LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი ვინმეს დამსახურებაა, რომ ქართული ჰიპ-ჰოპი დღეს ყველამ იცის, ეს არის „შავი პრინცი“… ყოველთვის, როცა რაღაც ახალს ვქმნი, ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციის წყარო ეს ადამიანია – პაჯო

116
პაჯო

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ რეპერი პაჯო სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე, კარიერაზე ისაუბრა და ახალი ნამუშევარი „ავიარე, ჩავიარე“ გაგვიზიარა.

პაჯო, როგორ იწყება შენი ისტორია, კარიერა?

რომ ვკითხოთ, თითქმის, ყველა ქართველ რეპერს დაახლოებით მსგავსი ისტორია ექნება… ჩემი ისტორია 14 წლიდან დაიწყო. პირველად ამერიკული ჰიპ-ჰოპი მოვისმინე და დამაინტერესა. მიუხედავად იმისა, რომ ენა არ მესმოდა, რიტმიკას, ინსტრუმენტალების სტილს „ვამუღამებდი“ და მომეწონა, უცხო იყო. შემდეგ, ჩემი ინტერესი ამ სფეროს მიმართ უფრო მეტად გამძაფრდა, როცა ქართველი არტისტები გამოჩნდნენ, განსაკუთრებით ქუთაისიდან. არ ვტოვებდი მათ არცერთ კონცერტს.

რომელ არტისტებზეა საუბარი?

თუკი ვინმეს დამსახურებაა, რომ ქართული ჰიპ-ჰოპი დღეს ყველამ იცის, ეს არის „შავი პრინცი“. ჩემი აზრით, მის გარეშე დღევანდელ თაობასაც არ ექნებოდა იმის რესურსი, რომ ეს ჟანრი ეკეთებინათ. რა თქმა უნდა, დღეს სხვა დროა, ცოტა სხვანაირადაც კეთდება მუსიკა, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს იმის საწყისი, რასაც აკეთებს, თუ საიდან მოდის ფესვები.

პირადად თუ იცნობდი „შავ პრინცს“?

კი, ძალიან კარგად ვიცნობდი, ვმეგობრობდით. ყოველთვის, როცა რაღაც ახალს ვქმნი, ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციის წყარო ეს ადამიანია.

როგორ გაიცანი „შავი პრინცი“, როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?

საკუთარი პატარა სტუდია ჰქონდა და იქ დავდიოდი ხშირად, რამდენჯერმე მეც ჩავწერე სიმღერა და ასე გავიცანი.

როგორ შეაფასა შენი ნამუშევარი?

ზოგადად, ისეთი ადამიანი იყო, რომ ადამიანში მცირე ნიჭს ან მონდომებას თუ დაინახავდა, ძალიან დადებითად აფასებდა და მხოლოდ კი არ აფასებდა, როგორც შეეძლო, ყოველთვის გვერდით ედგა და ეხმარებოდა. მეც ანალოგიურად დამიდგა გვერდით და დამეხმარა. მას შემდეგ დავმეგობრდით, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ჩემი უფროსი ძმა იყო. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

მისი ხსოვნის პატივსაცემად ვაკეთებ ხოლმე სიმღერებს, არ მინდა, რომ მისი სახელი დაიკარგოს ახალი თაობაში, ძველმა თაობამ ისედაც ვიცით და ისედაც გვახსოვს. ახალმა თაობამ ზედაპირულად იცის, კარგად არ იცნობენ მის შემოქმედებას, მოღვაწეობას, ამიტომ მეც ვცდილობ, რომ ჩემი კუთხით გავახსენო. რა თქმა უნდა, მე იმას ვერ შევედრები, ის სულ სხვა იყო, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი მზიანი ეს არის. გარდა იმისა, რომ ვაკეთებ საავტორო სიმღერებს, ვაკეთებ „ქავერ“ ვერსიებსაც, მისი ხსოვნის უკვდავებისათვის.

ფიქრობ ხოლმე, როგორ შეაფასებდა შენს ნამუშევრებს, ვერსიებს?

კი, დარწმუნებული ვარ, ბევრ რამესაც შემისწორებდა და შეიძლება, ნამუშევრები ბევრად უკეთესიც გამოსულიყო, ვიდრე ახლა, თუმცა ამ ეტაპზე, ჩემი ხედვა როგორიც იყო, ისე გავაკეთე ეს სიმღერები.

ახალი თაობა რამდენად ინტერესებდება ამ ჟანრით და როგორ შეაფასებდი მათ?

პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ახალი თაობა ძალიან ნიჭიერია და ვთვლი, რომ დღეს, ბევრად უკეთ ქმნიან ჰიპ-ჰოპ მუსიკას, ვიდრე ადრე. ეს ბევრმა რამემ გამოიწვია, განვითარდა ტექნოლოგიები, ხარისხი, სტუდიები. ჩემს დროს ცოტა ჭირდა, ბევრი რამ არ გვქონდა, ნაკლები იყო ინფორმაციული წყაროც.

შენი საავტორო ნამუშევრებიდან ყველაზე დიდი მოწონება რომელმა სიმღერამ დაიმსახურა?

სხვათა შორის, სიმღერა, რომელიც საკმაოდ კარგად გაპიარდა, პანდემიის პერიოდში ჩაიწერა და აქედან გამომდინარე, ვიდეორგოლის გადაღება ვერ მოხერხდა და ისე, უბრალოდ ავტვირთე სოციალურ ქსელში, რადგან არ მინდოდა, რომ ნამუშევარი დამკარგოდა. თავისით, რაღაცნაირად ისე წაიღო, რომ 2020-დან დღემდე ვინც მიცნობს, მიცნობს ამ სიმღერით. ამ სიმღერას „სადმე მთაში მივყვები დროს“ ჰქვია. 5 წელი გავიდა, მაგრამ აქტუალობა ჯერ არ დაუკარგავს.

ბევრი საავტორო ნამუშევარი გაქვს?

კი, საკმაოდ, შეიძლება, ვერც დავთვალო.

სხვათა შორის, ახლა ალბომზე ვმუშაობ. 4 სიმღერა უკვე მზად მაქვს.

მერამდენე ალბომს უშვებ?

ეს მეორე იქნება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ავიარე, ჩავიარე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერაც შავი პრინცის შემოქმედების ინსპირაციითაა. გადავწყვიტე, რომ მისი ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიციიდან „ავიარე, ჩავიარე“ კიდევ ერთი სიმღერა გამეკეთებინა და ჩემი თაობა და კიდევ უფრო ძველი თაობა ძველ დროში დამებრუნებინა და ახალი თაობისთვის კიდევ უფრო უკეთესად გამეცნო ის. სიმღერა ჩემებურად, ახალ ჟღერადობაში გავაკეთე.

პაჯო – ავიარე ჩავიარე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

პაჯო – მე ქუთაისელი ვარ. Live

პაჯო. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები