იტალიაში, ფლორენციის ისტორიულ ცენტრში, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშაა, ტურისტებისთვის საცხოვრებელს აღარ გააქირავებენ. ქალაქის მერიას სურს, რომ ეს რაიონი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს, წერს The Mayor.
აკრძალვა შეეხება გასაქირავებელ ახალ ობიექტებს. მათ შესაბამის ნებართვას აღარ მისცემენ და პროცესს მკაცრადაც გააკონტროლებენ.
დიდი ხნის წინ არსებული შემოთავაზებები ამ ეტაპზე ბაზარზე დარჩება, თუმცა სამომავლოდ მათაც შეზღუდავენ.
ფლორენცია არ არის პირველი ევროპული ქალაქი, სადაც ტურისტებისთვის საცხოვრებლის ხანმოკლე დროით გაქირავება შეიზღუდება, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქირის ფასი ძალიან არ გაიზარდოს. ამ ქალაქების სიას უკვე შეუერთდა ლისაბონი, პარიზი და ბარსელონა.
ტურისტების დიდ ნაკადებს ებრძვიან სხვა დასახლებებიც. მაგალითად ჰააგის ცენტრში ტურისტებისთვის ავტომობილის პარკინგის საფასური 5-ჯერ გააძვირეს, რათა ევროპის უძველეს პარკში ვიზიტორთა რაოდენობა შეემცირებინათ.