LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მოსკოვი მოდის: რუსეთ-საქართველოს ფეხბურთი თუ ცოტა მეტი

102
FORTUNA.GE (30)

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივს” რუსული გუნდი შეხვდა – მოსკოვის “დინამო”. მატჩი 17 სექტემბერს თბილისში შედგება. ფავორიტი ცხადია რუსული კლუბია. მართალია ეს ეროვნული ნაკრებების დონის მატჩი არ არის, მაგრამ რუსებთან ნებისმიერი შეხვედრა და შეჭიდება მაინც ცდება გარკვეულ ჩარჩოებს. ამას რუსეთშიც აღიარებენ. მართალია ჩვენი გუნდის მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ თავგამოდებით თამაშის შემთხვევაში შესაძლებელია მისაღები შედეგის ჩვენება.

2008 წლის შემდეგ ფეხბურთში რუსებთან გადაკვეთა არ გვქონია.

 

გიორგი ჭიაბრიშვილი (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი):

“პოტენციური მეტოქეებიდან სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო.
მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით. ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად მივიჩნეოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი – სულ სხვა.

გაგვიმართლა, რომ სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ძლიერი ქვეყნებიდან”.

 

კომენტარი გააკეთა მოსკოვის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმაც:

“უახლოეს დღეებში აუცილებლად ვნახავთ “ლოკომოტივის” შეხვედრებს.
ამ ეტაპზე ქართული ფეხბურთის შესახებ მხოლოდ ზოგადი კომენტარის გაკეთება შემიძლია: მათ ყოველთვის ჰყავდათ კარგი, ტექნიკური ფეხბურთელები და გუნდები სულ შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობენ. ჩვენ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ. ამ მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით”.

 

მოსკოვის “დინამოს” დირექტორთა საბჭოს წევრმა და კლუბის ფაქტობრივმა მმართველმა სერგეი სტეპაშინმაც გააკეთა კომენტარი. ცნობისათვის, ადრე სტეპაშინი უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

“2008 წლის მოვლენების შემდეგ თბილისში არც ერთ ჩვენს გუნდს არ უთამაშია. მართალი გითხრათ, ეს გუნდი საერთოდ არ ვიცი, ვიცი თბილისის “დინამო”, ქუთაისის “ტორპედო”. ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან ტექნიკურები არიან. საქართველოში გულშემატკივართა გავლენის შესახებ – ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან, მაგრამ ახლა
სტადიონზე არ იქნებიან.
ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს. მით უმეტეს, ყურმოკვრით კი არ ვიცი, რომ რუს და ქართველ ხალხს შორის რა ურთიერთობებიც იყო, ისევე შენარჩუნდა. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპა ლიგის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩია. მე მოსკოვის “დინამოს” წინაშე საკითხს ასე დავსვამდი. იმედია, ასევე მოიქცევა დირექტორთა საბჭო. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ”.

 

 

ბუქმეკერებმა ფსონები უკვე გამოაქვეყნეს. ფავორიტი “დინამოა”. მოსკოველთა გამარჯვებაზე 1.45-ია კოეფიციენტი. “ლოკომოტივის” შანსები 6.9-ზე ფასდება. ფრე – 4.2.
“დინამოს” გასვლა მომდევნო ეტაპე დამატებითი დროთი ან პენალტებით 1.21, “ლოკომოტივის” მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები კი 4.4-ია.

 

შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე “ლოკომოტივმა” შინ მოულოდნელად 2:1 მოუგო კრაიოვას “უნივერსიტატეას”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები