კანადაში სკანდალური საქმე გახმაურდა: 59 წლის ჯეფ უოლსი თითქმის 17 წლის განმავლობაში სამგზავრო ავიარეისებს სათანადო ლიცენზიის გარეშე ასრულებდა.
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, მამაკაცს 9 ივნისს შვიდი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.
გამოძიების მიხედვით, უოლსს გარკვეული საავიაციო სერტიფიკატები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არ ფლობდა კანადის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გაცემულ სატრანსპორტო ავიაციის პილოტის ლიცენზიას (ATPL), რომელიც სამგზავრო თვითმფრინავის კაპიტნის პოზიციაზე მუშაობისთვის აუცილებელია.
მიუხედავად ამისა, მან 2009 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში დაახლოებით 900 რეისი შეასრულა. ამ დროის განმავლობაში უოლსი მუშაობდა კანადის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიაში – Air Canada-ში.
აღსანიშნავია, რომ პილოტი 2025 წელს პენსიაზე გავიდა, ანუ გამოძიების დაწყებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე.

სამართალდამცავებმა ის 1-ელ ივნისს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი ივნისის ბოლოს გაიმართება.
საქმემ კანადის საავიაციო სფეროში სერიოზული კითხვები გააჩინა. ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ შეძლო ადამიანმა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში კომერციულ ავიაციაში მუშაობა ისე, რომ აუცილებელი ლიცენზიის არქონა არ გამოვლენილა.
ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება და უცნობია, რამდენად ფართო მასშტაბის დარღვევები გამოვლინდება საქმის შემდგომი განხილვისას.