„რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მენსტრუალური ციკლის მონიტორინგი, როდის ითვლება ციკლი დაგვიანებულად, რამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დაგვიანება ან გაქრობა, რა აუცილებელი კვლევები უნდა ჩაიტაროს ასეთ დროს მოზარდმა, რამდენად საყურადღებო პრობლემაა ჭარბი წონა, ჭარბი თმიანობა და გამონაყარი, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროფესორმა, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა, „ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის“ წამყვანმა ექიმმა – მაკა ჯორბენაძემ ისაუბრა.
ქალბატონო მაკა, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მოზარდ გოგონებში მენსტრუალური ციკლის მონიტორინგი და როდის უნდა მივიჩნიოთ, რომ ციკლი აგვიანებს?
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა. მოზარდებს ძალიან სჭირდებათ ყურადღება, რადგან სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ინდივიდი, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და ემოციურად.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ როდის ითვლება ციკლი დაგვიანებულად და როდის უნდა მივმართოთ ექიმს, ამის განსასაზღვრად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როდის იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, გარდატეხის ასაკი. ეს პერიოდი გოგონებში 8 წლის ასაკში, ხოლო ბიჭებში უფრო გვიან, 9 წლის ასაკში იწყება.
რაც შეეხებათ გოგონებს, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ, დროზე იჩენს თუ არა თავს ყველა ის ნიშანი, რომელიც გვაუწყებს, რომ სქესობრივი მომწიფება დაიწყო, აქ იგულისხმება მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა, რომელიც სწორედ 8 წლის ასაკიდან იწყება და რასაც 2 წლის შემდგომ მოჰყვება მენსტრუალური ციკლი. ამ პერიოდში, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ თანმიმდევრულობას, რომ რაიმე ისეთი პათოლოგია არ გამოგვრჩეს, რაც ამ პერიოდში მოზარდებში შეიძლება შეგხვდეს. დედებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავის დროზე დაეწყო თუ არა მოზარდს სარძევე ჯირკვლების ზრდა, მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა, როგორიცაა თმიანობა, ბოქვენზე თმიანობა, თუნდაც ფიზიკური ზრდა, სიმაღლეში მატება და ა.შ. ეს ყველაფერი გვაუწყებს იმას, რომ მენსტრუალური ციკლი უნდა დაგვეწყოს. თუ ეს ნიშნები თავის დროზე არ დაიწყო და მენსტრუალურმა ციკლმაც დააგვიანა, კრიტიკული ზღვარი ეს არის 16 წელი. თუ ბავშვს 16 წლის ასაკში მენსტრუაცია არ აქვს, მაგრამ აქვს გარკვეული სასქესო ნიშნები, ეს უკვე არის კრიტიკული მდგომარეობა და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და გააკეთოთ შესაბამისი კვლევები, რომ გაირკვეს, თუ რატომ არ აქვს მოზარდს მენსტრუაცია.
ამ პერიოდში, ბევრი სხვა პრობლემაც შეიძლება ჰქონდეს მოზარდს, მენსტრუაციის მოსვლის შემდეგაც კი. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება, თუ პირველი მენსტრუაციის, მენარხეს შემდეგ, მოზარდი დაიწყებს ვიზიტს ექიმთან იმისთვის, რომ ვნახოთ, რამდენად სწორად არის ყველაფერი განვითარებული და რამდენად სწორად მიმდინარეობს ეს პროცესი, წესრიგშია თუ არა ყველაფერი.
რა ძირითადი კვლევებია საჭირო იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რატომ აგვიანებს მენსტრუალური ციკლი, ასევე რა არის ის ძირითადი, მთავარი მიზეზები და პრობლემები, რაც მენსტრუალური ციკლის დაგვიანებას იწვევს?
მენსტრუალური ციკლის დაგვიანება უამრავმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს, ეს შეიძლება იყოს, როგორც გენეტიკური ფაქტორი, ისე ჰორმონალური დისბალანსი, წინასწარგანწყობა. გარდა იმისა, რომ პაციენტს შეიძლება არ ჰქონდეს მენსტრუაცია, შეიძლება, არ ჰქონდეს მეორადი სასქესო ნიშნებიც, რაც ხშირ შემთხვევაში, გენეტიკურ პათოლოგიებზე მიუთითებს.
საბედნიეროდ, მშობლები ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ციკლის დაგვიანებას და შესაბამისად, უფრო ხშირია მომართვიანობაც, სამწუხაროდ, ადრე ასე არ იყო.
რაც შეეხება ძირითად კვლევებს, ეს არის ულტრაბგერა, მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია, ასევე ჰორმონალური ანალიზი. საჭირო კვლევები პაციენტის ანამნეზის მიხედვით განისაზღვრება. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, საჭირო იყოს თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევაც.
მართალია თუ არა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი მენსტრუალური ციკლიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ციკლი შეიძლება არარეგულარული იყოს და რომ ეს აბსოლუტურად ნორმაა?
დიახ, სწორედ ისეა, როგორც თქვენ ბრძანებთ, რადგან პირველი მენსტრუაციის შემდეგ, გოგონას ორგანიზმს გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ ციკლი ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, ამ პერიოდში არის ჰორმონების დისბალანსი. გვაქვს ჰორმონები, რომლებიც ამას აკონტროლებს და ეს დისბალანსი იწვევს იმას, რომ ციკლი ჩამოყალიბებული არ არის. იშვიათად გვაქვს შემთხვევა, რომ პირველი მენსტრუაციიდან ციკლი ყოველთვის რეგულარულია.
მართალია, რომ შეიძლება პირველი მენსტრუაციიდან დავიცადოთ ერთი წელი, წელიწად ნახევარი, ორ წლამდეც კი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა სდევს თან ამ ყველაფერს. თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რაიმე სხვა პრობლემაც დაერთო, ამ შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობა.
დედებს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ სისხლდენას, ანუ თუ მენსტრუაცია არის 7 დღეზე მეტი, ეს ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს გახანგრძლივებული მენსტრუაცია, რამაც შეიძლება, საკმაოდ რთულ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. გვქონია, შემთხვევები, რომ ბავშვს გადასხმა, სტაციონარში მოთავსება დასჭირვებია. ასეთ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ანემია, რომელსაც სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება. შესაბამისად, ამ ყველაფერს თავის დროზე უნდა მივაქციოთ ყურადღება და ჩავრთოთ შესაბამისი მკურნალობა, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი გართულებები და ჩარევები.
მშობლები ხშირად საუბრობენ აღნიშნულ პერიოდში გოგონების ხასიათის მკვეთრ ცვლილებაზე, ასევე გულყრის ეპიზოდებზე, ეს ყველაფერი დამახასიათებელია მომწიფების პერიოდისთვის თუ აქ რაიმე სხვა პრობლემა უნდა ვეძიოთ?
მართალი ბრძანდებით, ხშირია პრემენსტრუალური სინდრომი, იგივე PMS, რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ძლიერი ტკივილი, ხასიათის ძლიერი ცვლილება. მენსტრუაციის წინ უფრო ლაბილურები არიან ეს ბავშვები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის ხასიათის ცვლილება.
რაც შეეხება გულის წასვლის, გონების დაკარგვის ეპიზოდებს, ეს შეიძლება იყოს ძლიერი ტკივილის დროს, თუმცა თვითონ გულის წასვლა, როგორც ასეთი, PMS-ს დამახასიათებელი სიმპტომი არ არის. შესაბამისად, თუ რამდენჯერმე გვქონდა ასეთი შემთხვევა, აუცილებლად გვჭირდება პროფესიონალის, ნევროპათოლოგის ჩარევა, რომ რაიმე თანდართული პრობლემა არ გამოგვრჩეს, რადგან ვიცით, რომ ძალიან ხშირად, სწორედ მოზარდობის პერიოდში ვლინდება ძალიან ბევრი ისეთი დაავადება, რომელიც გენეტიკურად არის განწყობილი. შესაბამისად, ამ ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ახსენეთ გახანგრძლივებული ციკლი, არის დადგენილი რაიმე ნორმა, თუ რამდენ დღეს უნდა გრძელდებოდეს მენსტრუაცია? გინეკოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ტკივილი მენსტრუალური ციკლის დროს, განსაკუთრებით მოზარდებში, ნორმა არ არის, ეს რამდენად სწორია?
გააჩნია ტკივილს, ამიტომ აქაც საჭიროა დიაგნოსტირება. ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს საკვერცხის ცისტით, რაღაც გარკვეული წარმონაქმნით, ენდომეტრიოზით და ა.შ. უამრავი პათოლოგია არსებობს. თუ პაციენტთან არ არის აღნიშნული პრობლემები, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი მენსტრუაციის ტკივილი, რომელიც ნორმალური და მისაღებია. ხშირ შემთხვევაში, ეს ტკივილები გენეტიკური განწყობითაც არის განპირობებული.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ციკლი, აღსანიშნავია, რომ მენსტრუალური ციკლი ითვლება დაწყების პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის დაწყების პირველ დღემდე. დაწყების პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე ნორმა არის მინიმუმ 21 დღე და მაქსიმუმ 35, თუ ამ შუალედში არის ციკლი, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ეს არის ფიზიოლოგიური და ნორმალური. თუ, მაგალითად, პაციენტს ციკლი მოსდის 15 დღეში ერთხელ, 20 დღეში ერთხელ, 40 დღეში ერთხელ, ეს არის გადაცდენა, პათოლოგია, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. რაც შეეხება დღეების რაოდენობას, 7 დღე არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება იყოს მენსტრუალური გამონადენი, 3 დღე კი მინიმუმი. თუ მენსტრუალური გამონადენი 3 დღეზე ნაკლებს ან 7 დღეზე მეტს გრძელდება, ეს აუცილებლად საყურადღებოა.
ჭარბი წონის შემთხვევაში უნდა ველოდოთ თუ არა სქესობრივი მომწიფების დაგვიანებას ან ნაადრევ დაწყებას, ჭარბი წონა ყოველთვის მოქმედებს თუ არა მოზარდებში ამ ტიპის პრობლემებზე?
ჭარბი წონა ყოველთვის არ მოქმედებს ამ ტიპის პრობლემებზე, თუმცა ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც აქვთ მოზარდებს, ვგულისხმობ, ჰორმონების დისბალანსს, ისიც იწვევს ჭარბ წონას. მოგეხსენებათ, მოზარდობის პერიოდში, ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, იმატებენ წონასაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ ჭარბი წონა რაღაც პათოლოგიებს იწვევს, თუმცა, რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც თუ ძალიან ჭარბია წონა, გვაქვს მენსტრუალური ციკლის დარღვევები და ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება, სიმსუქნე ჩაითვალოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში წონა პრობლემის პირდაპირ გამომწვევად შეიძლება, არ ჩაითვალოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ბევრ პათოლოგიას, მაგალითად, საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომს, რომელმაც თავი სწორედ მოზარდობის პერიოდში შეიძლება იჩინოს, თან ახლავს ჭარბი წონა და მისი მკურნალობა და კორექცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ შემდგომ აღარ იყოს ეს პრობლემები და მენსტრუალური ციკლი ნორმალურ ფორმაში ჩადგეს.
მოგეხსენებათ, მოზარდობის პერიოდი არის დრო, როცა ადამიანი ყალიბდება. ამ დროს, ბავშვებს სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ საკუთარი სხეულის მიმართ, შესაბამისად, დასაკლებად ხშირად მიმართავენ სტრესულ დიეტებს, შიმშილობენ, არ ჭამენ, არის ანორექსიის გამოვლინებებიც. კვების ასეთი აკრძალვა კი შეიძლება, რომ მენსტრუალური ციკლის დარღვევის გამომწვევი იყოს, ხანდახან, 1-2 წელი კარგავენ მენსტრუაციას. ასე ხდება ხშირად სპორტსმენებთან, რომელთაც დიდი დატვირთვა აქვთ, ასევე ბალერინებთან, მოდელებთან, რომლებიც კვების მხრივ ძალიან იზღუდავენ თავს.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა თმიანობა. რა შეიძლება იყოს თმიანობის გამომწვევი მიზეზი, როდის ითვლება თმიანობა ნორმად და როდის ცდება ის ნორმის ფარგლებს, ასევე რა ტიპის ჰორმონები აგებენ პასუხს თმიანობაზე?
დიახ, მოზარდობის პერიოდს ძალიან ხშირად თან ახლავს თმიანობა. გოგონების შემთხვევაში, თმიანობა შეიძლება იყოს ისეთ ადგილებშიც, სადაც როგორც წესი, არ უნდა იყოს, მაგალითად, ზედა ტუჩზე, ბაკებზე, მუცელზე და ა.შ.
ხელზე, ფეხზე ჭარბთმიანობა შეიძლება გენეტიკური იყოს, ზოგიერთს მეტი თმიანობა აქვს, მაგრამ არა პათოლოგიური.
ჩვენ თმიანობას ტერმინოლოგიურად ასე ვყოფთ, ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი. როდესაც არის ჰირსუტიზმი, ეს ნიშნავს, რომ არის პათოლოგიური თმიანობა, თუ არის ჰიპერტრიქოზი, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ჭარბი თმა აქვს ადამიანს, მოგეხსენებათ, ზოგი მეტად თმიანია, ზოგი ნაკლებად, რაც ნორმალურია. შესაბამისად, უნდა შევაფასოთ, რამდენად თმიანია ადამიანი, რამდენად არის მისი თმიანობა პათოლოგიური… მოგეხსენებათ, ქართველებს, სხვა ერებისგან განსხვავებით, ცოტა თმიანობა გვახასიათებს.
ნებისმიერი თმიანობის დროს, რა თქმა უნდა, საჭიროა შესაბამისი კვლევების ჩატარება. ამ დროს, პირველ რიგში, განისაზღვრება სისხლში მამაკაცური ჰორმონების მომატება, ტესტოსტერონი, ასევე განვსაზღვრავთ სხვა ჰორმონებსაც. თმიანობა შეიძლება მოდიოდეს საკვერცხიდან ან თირკმელზედა ჯირკვლიდან, რა დროსაც მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგების ჩართულობა. თუ თმიანობა თირკმელზედა ჯირკვლიდან მოდის, პაციენტს სხვა დამატებითი კვლევები და მკურნალობა ესაჭიროება. თუ თმიანობა ძალიან ჭარბად არ არის გამოხატული, მაშინ ძირითად შემთხვევაში, საკვერცხისმიერია და შესაბამისი მკურნალობის შედეგად, ასეთი თმიანობა, რა თქმა უნდა, ალაგებადია და იკურნება.
რამდენად აუცილებელია პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რის პრევენციას ახდენს ის, რა ასაკში უნდა გაკეთდეს და სასურველია თუ არა ის ბიჭებისთვისაც?
ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ახდენს ისეთი ონკოლოგიური პათოლოგიის პრევენციას, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც ძალიან ხშირია ქალბატონებში და რომელსაც ძალიან ხშირად აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. ამ ყველაფრის გამომწვევი კი არის პაპილომა ვირუსი, ჩვენ კი მის წინააღმდეგ ძალიან კარგი საშუალება, აცრა, ანუ იმუნიზაცია გვაქვს.
ძალიან კარგი იქნება, თუ აცრას ბიჭებიც გაიკეთებენ, მსოფლიოში ძალიან მიღებულია ბიჭების ვაქცინაციაც. რატომღაც, ჰგონიათ, რომ პაპილომა ვირუსი მხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, ის კაცებშიც იწვევს სიმსივნის განვითარებას, მაგალითად, ასოს სიმსივნეს და ა.შ. შესაბამისად, აუცილებელია, რომ არამარტო გოგონები, არამედ ბიჭებიც აიცრან. ხშირად, სწორედ ბიჭები არიან პაპილომა ვირუსის გადამტანები.
ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რომელიც გოგონებში 9 წლის ასაკიდან იწყებოდა და 26 წლამდე კეთდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ადრე აიცრება ბავშვი, მით უკეთესია იმუნიზაცია. როდესაც პირველად დაიწყო აღნიშნული აცრების გაკეთება, 15 წლიდან ვიწყებდით მას, მაგრამ მერე, აღმოჩნდა, რომ უკეთესია, რომ ბავშვი ადრე აიცრას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ბავშვს 15 წლამდე ვცრით, მას მხოლოდ 2 დოზა სჭირდება, ხოლო თუ 15 წლის ზემოთ ვცრით, 3 დოზა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, 2 დოზის გაკეთება უმჯობესია.
მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით, საკმაოდ ხშირია მომართვიანობა პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრის გასაკეთებლად. დღეს, საქართველოში გვაქვს უფასო აცრაც, რომელიც თუ დაფინანსებული არ არის, სხვა შემთხვევაში, ძალიან ძვირი ღირს. ეს არის გარდასილის 9 ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვაქცინის შემდეგ პაციენტი დაცულია საშვილოსნოს ყელის და სხვა სახის სიმსივნეებისგან, რომლებიც პაპილომა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ძალიან ხშირად ვითარდება.
საზოგადოებას აქვს მოსაზრება, რომ აღნიშნული აცრა უშვილობას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას და ა.შ. იწვევს. ის ამ ყველაფერს ნამდვილად არ იწვევს. გართულებების მხრივაც, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდგომ, გართულება, ალერგიული რეაქცია არ დაფიქსირებულა.
სახეზე გამონაყარი მოზარდობის პერიოდში ნორმაა?
მოზარდობის პერიოდში იმდენად ხშირად არის ხოლმე გამონაყარი, რომ ამბობენ, თითქოს ნორმაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმა. რა საკვირველია, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად ჭარბად არის გამოხატული გამონაყარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუცილებლად საჭიროებს გამოკვლევას, ასევე დერმატოლოგების ჩართულობას. მნიშვნელოვანია, პროცესში რეპროდუქტოლოგის ჩართულობაც, რომ გაირკვეს, ხომ არ არის ეს გამონაყარი საკვერცხის პრობლემების მიერ გამოწვეული. თუ გამონაყარი საკვერცხის მიერ პრობლემებთან არის დაკავშირებული, ამას, რა თქმა უნდა, სწორი დიაგნოსტირება და დროული მკურნალობა სჭირდება, რომ ავიცილოთ გართულებები და გამონაყარმა უფრო მწვავე ხასიათი არ მიიღოს.
ჰორმონალური დისბალანსის და სხვადასხვა ტიპის პრობლემების დროს, როცა ექიმი მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს, მშობლებს უჩნდებათ შიშები პრეპარატებთან დაკავშირებით. რომ აგვიხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის გაზიარება და რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული პრობლემის წინააღმდეგ მიმართული მედიკამენტის მიღება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გარკვეული გართულებები?
ძალიან ხშირად, მოსახლეობას აქვს მოსაზრება, რომ ჰორმონალური პრეპარატის მიღება საშიშია. ეს საშიშია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ სჭირდება და საჭირო არ არის. ზედმეტად არცერთი წამლის მიღება არ არის სასურველი.
მინდა ვთქვა, რომ როცა ჰორმონალური პრეპარატები არ არსებობდა, სხვადასხვა პათოლოგიების დროს, ბევრად რთული და საშიში მკურნალობის მეთოდები იყო. მაგალითად, საკვერცხის კისტა რომ ავიღოთ, ამ დროს, მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ჰორმონალური პრეპარატია. თუ პაციენტი ჰორმონალურ პრეპარატს არ მიიღებს, მისი კისტა შეიძლება გაიზარდოს და მას ოპერაციული ჩარევა დასჭირდეს. ადრე, როდესაც ჰორმონალური პრეპარატები არ არსებობდა, ასეთ პაციენტებს ქირურგიული ჩარევა უტარდებოდათ. შესაბამისად, ჰორმონალურმა პრეპარატებმა ძალიან კარგი მკურნალობის მეთოდი მოგვცა.
ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა სისხლდენებიც, რაც ძალიან ხშირია მოზარდობის ასაკში, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ ბავშვები ამას ხშირად უმალავენ მშობლებს, რადგან რატომღაც, ეშინიათ ექიმთან წასვლის. მინდა, მოზარდებს ვუთხრა, რომ პირველ რიგში, ყველაფერი უთხრან დედას, რადგან ხშირად არის ხოლმე დაგვიანებული შემთხვევები. აღნიშნული პრობლემის დროსაც, პირველ რიგში, ჰორმონალური თერაპია გვჭირდება ხოლმე. ჰორმონალური თერაპიის არსებობამდე, აქაც ქირურგიული ჩარევა იყო ხოლმე საჭირო.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰორმონალური პრეპარატის სწორად დანიშვნას. სწორად მიმართული და დანიშნული პრეპარატი საშიში არ არის. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, აღნიშნული პრეპარატის თვითნებურად მიღება, ასევე არ შეიძლება, პრეპარატის თვითნებურად შეწყვეტაც, ამან შეიძლება, სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს პაციენტი.
როცა პრეპარატი შესაბამისი, კვალიფიცირებული სპეციალისტის მიერ არის დანიშნული, რა თქმა უნდა, საშიში არ არის.
ყველა მოზარდს სჭირდება ბავშვთა გინეკოლოგთან კონსულტაცია, იმ შემთხვევაშიც, თუ ის ყველა ნორმას აკმაყოფილებს და რა სიხშირით არის ეს საჭირო?
მაგალითად, ამერიკაში არის წესი, რომ თუ 12-13 წლის ასაკისთვის მაინც არ დადგა პირველი მენსტრუაცია, ერთჯერადად, კონსულტაციისთვის მიმართავენ ხოლმე სპეციალისტს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ერთხელ მაინც მივიდეს სპეციალისტთან და გაიკეთოს გარკვეული გამოკვლევები. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ექოს გაკეთების შემდეგ, აღმოჩენილა, რომ პაციენტს არ აქვს ცალი თირკმელი, რომ საკვერცხეზე გენეტიკურად აქვს გარკვეული წარმონაქმნი და ა.შ. ასევე, შეიძლება, საერთოდ არ იყოს საკვერცხე, საშვილოსნო, ასეთი პათოლოგიებიც გვხვდება. შესაბამისად, ჯობია, რომ მოზარდობის პერიოდში ერთხელ მაინც მივიდეს პაციენტი კონსულტაციაზე.
რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც მოზარდის მშობელმა უნდა იცოდეს, რომ განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები არ გამორჩეს?
პირველ რიგში, ვურჩევდი მშობლებს, რომ უფრო ახლო კონტაქტი ჰქონდეთ შვილებთან, რომ ბავშვებმა შეძლონ მათთან სხვადასხვა საკითხების გაზიარება, თუნდაც იმის, რომ აწუხებთ თმიანობა, აქვთ გამონაყარი… ეს დეტალები არ უნდა გამოგვრჩეს.
როგორც ვთქვით და აღვნიშნეთ, მოზარდისთვის ეს მნიშვნელოვანი პერიოდი 8 წლიდან იწყება. შესაბამისად, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ ძუძუ არ გაეზარდა მოზარდს, თუ თმიანობა არ დაეწყო, თუ არ დაიწო მისი ფიზიკური განვითარება და ა.შ. ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიექცეს. ჩვენ ხშირად ვთხოვთ მშობლებს და ბავშვებს, რომ აღრიცხონ მენსტრუაცია, რომ განსაზღვრონ რეგულარულია თუ არა ციკლი, რადგან ხშირ შემთხვევაში, არც იციან ხოლმე, როდის ჰქონდა ბავშვს ციკლი. ეს ყველაფერი სპეციალისტსაც უადვილებს დიაგნოსტირებას.