ამერიკულმა კომპანია Tesla-მ აშშ-ში მასშტაბური სერვის-კამპანია გამოაცხადა, რომელიც თითქმის 220 ათას ელექტრომობილს მოიცავს. მიზეზი უკანა ხედვის კამერის გაუმართაობაა, რომელმაც გარკვეულ სიტუაციებში შესაძლოა მუშაობა დროებით შეწყვიტოს და ავარიის რისკი გაზარდოს.
პრობლემა ეხება Tesla-ს თითქმის ყველა მოდელს, გარდა Tesla Cybertruck-ისა.
კომპანიის განმარტებით, ხარვეზი კონკრეტული მოქმედებების თანმიმდევრობის დროს ჩნდება – როდესაც ავტომობილი ჩაირთვება და მძღოლი მალევე ჩართავს უკუსვლას, უკანა ხედვის კამერა შესაძლოა დაახლოებით 11 წამით გაითიშოს.
Tesla-ს ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანიას უკვე რამდენიმე საგარანტიო მიმართვა აქვს მიღებული, თუმცა ავარიებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
სერვის-კამპანია ეხება Tesla Model S-ს და Tesla Model X მოდელებს, რომლებიც 2021-2023 წლებში გამოვიდა, ასევე Tesla Model 3-ს (2017-2023 წლების მოდელები) და Tesla Model Y-ს, რომლებიც 2020-2023 წლებში გაიყიდა.

საერთო ჯამში გასაწვევი ავტომობილების რაოდენობა 218 868-ს აღწევს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის გამოსასწორებლად სერვისცენტრში მისვლა საჭირო არ იქნება – Tesla ხარვეზს პროგრამული განახლებით, OTA (over-the-air) სისტემის მეშვეობით გამოასწორებს, რაც ავტომობილებს ინტერნეტით ავტომატურად მიეწოდება.