კომპანია „ტესლამ“ რობოტი-ჰუმანოიდის, სახელად omptimus-ის ხელების გამოსახულება გამოაქვეყნა. ილონ მასკის აზრით, ადამიანის მსგავსი რობოტი მუშა ხელის დეფიციტის პრობლემას მოაგვარებს და წარმოების ღირებულებასაც შეამცირებს. პროექტის რეალიზებისთვის სპეციალისტებმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებული მთელი გამოცდილება გამოიყენეს. „ოპტიმუსის“ ოფიციალური პრეზენტაცია 2022 წლის 30 სექტემბერს, „ხელოვნური ინტელექტის დღის“ ფარგლებში იგეგმება.
„ოპტიმუსი“ სავარაუდოდ, ადამიანის ვიზუალს მიიღებს. ინოვაციური ხელები მას საშუალებას მისცემს, რომ ადამიანისთვის დამახასიათებელი ქმედებები შეასრულოს. მასკის თქმით, დასაწყისისთვის მსგავს რობოტებს მარტივი დავალებების შესასრულებლად დააპროგრამებენ. დროთა განმავლობაში მანქანის ფუნქციები გაიზრდება და ის დავალებებს როგორც კომერციული კომპანიებისთვის, ასევე უბრალო მომხმარებლებისთვის შეასრულებს.
„ტესლას“ ხელმძღვანელი თვლის, რომ რობოტების შემუშავება მომავალ წლებში კომპანიის პრიორიტეტულ დავალებად გადაიქცევა.