LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ურთიერთობაში მთავარია, რომ თავი კარგად იგრძნო, ბედნიერების შეგრძნება გქონდეს… გადავწყვიტე, რომ ამ ადამიანისთვის, ასეთი კარგი, გრანდიოზული სიმღერა გამეკეთებინა“ – „სიყვარულის ისტორია“ ბექა ბროლაძისგან

149
ბექა-ბროლაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ბექა ბროლაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „სიყვარულის ისტორია“ წარუდგინა.

ბექა, მოგვიყევი შენს კარიერაში არსებულ სიახლეებზე, ასევე შენი და მაიკო კაჭკაჭიშვილის მუსიკალურ სტუდიაზე.

სტუდიის იდეის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია, ლოჯისტიკური ამბები, დაგეგმვა და ა.შ. ჩემზეა.

ჩემთან ვერანდაზე ვისხედით, ოჯახურ გარემოში და მაიკოს ვეუბნები, რაღაც მინდა გავაკეთო, თან კარგი საქმე რომ გამოვიდეს და თან ბიზნესის მიმართულება რომ ჰქონდეს-მეთქი. მაიკომ მითხრა, არ გიფიქრია, მუსიკალური სკოლა რომ გავაკეთოთო, თან ამდენი წელი მეც პატარ-პატარა შეფერხებები მქონდაო. ასე დაიბადა ეს იდეა.

სტუდიაში ასაკი შეზღუდულია?

ასაკი შეზღუდული არ არის, 4 წლიდან გვაქვს მიღება.

ძალიან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ სამოყვარულო ჯგუფებიც გაგვეკეთებინა.

საახალწლოდ თუ გეგმავთ რაიმე ღონისძიებას?

კი. ჩვენივე ფართში გვაქვს სპეციალურად მოწყობილი სცენა, პროფესიონალური მიკროფონები, განათება და ა.შ. და გვინდა, რომ საახალწლო განწყობა შევუქმნათ ჩვენი სტუდიის ბავშვებს.

როგორი იყო შენთვის 2025 წელი?

ფეიერვერკებით სავსე, ოღონდ მართლა ვიძახი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. არ მინდა თავისქებასავით გამომივიდეს, მაგრამ როცა არავისი არ გშურს, არავის არაფერს ართმევ, არ გინდა არავისთვის ცუდი და პირიქით, დადებით ემოციას გასცემ, ალბათ, რაღაც კარმულია. მე ვერ ვიტყვი, რომ დიდი ქველმოქმედი ვარ, რომ რაღაც საოცრებებს ვაკეთებ, არაფერს არ ვაკეთებ განსაკუთრებულს, უბრალოდ, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რასაც ვაკეთებ, ალბათ, გულით ვაკეთებ და მთავარი ეს არის, ასევე, განწყობის თეორია.

რამდენად გიყვარს ახალი წელი, რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვს?

ახალი წელი არის ჩემთვის ბავშვობა, ბავშვობაში ვბრუნდები. სადღაც 20 დეკემბრიდან ვიწყებ შოპინგს, ვყიდულობ ნაძვის ხის ახალ განათებას, სათამაშოებს. ბოლო სამი წელია, ყოველ წელს ვცვლი ნაძვის ხეს და რაღაც კარგად დავცადე.

რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს.

საახალწლო კერძებს თუ ამზადებ?

მე დიდად ვერ ვამზადებ კერძებს, თუმცა დედაჩემი ძალიან აქტიურად არის ხოლმე ჩართული ამ თემაში.

ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე „სიყვარულის ისტორია“, შენი სიყვარულის ისტორიაა?

კი, არის.  

ამ სიმღერას მხოლოდ დადებითი ემოცია აქვს. მელოდია და ჰარმონია მინორულ ნაწილში არის გადაწყვეტილი. წარსულზე არ ვმღერი, აწმყოზე ვმღერი. ტექსტი იმაზეა, რომ ხარ ბედნიერი, რომ ეს ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ გინდა, ამ ადამიანის არსად გაშვება.

ეს სიმღერა უსაყვარლეს, უნიჭიერეს, მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის.

შეყვარებული ხარ?

დაახლოებით, ასე გამოვიდა. სიყვარული ცოტა ისეთი თემაა… რომ კარგად ხარ. ურთიერთობაში მთავარია, რომ თავი კარგად იგრძნო, ბედნიერების შეგრძნება გქონდეს და დილით რომ იღვიძებ, არ თქვა, რომ აუ, გათენდა, ახლა, დაიწყება ჩემი საქმეები და ა.შ. ადამიანი, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში არის შენს გვერდით, გიქმნის ამ ემოციას და გადავწყვიტე, რომ ამ ადამიანისთვის, ასეთი კარგი, გრანდიოზული სიმღერა გამეკეთებინა. მაიკოს ვუთხარი, ასე რაღაც ვიგრძენი გულში, შიგნით და მოდი, სიყვარულის ისტორიაზე დამიწერე-მეთქი.

სიმღერა „ბრავო რექორდსში“ გავაკეთეთ.

უნდა აღვნიშნო სიმღერის განსაკუთრებული ბექ ვოკალი და უდიდესი მადლობა გადავუხადო დათუნა ლაზარიშვილს. ნიჭის ზეიმი არის ეს ადამიანი. ასევე, დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს, უნიჭიერეს, თამთა ჭელიძეს. თამთამ საოცარი ბექები გააკეთა. ასეთი გუნდი როცა გყავს, უკვე ბედნიერებაა.

ამ სიმღერაზე უკვე მიმდინარეობს კლიპის გადაღება. ძალიან ემოციური კლიპი იქნება, კინოფილმივით. 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, სიყვარულის ისტორიაზე გადაღებული ძალიან მაგარი ნამუშევრის პრემიერაზე დაგპატიჟებთ.

ბექა ბროლაძე – სიყვარულის ისტორია

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ბექა ბროლაძე – პარალელები. Live

ბექა ბროლაძე. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები