიქოზი

სპოროტრიქოზი სოკოსმიერი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებით, თუმცა მძიმე მიმდინარეობისას შეიძლება გამოიწვიოს სახსრების, ძვლების, ფილტვების და ტვინის დაზიანებაც. სპოროტრიქოზი პროფესიული დაავადებაა ფერმერების, მებაღეებისა და ვეტერინარებისათვის. გამომწვევი  გავრცელებულია ნიადაგში, ტორფის ხავსში, მცენარეებზე, თივაში. ამიტომ ყველაზე ხშირად ინფექცია სოფლის მეურნეობის მუშაკებს, მიწათმოქმედებსა და მებაღეებს ემართებათ. არის შემთხვევები, როდესაც დაავადება ვრცელდება ვარდის ეკლის ნაჩხვლეტიდან, ამის გამო ხშირად სპოროტრიქოზს «ვარდის ეკლის დაავადებას» ან «მევარდეების დაავადებას» უწოდებენ. ინფექციის ღრმად გავრცელების შემთხვევაში ზიანდება კანქვეშა ქსოვილი, ძვალი და სახსრებიც კი. თუ სოკოს სპორები შეისუნთქა ადამიანმა, შესაძლებელია განვითარდეს ფილტვის სოკოსმიერი ინფექცია ე.წ. «პულმონარული სპოროტიქოზი». ეს დაავადება შეიძლება ჰქონდეს ადამიანსაც და ცხოველსაც. დაავადების მატარებელი ან დაინფიცირებული ცხოველებიდან სოკო შეიძლება გავრცელდეს მათ პატრონებზე, მომვლელებსა და ვეტერინარებზე.

სპოროტრიქოზის დაავადება ნელა პროგრესირებს. ინფექციის შეჭრიდან 1-12 კვირის შემდეგ ჩნდება პირველი სიმპტომები. სერიოზული გართულება თავს იჩენს იმ პაციენტებში, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს. კანისა და კანქვეშა ქსოვილის. დაზიანება თავდაპირველად მცირე ზომისაა და უმტკივნეულო, ფერი – ვარდისფერი-წითელი. მკურნალობა თუ არ დაიწყო, დაზიანება ფართოვდება, ემსგავსება ფურუნკულს და მატულობს დაზიანებული ადგილების რაოდენობაც. საბოლოოდ ყალიბდება ქრონიკული წყლული. კანისა და კანქვეშა ქსოვილის სპოროტრიქოზი ლოკალიზებულია თითებზე, მტევანზე ან მკლავზე.

პულმონარული სპოროტრიქოზი დაავადების იშვიათი ფორმაა. მისი სიმპტომებია: პროდუქტიული ხველება, კვანძოვანი და კავერნოზული კვანძების ჩამოყალიბება ფილტვში, ფიბროზი, ფილტვის ფესვის ლიმფური კვანძების შესიება. დისემინირებული სპოროტრიქოზი – როდესაც სოკოვანი ინფექცია პირველადი შეჭრის ადგილიდან გავრცელდება ანუ მოითესება ორგანიზმში, დაავადება იძენს იშვიათ და კრიტიკულ ხასიათს. ზიანდება ძვლები, სახსრები ცენტრალური ნერვული სისტემა და ტვინი. დისემინირებული სპოროტრიქოზის სიმპტომებია: სხეულის წონის დაკლება, ანორექსია, და ძვლების დაზიანება. ქირურგიული მკურნალობა – აუცილებელი ხდება, როდესაც დაავადებულია ძვლები ან ფილტვში კავერნული კვანძების არსებობისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები