სამხრეთ კორეაში ახალი ავტომობილების გაყიდვების რეიტინგს ისტორიაში პირველად უცხოური ბრენდის მოდელი ჩაუდგა სათავეში. გამოცემა Teslarati-ის ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივი იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის მონაცემებს ეყრდნობა, მაისის შედეგებით ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ქვეყანაში Tesla Model Y გახდა.
გაზაფხულის ბოლო თვეში სამხრეთ კორეაში Tesla Model Y-ის 8 762 ერთეული გაიყიდა. მეორე ადგილი დაიკავა Kia Sorento-მ 7 836 გაყიდული ავტომობილით, ხოლო მესამე პოზიციაზე Hyundai Grandeur აღმოჩნდა, რომლის 5 183 ერთეული შეიძინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-ს კროსოვერმა გაყიდვებით ერთდროულად სამ ადგილობრივ მწარმოებელსაც გადაასწრო. კერძოდ, GM Korea-ს, Renault Korea-ს და KGM-ს, რომელთა გაყიდვებიც 7 000 ერთეულამდე იყო.
მაისში Tesla-მ სამხრეთ კორეაში თითქმის 11 000 ავტომობილის იმპორტი განახორციელა და ამ მაჩვენებლით ქვეყნის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. წლის დასაწყისიდან დღემდე ბრენდის ელექტრომობილების გაყიდვები ქვეყანაში 250%-ზე მეტით გაიზარდა.
ამჟამად Tesla სამხრეთ კორეაში იმპორტირებულ ავტომობილთა სეგმენტის დაახლოებით 30%-ს აკონტროლებს, რაც მოიცავს როგორც ელექტრომობილებს, ისე შიდა წვის ძრავიანი მოდელებს.
მიუხედავად ამისა, Kia და Hyundai სამხრეთ კორეაში ტრადიციულად მომხმარებელთა მაღალი ლოიალობით სარგებლობენ. როგორც წესი, ამ ორი ბრენდის წილი ქვეყნის ავტომობილების საერთო გაყიდვების დაახლოებით 70%-ს შეადგენს.