LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშაქრო დიაბეტი

120
უშაქრო დიაბეტი

ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ორგანიზმის წყალმარილოვანი ცვლის მარეგულირებელი ერთ-ერთი მთავარი ჰორმონის ვაზოპრესინის გამომუშავების შემცირება ან თირკმელზე მისი პერიფერიული ზემოქმედების დათრგუნვა. შარდსაწინააღმდეგო მოქმედების გამო ვაზოპრესინს ანტიდიურეზულ ჰორმონს უწოდებენ. არსებობს უშაქრო დიაბეტის სამი ფორმა: თანდაყოლილი, შეძენილი, იდიოპათიური. შეძენილი თავის მხრივ შეიძლება იყოს: ცენტრალური შეძენილი უშაქრო დიაბეტი, თირკმლისმიერი შეძენილი უშაქრო დიაბეტი. ცენტრალური შეძენილი უშაქრო დიაბეტის მიზეზებია: ჰიპოფიზის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა, ჰიპოფიზის სიმსივნის ოპერაციული მოცილება, ინფექციური აგენტები, ტრავმა, აუტოიმუნური ფაქტორი. თირკმლისმიერ შეძენილ უშაქრო დიაბეტს იწვევს: თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ჰიპოკალემია, ცილოვანი შიმშილი, სისხლში კალციუმის სიჭარბე; ზოგიერთი მედიკამენტი. ცნობილია იდიოპათიური უშაქრო დიაბეტიც. ასე უწოდებენ დაავადებას, რომელიც სპონტანურად ან დაუდგენელი მიზეზით ვითარდება.

უშაქრო დიაბეტს გაძლიერებული შარდვა და წყლის უხვი სმა ახასიათებს. წყურვილის შეგრძნება იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფმა შეიძლება დღე ღამეში 3 დან 20 ლიტრამდე სითხე მიიღოს. შესაბამისად დიურეზიც გაძლიერებულია. უშაქრო დიაბეტს შეიძლება ასევე ახასიათებდეს საკმაოდ მძიმე ფსიქონევროლოგიური ნიშნები: უძილობა, უგუნებობა, აგზნებადობა, თავის ტკივილი, შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითება.

ბავშვთა ენურეზი, ღამის უნებლიე შარდვა, რომელიც საკმაოდ არის გავრცელებული, ხშირად სწორედ უშაქრო დიაბეტით არის განპირობებული. უშაქრო დიაბეტის დროს ბავშვები უჩივიან თავის ტკივილს, ცუდად სძინავთ, აწუხებთ კანის სიმშრალე, უმადობა, არ იმატებენ წონას, ჩამორჩებიან ფიზიკური განვითარებით. ამ დროს განისაზღვრება შარდის ხვედრითი წონა, სისხლისა და შარდის და სისხლის გამოკვლევა. ასევე ტარდება შიმშილის ტესტი. ცენტრალური უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში მივმართავთ ჰიპოფიზის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები