რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „შენთან მოვდივარ“ წარუდგინა. გადაცემის სტუმარმა სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა.
ვერიკო, ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „შენთან მოვდივარ“, ვინ არის სიმღერის ავტორი?
სიმღერას ჰყავს არაჩვეულებრივი ავტორი, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, თემო საჯაია. მას ეკუთვნის მუსიკაც და ტექსტიც. მე მის პირველ სიმღერას არ ვასრულებ. თემო ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია, მაგრამ რატომღაც სულ უნდა „სცემო“, რომ რაღაც დაგიწეროს. დაახლოებით, 6 წლის წინ, თემომ დაბადების დღეზე მაჩუქა ეს სიმღერა. ზოგადად, დაბადების დღეზე საჩუქრებს არ ველოდები და შეკვეთებს არ ვაძლევ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ ეს იყო ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მე საჩუქარი ამ ფორმით მოვითხოვე. ისე მოხდა, რომ რამდენიმე თვის წინ, მოვაბი თავი ამ სიმღერის გაკეთებას. არანჟირების და ვერსიის ავტორი ზაზა ხუბუკელაშვილია, რისთვისაც დიდი მადლობა მას.
ვინ იმუშავა კლიპზე?
ასევე, ჩემმა არაჩვეულებრივმა მეგობარმა, ალექსანდრე ფურცხვანიძემ იმუშავა კლიპზე. ვიდეოს ნაწილი ზაფხულში გადავიღეთ, ნაწილი – შემოდგომაზე და ამან რაღაც მრავალფეროვნება შემატა კლიპს.
როგორია სამომავლო გეგმები, არ გეგმავ კონცერტის გაკეთებას?
რა თქმა უნდა, ვფიქრობ და აქტიურად ვმუშაობ ამაზე. მყავს ჩემი ბენდი, რომელთან ერთადაც უკვე თითქმის მზად მაქვს საკონცერტო პროგრამა. ვაკეთებ ახალ სიმღერებსაც. მინდა, რომ იყოს როგორც ძველი, ასევე ახალი რეპერტუარი.
ვერიკო ტურაშვილი – შენთან მოვდივარ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვერიკო ტურაშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”