LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ და რუსეთი წავაქციოთ: კვირას დიდი რაგბია

200
146645429-3686314018132337-6788121912799088857-o

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეხუთე ტურის გადადებული შეხვედრისთვის ემზადება. „ბორჯღალოსნები“ რუსებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა, ჯერ კიდევ, 2020 წლის მარტში უნდა გამართულიყო და რუსეთის ნაკრები თბილისშიც იმყოფებოდა, მაგრამ Covid 19-ის გავრცელების პრევენციის გამო, შეხვედრა გადაიდო.

საქართველო-რუსეთის სარაგბო ნაკრებები აქამდე 23-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა 1993 წელს გაიმართა და რუსი „დათვების“ გამარჯვებით დასრულდა. მას შემდეგ, ერთადერთხელ 2002 წელს დაფიქსირდა ფრე. დანარჩენი 21 მატჩი კი, „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა. ამ გუნდებს შორის სარეკორდო ანგარიში 2012 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველომ რუსეთი, მიხეილს მესხის სახელობის სტადიონზე, 46:0 გაანადგურა.

ტრავმებისა თუ სხვადასხვა მიზეზების გამო, წინასამატჩო გაფართოებულ შეხვედრაში ლევან მაისაშვილმა 36 მორაგბეს უხმო. მათ შორის, 10 უკეპო მორაგბე (არცერთი მატჩი ეროვნულ ნაკრებში).

ასევე, ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა 29 წლის მარცხენა ბურჯი ზურაბ ჟვანია.

ჟურნალისტებთან საუბარში ნაკრების მოსამზადებელ პროცესსა და მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ.

„საკმაოდ, ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. გამოვცადეთ ის ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომლებიც არა მხოლოდ რუსეთთან თამაშისთვის, არამედ სამომავლოდ ითამაშებენ. მოსამზადებელი დრო არასდროსაა საკმარისი. მუდმივად არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს სპორტის ნაწილია. კონკრეტულად, რა ცვლილებები იქნება წინა თამაშებისგან განსხვავებით რუსეთთან თამაშში, ვერ გეტყვით, მაგრამ არაა გამორიცხული რამდენიმე ახალ მორაგბესაც მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. საბედნიეროდ, ამ დროისთვის, ტრავმა არცერთ მოთამაშეს არ აწუხებს“, – ამბობს ლევან მაისაშვილი.

„პირველად მიწევს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთთან თამაში ყოველთვის პრინციპულია ჩვენთვის და შევეცდებით მეტოქესთან გამარჯვებების ტრადიცია გავაგრძელოთ.“ ამბობს თორნიკე ჯალაღონია.

„შემოდგომის ერთა თასზე ( 8 ერი) გამოსვლით და ტიერ 1-ის გუნდებთან თამაშით უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. როცა ძლიერ გუნდს ეთამაშები, შენც უფრო იზრდები და მეტს სწავლობ. იმედია, ამ ტურნირზე მიღებული გამოცდილება ჩვენზე დადებითად აისახება და იმედია რუსეთთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლამაზ რაგბის ვითამაშებთ და დამაჯერებლად მოვიგებთ.
რუსები ყოველ წელს ხმაღალ განცხადებებს აკეთებენ, რომ მზად არიან ჩვენს დასამარცხებლად, რომ თბილისში მოსაგებად მოდიან და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ მოედანზე გავცემთ პასუხს”, – ამბობს მერაბ შარიქაძე.

 

საქართველო-რუსეთის მატჩი 7 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15:00 გაიმართება და არსებული რეგულაციებიედან გამომდინარე მაყურებელი ვერ დაესწრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები