JetBlue-ს თვითმფრინავის მგზავრმა გადაწყვიტა, ავიაკომპანიისთვის ზედმეტად ცივი ნაყინისთვის ეჩივლა. დესერტი იმდენად ცივი იყო, რომ ქალმა კბილი მოიტეხა, წერს Daily Mail.
როგორც ტაბლოიდი აზუსტებს, კიარა კინონესი ნიუ-იორკიდან პარიზის მიმართულებით 20 აგვისტოს გაფრინდა. ეკიპაჟის წევრები მას სენდვიჩის ფორმის ნაყინით გაუმასპინძლდნენ და ის ზედმეტად ცივი და მაგარი აღმოჩნდა. დესერტის მირთმევის დროს ქალმა კბილი მოიტეხა და ძვირადღირებული იმპლანტის ჩასმა მოუწია.
გარკვეული დროის შემდეგ კინონესმა გადაწყვიტა სასამართლოსთვის მიემართა და გადატანილი ტკივილისთვის კომპენსაცია მოეთხოვა. როგორც დაზარალებულის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ ისევ დადის ექიმებთან მომხდარის გამო. ამასთან, თუ რამდენი იქნება კომპენსაციის თანხა არ ზუსტდება.