იაპონური მწარმოებელი Toyota კომპაქტურ ყველგანმავალზე Land Cruiser FJ-ზე დიზელის ძრავის დაყენების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც გამოცემა Best Car წერს, საუბარია 2.8 ლიტრის აგრეგატზე, რომელიც არსებული ბენზინის ძრავასთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს. თუმცა ასეთი განახლება, სავარაუდოდ, მხოლოდ 2029 წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
გავრცელებული ინფორმაციით, FJ შეიძლება აღიჭურვოს 204 ცხენის ძალის მქონე ტურბო დიზელით, რომელიც უკვე გამოიყენება ისეთ მოდელებში, როგორებიცაა Toyota Fortuner, Toyota Land Cruiser 250 და პიკაპი Toyota Hilux. აღნიშნული ძრავა 500 ნიუტონ/მეტრ ბრუნვის მომენტს ავითარებს, მაშინ როდესაც ამჟამად FJ-ზე დაყენებული 2.7 ლიტრიანი ატმოსფერული ბენზინის ძრავი მხოლოდ 163 ცხენის ძალასა და 246 ნიუტონ/მეტრს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი, დიდი ალბათობით, უცვლელი დარჩება – 6 საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია.
4575 მილიმეტრი სიგრძის კომპაქტური SUV აგებულია იმავე ჩარჩოიან პლატფორმაზე (IMV), რომელსაც Fortuner და Hilux იყენებენ. შესაბამისად, დიზელის ძრავის ინტეგრაცია კონსტრუქციულ ცვლილებებს არ საჭიროებს. ვარაუდობენ, რომ ძრავა შესაძლოა 48 ვოლტიან ჰიბრიდულ სისტემასთანაც იყოს შეთავსებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა Land Cruiser FJ ელექტრიფიცირებულ ვერსიას.
დიზელის ვერსიის გამოჩენას სამი წლის განმავლობაში ელოდებიან – ამ პერიოდში ძრავს მოარგებენ სამომავლო ეკოლოგიურ მოთხოვნებს. რაც შეეხება ბენზინის ატმოსფერულ აგრეგატს, შესაძლებელია ის მოდელების ხაზიდან საერთოდ ამოიღონ ან მხოლოდ იმ ბაზრებისთვის შეინარჩუნონ, სადაც გამონაბოლქვის სტანდარტები შედარებით ლოიალურია.