LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეცია – რჩევები ვენეციაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

533

დამათრობელი და ესოდენ უჩვეულო – ერთდროულად პომპეზური და გაცვეთილი – ვენეციამ შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოთ. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს უნდა, რომ სიცოცხლის ყოველი წუთით დატკბეს. ეს ქალაქი მსოფლიოს ყველა ჩამონათვალის „ტოპში“ ხვდება, სადაც კი კაცმა ფეხი უნდა დადგას. ტურისტმა უნდა იცოდეს: ვენეცია – ნამდვილი ქალაქი-ძეგლია, სადაც აბსოლუტურად ყველა შენობას ისტორიულის წოდებაზე პრეტენზია აქვს. ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მთელი ძველი ნაწილი და მისი ლაგუნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ვენეციის რაიონები

ვენეცია, მიუხედავად 188 კუნძულზე არატრივიალური განლაგებისა, პატარა ქალაქი როდია. ამას რუქაზე დახედვითაც მიხვდებით. ადმინისტრაციულად ქალაქი 6 რაიონად იყოფა, მაგრამ ტურისტებს სამი მათგანი აინტერესებთ. ესენია – მატერიკული მესტრესანაპირო ლიდო და თავად მთავარი რაიონი, რომელსაც ბანალურად ქვია: ვენეცია – ბურანო – მურანო.

 

დაწყება ბუნებრივია უპრიანია სან მარკოდან, სადაც თავმოყრილია ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი და ქალაქის გული – ამავე სახელწოდების მოედანი პომპეზური ტაძრით. აქ მდებარეობს დოჟების სასახლეკამპანილას კოშკიბიბლიოთეკა და სან მარკოს კოლონები, ოხვრის ხიდი და ათობით ადგილი, რომელიც იუნესკომ თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა. სასტუმროები და რესტორნები, მაღაზიები და სუვენირების დახლები – სან მარკოზე ფაქტობრივად ყველაფერი ძალიან ძვირი და არნახულად ლამაზია.

სან მარკოს რაიონის ტერიტორიას მიეკუთვნება კუნძული სან ჯორჯო მაჯორეც, სადაც ამავე სახელწოდების სახელგანთქმული ტაძარი დგას.

კანარეჯო, ვენეციის ჩრდილოეთითაა და ის ყველაზე საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა, რადგან აქ 20 ათასი ადამიანი ბინადრობს. ერთი შეხედვით აქ ტურისტმა რა უნდა აკეთოს, მაგრამ ერთი, რომ სწორედ აქ მდებარეობს რკინიგზის სადგური, რომლის დანახვაზე ტურისტები აღფრთოვანების ამოძახილს ვერ იკავებენ. ამ რაიონშია ერთი უჩვეულო ღირსშესანიშნაობა – გეტო, სადაც შემონახულია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მონუმენტი, ებრაელთა მუზეუმი და ორი მოქმედი სინაგოგა. კიდევ ის, რომ სწორედ ამ რაიონში ნახავთ იმ ტაძარს, სადაც კვირაობით წირვაზე დადიოდა ტინტორეტო. მადონა დელ ორტოს ტაძარში (ნებაყოფლობითი შესაწირი 3 ევრო) არა მარტო განისვენებს დიდი ფერმწერის ნეშტი, არამედ ნახავთ მის ორ გენიალურ ტილოს – „ოქროს კერპის თავყვანისცემა“ და „საშინელი სამსჯავრო“.

კანარეჯოს კიდევ ერთი უპირატესობა – აპარტამენეტებს ასე თუ ისე ნორმალურ ფასად იშოვით.

ყველაზე დიდი რაიონია – კასტელო. მან სახელი ძველრომაული ციხესიმაგრიდან მიიღო, თუმცა ის შემორჩენილი არ არის. ამ ადგილზე დღეს სან პიეტრო დი კასტელოს ეკლესია იწონებს თავს. შუაში მდებარეობს ძველი არსენალი – გემთსაშენი, სადაც ოდესღაც აგებდნენ სახელგანთქმულ ვენეციურ გალერებს. მისგან აღმოსავლეთით უამრავი ბაღი და პარკია, რაც ვენეციისთვის საკმაოდ უჩვეულოა. დასავლეთით არის რაიონში აუცილებლად სანახავი: სან ძაკარიას ტაძარისანტა ჯოვანი ი პაოლოს ტაძარი, ასევე ტურისტებისთვის საყვარელი სასეირნო ადგილი რივა დელ სკიავონე.

 

რაიონი დორსოდურო სან მარკოს მოპირდაპირედ, გრანდ კანალის მეორე მხარესაა. ეს კვარტალი შედარებით შემაღლებულ ადგილზეა გაშენებული და ამიტომ წვიმიან სეზონზე ჩასულები უნდა დაფიქრდნენ აქ ხომ არ გაჩერდნენ. დორსოდუროს ცენტრია ჯუდეკას არხი, რომელიც არხი კი არა, მთელი მდინარეა, მისი სიგანე ზოგიერთ ადგილას 200 მეტრსაც აღწევს. მას მოყვება ჯუდეკას კუნძული, მშვიდი და მწვანე ადგილი, სადაც რიგითი ტურისტები არ დადიან. ღირსშესანიშნაობების კუთხით დორსოდუროში სანახავია: მე-19 საუკუნის აკადემიის ხიდიაკადემიის გალერეაპეგი გუგენჰაიმის ცნობილი მუზეუმი, ასევე ორი დახვეწილი მოედანი – სანტა ბარნაბა და სანტა მარგერიტა. ეს ადგილი სტუდენტებს უყვართ და აქ საღამოობით ხმაური და მხიარულებაა.

სან პოლო, როგორც სან მარკო, ვენეციის გულია. აქ ღირსშესანიშნაობები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა: რიალტოს ხიდი, მის ირგვლივ მოცურავე გონდოლიერები, წმინდა პავლეს ეკლესია, მე-9 საუკუნის სან ჯაკომო დი რიალტოს ტაძარი და სანტა მარია გლორიოსა დეი ფრარისტაძარი.

დაბოლოს, სანტა კროჩეს (წმინდა ჯვარი) რაიონი – პირველი ადგილი ქალაქში, სადაც ტურისტები ავტომანქანით ან ავტობუსით ხვდებიან. მისი ცნობილი რომის მოედანი (Piazzale Roma) სატრანსპორტო საშუალებების გამანაწილებელია. ავტოსადგომების გარდა რაიონი მუზეუმებითაც საინტერესოა – საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი (ფონდაკო დეი ტურკის სასახლეში), ასევე აღმოსავლეთ ხელოვნების მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების გალერეა (კა პესაროს სასახლეში).

ვენეციის რაიონებზე საუბრისას ვერ გამოვტოვებთ ცალკე მდგომ კუნძულებს, რომლებიც ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილია: ლიდო, მურანო, ბურანო, სან მიკელე და პოველია.

ბურანო იზიდავს ხალასად შეღებილი სახლებითა და მაქმანების არაჩვეულებრივი მუზეუმით. მურანოს კუნძულზე ამზადებენ სახელმოხვეჭილ ულამაზეს მინას. ლიდო – კუნძული-პლაჟია, ასევე ცნობილი კინოფესტივალის ჩატარების ადგილი. პოველია – მოჩვენებებისა და ლეგენდების კუნძული, სადაც ჭირით დაავადებულებს გზავნიდნენ, შემდეგ ლაზარეთი გახსნეს, ხოლო მე-19 საუკუნეში ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულება, რომელიც დღეს დაკეტილია. სან მიკელეს კუნძული ცნობილია 1469 წლის ტაძრით და ცნობილი ადამიანების სასაფლაოთი.

 

ტრანსპორტი

ვენეციის მთავარი ტრანსპორტი ბუნებრივია საწყლოსნოა. თუმცა ქალაქში ასევე დადის მინიმეტრო, ველოსიპედები და ავტობუსებიც, უბრალოდ მთლად ცენტრში არა. ქალაქის გულში კი მთავარია გონდოლები, ვაპორეტო, ტრაგეტო და საკუთარი ფეხები.

 

ნავები, გონდოლები და ვაპორეტო

ქალაქის ცენტრში ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტია ვაპორეტო, რომლებიც ყველა არხსა და უახლოეს კუნძულებამდე დადის. ყველაზე თვალწარმტაცი მარშრუტი №1 დიდ არხზე დადის და 7 ევრო ღირს (ბილეთი 1 სთ მოქმედებს).
დიდ არხზე, ისეთ ადგილებში, სადაც ხიდები არ არის, გადაყვანას ერთგვარი ბორანი – ტრაგეტო ახორციელებს. მათ ხალხი გრანდ კანალის ერთი ნაპირიდან მეორეზე 2 ევროდ გადაყავთ. ბილეთების ყიდვა შეიძლება თამბაქოს ჯიხურებში, ავტომატებსა და ACTV სალაროებში.

კიდევ ერთი სახეობაა წყლის ტაქსი. მგზავრობის ღირებულება 15 ევროდან იწყება ჩასხდომისას და 2 ევრო თითო წუთზე. თუ ბარგიც გაქვთ, ან ბევრნი ხართ ანაც ღამის გამოძახებაა, კიდევ 5 ევრო უნდა დაამატოთ. აქაც მიაქციეთ ყურადღება, რომ მძღოლმა მრიცხველი ჩართოს.

აეროპორტამდე (მარკო პოლოს სახელობისაა) 4 მგზავრისა და ბარგის საფასური 100 ევროს გადააჭარბებს. გარდა ამისა, არის სპეციალური კატერი Venice Shuttle, რომელსაც თითო მგზავრი აეროპორტიდან ქალაქამდე 25 ევროდ (ღამით 31 ევრო) გადაყავს.

გონდოლები – ბურჟუაზიული, ტურისტული და რომანტიული საშუალება ვენეციის სანახავად. ფასი არა ადამიანის, არამედ გონდოლას მიხედვითაა, სადაც მაქსიმუმ 6 ადამიანი ეტევა (რაც მეტია ხალხი, მით ნაკლებია გადასახადი). 30 წუთიანი ნაოსნობა 80 ევრო ჯდება (ღამით მეტი), ვაჭრობა მოსულა, თორემ 100 ევროზე ნაკლებს არ გეტყვიან.

ნავის ქირაობა

ვენეციაში ნავის ქირაობაც შეიძლება და შესაბამისი რომანტიკის მოწყობაც. 7 მეტრი სიგრძის 6-კაციანი ნავის იჯარა (საწვავის ჩათვლით) დაახლოებით 50 ევრომდეა ერთი საათი და 200 ევრო მთელი დღე. ლიცენზია საჭირო არ არის, უბრალოდ მთავარ ტურისტ-კაპიტანს თხოვენ, აჩვენოს, როგორ შეუძლია მანევრირება და პარკირება, შემდეგ უკვე ღია ნაოსნობაში გაუშვებენ.

 

მინიმეტრო

ვენეციის ახალ მონორელსს ტურისტები მიყავს ტრონკეტოს ავტოსადგომიდან საზღვაო სადგურამდე (Stazione Maritima) ან რომის მოედნამდე (Piazzale Roma). მგზავრობის ღირებულება 1 ევროა. სულ 1 კმ-იან მინიმეტროში 3 სადგურია და 2 ვაგონი დადის, რასაც 3 წუთს ანდომებს.
ყველა, სამივე სადგურიდან შეიძლება ვაპორეტოზე გადაჯდომა.

 

ვენეციის სანაპირო

ვენეციაში არის საკუთარი კუნძული-პლაჟი, რომელსაც პირდაპირ ასევე ქვია – ლიდო(იტალიურიდან „სანაპირო“). მოდური ეს ადგილი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან გახდა, თავის დროზე აქ ისვენებდნენ ბაირონი, გოეთე, შელი, თომას მანი, რომელმაც ამ კუნძულზე დაწერა სკანდალური „სიკვდილი ვენეციაში“.

სანაპიროები ქვიშისაა, საკმაო სიგრძის, მაგრამ სეზონზე პირთამდე სავსეა, განსაკუთრებით უქმეებზე ან საღამოობით, როდესაც ვენეციალები იყრიან თავს, ამიტომ ჩასულებისთვის უმჯობესია დილით მისვლა, სანამ ადგილობრივები ჯერ სამსახურში არიან. არის ფასიანი და უფასო მონაკვეთები, ორ შეზლონგს და ქოლგას 30 ევრო უნდა.

ლიდომდე მისვლა რთული არ არის. გრანდ კანალის ნებისმიერი გაჩერებიდან წახვალთ. შეიძლება ლიდოზე ველოსიპედის ქირაობა, კუნძული 12 კმ-ზეა გადაჭიმული და სანახავიც მოიძებნება.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები